ცესკოს თავმჯდომარე ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

11
spot_img

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრა გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და მოადგილე გიორგი შარაბიძემ ეუთოს გენერალურ მდივანსა და დელეგაციის წევრებს  მიაწოდეს ინფორმაცია როგორც გასული წლის არჩევნების, ისე მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების შესახებ.

ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი დანერგვის შესახებ. განიხილეს აღნიშნულ არჩევნებზე არსებული გამოწვევები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობისა და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სამომავლო გეგმების შესახებ. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ეუთო/ოდირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება, რაც ხელს შეუწყობს ერთობლივ ძალისხმევას საარჩევნო პროცესების განვითარებასთან დაკავშირებით.

შეხვედრის მთავარი თემა იყო ასევე 4 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები. გიორგი კალანდარიშვილმა და გიორგი შარაბიძემ დეტალურად ისაუბრეს, როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია როგორც სამართლებრივი, ისე ტექნიკურ-ლოგისტიკური მიმართულებით არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტებით ჩასატარებლად. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე ზოგადად არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები.

შეხვედრის დასასრულს მხარეები მომავალში თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

ცესკოში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში ალექსანდრე მაისურაძე, ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი ტერი ჰაკალა, კონფლიქტების პრევენციის ცენტრის დირექტორი კატერინე ფეარონი და გენერალური მდივნის სპეციალური მრჩეველი ზეინეპ ცელიკელი.