საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მივიღეთ ერთმნიშვნელოვანი მესიჯი – ნათია თურნავა

13
spot_img

ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოვისმინეთ ერთმნიშვნელოვანი მესიჯი საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, რომ ისინი ყოველთვის მხარს უჭერდნენ და კვლავაც განაგრძობენ საქართველოს მხარდაჭერას, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში საქართველოში იგეგმება სსფ-ს მისიის ვიზიტი ე.წ. მეოთხე მუხლის პროგრამის ფარგლებში.

სებ-ის პრეზიდენტის შეფასებით, ვაშინგტონში მიმდინარე სსფ-სა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრები ძალიან კარგი შესაძლებლობაა გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებსა და გამოწვევებზე მოსაზრებების მოსასმენად.

„გვაქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა სსფ-სა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. საქართველოს ეკონომიკა მომზადებული ხვდება ყველა გამოწვევას-სტაბილური მაკროეკონომიკური ფაქტორებით, დაბალი ინფლაციით და მაღალი ეკონომიკური ზრდით. საკმაოდ მყარია ფისკალური პოლიტიკის მდგომარეობა და დაბალია საბიუჯეტო დეფიციტი. ჩვენ ვზრდით საერთაშორისო რეზერვებს, ვატარებთ საკმაოდ ფრთხილ და გონივრულ მონეტარულ პოლიტიკას. ყველა ეს პარამეტრი გამოარჩევს ჩვენს ქვეყანას რეგიონში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ნათია თურნავა უკვე შეხვდა ყაზახეთისა და თურქეთის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებს.

ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და დელეგაციის წევრების შეხვედრა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (FED) წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართება ამერიკული საინვესტიციო კომპანიების – J.P. Morgan-ისა და Bank of America-ს ინვესტორებთან, სადაც ნათია თურნავა პრეზენტაციით წარდგება.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.