მიხეილ ყაველაშვილმა ეუთოს გენერალურ მდივანს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა

13
spot_img

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ეუთოს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრა გამართა, – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და ეუთოს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და აღნიშნული საკითხის ეუთოს დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობაზე. მიხეილ ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობანი გზით მოგვარების პროცესში ეუთოს როლს.

ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო ამ პროცესში საკუთარი წვლილის შეტანას მომავალშიც გააგრძელებს.

მიხეილ ყაველაშვილმა ეუთოს გენერალურ მდივანს საქართველოში ვიზიტისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე მაისურაძე და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ლუკა ეხვაია ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.