ტრამპის ყურადღება უკრაინა-რუსეთის მშვიდობიანი მოლაპარაკების მიმართ სუსტდება: რას დათმობს ამერიკა პუტინის ომის სამართლიანად დასრულებისათვის – The Washington Post

27
spot_img

აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპის ყურადღება უკრაინა-რუსეთის მშვიდობიანი მოლაპარაკების მიმართ სუსტდება: რას დათმობს ამერიკა პუტინის ომის სამართლიანად დასრულებისათვის“ (ავტორი – დევიდ იგნატიუსი, ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველი). „ტრამპი უკრაინას აგდებულად უყურებს და ზელენსკის მიმართ სიძულვილს არ მალავს. თეთრ სახლი კიევს თავს ახვევს სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე. აშშ-ის პრეზიდენტს ჰგონია, რომ უკრაინა ასეთ „მშვიდობას უსიტყვოდ ჩაყლაპავს“ და არაფერს იტყვის“, – ასეთია პუბლიკაციის დედააზრი.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპის მოქმედება იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა: მან ვერ გამოავლინა რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების სწრაფად დადების უნარი. პრეზიდენტმა უკვე თვითონაც განაცხადა, რომ მზად არის მარცხი აღიაროს და შეწყვიტოს პრობლემის მოგვარების მცდელობები, თუ კიევი და მოსკოვი უახლოეს დროში საომარი მოქმედებების შეჩერებისა და ომის დასრულების თაობაზე ვერ მოილაპარაკებენ. აშკარაა, რომ მსგავსი უკანდახევა დიპლომატიური მეთოდებიდან კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება არამარტო უკრაინისათვის, არამედ მთელი ევროპისათვის.

ერთი მხრივ, ნათლად ჩანს დონალდ ტრამპის მოუთმენლობა: ყველას ახსოვს, რომ იგი მთელი თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა, რომ იოლად გადაწყვეტდა ომის მშვიდობიანად დამთავრების საკითხს, დღეს კი მის პოზიციაში გულგატეხილობის ნოტები გაისმა: „თუ რაღაც მიზეზით რომელიმე მხარე ძალიან გაართულებს სიტუაციას, ჩვენ უბრალოდ ვიტყვით: „თქვენ სულელები ხართ, თქვენ ომი და ადამიანთა სიკვდილი გინდათ, ამიტომ ჩვენ ხელს დავიბანთ და რაც გინდათ, იქ ჰქენით“, თუმცა იმედი მაქვს, რომ ამის გაკეთება არ დაგვჭირდება“.

დონალდ ტრამპის კომენტარები განსაკუთრებით საგანგაშოდ გაჟღერდა სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს გამონათქვამების ფონზე გასულ კვირაში პარიზში გამართული კონფერენციის შემდეგ. ამერიკული დიპლომატიური უწყების მეთაურმა მიანიშნა, რომ თუ სამშვიდობო შეთანხმების დადება ვერ მოხერხდება, პრეზიდენტს შეუძლია თავისი ძალისხმევა შეწყვიტოს და პროცესიდან „გამოვიდეს“: „ბოლოს და ბოლოს, ეს ჩვენი ომი არ არის, ის ჩვენ არ დაგვიწყია“, – ხაზი გაუსვა მარკო რუბიომ. „პრეზიდენტი რამდენიმე დღეში იტყვის, თუ რამდენად შეიძლება სამშვიდობო მიზნის მიღწევა მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით… თუ იგი ჩათვლის, რომ მშვიდობა უკვე შეუძლებელია, თუ [რუსეთი და უკრაინა] იმდენად შორს არიან ერთმანეთისაგან, რომ კონკრეტული შედეგი არ დადგება, მაშინ… ვფიქრობ, პრეზიდენტი განაცხადებს, რომ „მორჩა, ჩვენ დავამთავრეთ“.

თუმცა, მეორე მხრივ, ოპტიმიზმიც არსებობს: ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს ვენსი, რომელიც, საერთოდ, საკმაოდ სკეპტიკურად არის განწყობილი უკრაინის მხარდაჭერასთან მიმართებით და რომელიც არაერთხელ ხელმძღვანელობდა ომის თემაზე თეთრი სახლის პოლიტიკურ დისკუსიებს, ამბობს, რომ „კიევ-მოსკოვის საშინელი დაპირისპირების მშვიდობიანად მოგვარების იმედი საბოლოოდ არ გამქრალა“. სამწუხარო ისაა, რომ გაურკვეველია – მოახდენს თუ არა თეთრი სახლი ისეთ ხისტ ზეწოლას დასუსტებულ უკრაინაზე, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი დათანხმდეს? როდის დადგება ჭეშმარიტების მომენტი – ახლა ან არასოდეს?

თეთრ სახლში დონალდ ტრამპის ყოფნის პირველმა 100-მა დღემ მანიაკალურ ტემპში ჩაიარა: იყო ჰიპერაქტიურობის პერიოდიც და ერთგვარი ყურადღების დეფიციტის სინდრომიც. ამჟამად პრეზიდენტის ყოველდღიური კრიტიკის მიმართულია მიგრანტების, იურიდიული კომპანიების, უნივერსიტეტების, ფედერალური მოსამართლეების, ტარიფების და სხვა ობიექტების მიმართ. იმავდროულად მისი დიპლომატიური ემისრები ცდილობენ მოაგვარონ რუსეთთან, ირანთან და ღაზასთან დაკავშირებული საკითხები. და მაინც, თითქმის შეუმჩნევლად, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის მცდელობები განუხრელად სუსტდება.

აღმოჩნდა, რომ უკრაინი პრობლემა ისეთი არ არის, რომელიც შეიძლება ერთ დღეში მოგვარდეს. საჭიროა დიდი ძალისხმევა, რომელიც ითხოვს, რომ ამერიკულმა დიპლომატიამ სისტემატიურად და მუდმივად განახორციელოს მუდმივ ზეწოლას რუსეთზე.

რამდენიმე წყაროს თანახმად,, რომლებიც მოლაპარაკების მსვლელობის საქმის კურსში არიან, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი სპეცდესპან-სპეცწარმომადგენლები ჩიხში მოექცნენ. „დაბრკოლების ლოდი“ გამოიხატება იმით, რომ კრემლი უარს აცხადებს რაიმე კომპრომისებზე ძირითადი საკითხების მიმართ. აპრილში დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უოტკოფი რამდენჯერმა შეხვდა და საათობით ისაუბრა როგორც ვლადიმერ პუტინთან, იე რუსეთის სხვა ლიდერებთან, თუმცა კონკრეული შედეგების გარეშე. ინსაიდერები ასევე იტყობინებიან, რომ კრემლი უკან არ იხევს თავისი ხისტი მოთხოვნებისაგან უკრაინის ტერიტორიებისა და უსაფრთხოების სფეროში რუსეთის დომინირებისაგან.

რასაკვირველია, სტივ უოტკოფი ცდილობს ისეთი წინადადებები ჩამოაყალიბოს, რომლებიც სამომავლოდ ვლადიმერ პუტინისათვის იქნება მისაღები. 17 აპრილს მან უკრაინელ და ევროპელ ლიდერებს მოლაპარაკების სტრუქტურა, რომელიც მან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს განიხილა. მისი პროექტი შეიცავს რამდენიმე დათმობას მოსკოვისადმი უსაფრთხოების სფეროში, რაც, წყაროების ცნობით, არც უკრაინელებს არ მოეწონათ და არც ევროპელებს. მათი აზრი ასეთია: რუსეთმა არ უნდა გააკონტროლოს ქვეყნის ხუთი რეგიონი (დონბასის ჩათვლით) და რუსეთის ნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, გახდება თუ არა უკრაინა ნატოს წევრი.

სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჟურნალისტებთან ამასწინანდელ შეხვედრაზე ზახი გაუსვა უკრაინისა და რუსეთის პოზიციების დიდ განსხვავებას: „ჩვენ ამჟამად ისეთ ჩარჩოებში ვიმყოფებით, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევს დავინახოთ, თუ რამდენად არის მათი პოზიციები ერთმანეთისაგან დაშორებულები. უკვე არავინ აღარ ამბობს იმას, რომ კონფლიქტი 12 საათის განმავლობაში მოგვარდება… ჩვენთვის ნათელი ხდება, რომ შორს ვართ იმედის მომცემი შედეგებისაგან და არ ვიცით, შევძლებთ თუ არა მოსკოვ-კიევის დაპირისპირების შერბილება-შესუსტებას“.

საეჭვოა, რომ სპეცწარმომადგენელ სტივ უიტკოფის პროექტი უკრაინის პრეზიდენტმა „უსიტყვოდ გადაყლაპოს“. დაბრკოლება არის ის, რომ უკრაინას უსაფრთხოების არავითარი გარანტიები არ აქვს აშშ-ის მხრიდან. როგორც ჩანს, უკრაინა ბედის ანაბარად იქნება მიტოვებული, თუ არ ჩავთვლით ევროპელი მოკავშირეების პრაქტიკულად უმნიშვნელო მხარდაჭერას.

როგორც ევროკავშირის ჩინოვნიკები ამბობენ, სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ მათი სამხედრო და სადაზვერვო ძლიერება ამერიკული დახმარების გარეშე უკრაინის დაცვისათვის მაინცდამაინც დიდად ეფექტური არ იქნება. ევროპელებს არ ჰყავთ იმ რაოდენობის ჯარები და არ აქვთ იმდენი იარაღი, რომელიც საკმარისი იქნებოდა რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის შესაკავებლად. ევროპელები ვერ შეძლებენ ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონტორინგს და საპასუხო ზომების კოორდინირებას მოსკოვის პოტენციური აგრესიის შემთხვევაში.

ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას დაზვერვა წარმოადგენს. მარტში კიევმა გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეძლო აშშ-ის მხრიდან (ზელენსკიზე ზეწოლის მიზნით) სადაზვერვო მონაცემების ექვსდღიანი შეწყვეტის კომპენსირება, მაგრამ უკრაინელი ჩინოვნიკების აღიარებით, ასე კიდევ ერთი კვირა რომ გაგრძლებულიყო, შედეგები კატასტროფული იქნებოდა. პენტაგონის კოსმოსურ-თანამგზავრული დაზვერვის გარეშე, რომლებიც ზემოდან მშვენივრად აკონტროლებენ რუსეთის ტერიტორიას, უკრაინას არ შეუძლია წინასწარ გაიგოს რუსული რაკეტების, თვითმფრინავებისა და დრონების გაშვების ფაქტები, ევროპელებს კი რაიმე მსგავსი ალტერნატივა უბრალოდ არ გააჩნიათ.

დონალდ ტრამპმა უკრაინის მიმართ თავისი აგდებული დამოკიდებულება გამოხატა გასულ კვირაში, როცა უარი განაცხადა კიევისათვის რაკეტების მიყიდვაზე საზენიტო კომპლექს Patriot-ისათვის, რომლებსაც რუსული ბალისტიკური რაკეტებისაგან თავდაცვაში შუცვლელია. აშშ-ის პრეზიდენტმა პირდაპი განუცხადა უკრაინელებს: „ომის [გაგრძელება] ქვეყანასთან, რომელიც თქვენზე 20-ჯერ უფრო დიდია, ძალიან რთულია და ამიტომ იმედი არ გქონდეთ, რომ ვინმე რაკეტებს მოგცემთ“.

დონალდ ტრამპი უკრაინაის ინტერესებს უგულვებელყოფს, იმავდროულად კი დიდ სურვილს და ენთუზიაზმს გამოხატავს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობისა და სავაჭრო თანამშრომლობის გაფართოების მიზნით. თეთრი სახლის წარმომადგენლები სტრატეგიულ თათბირებზე ამტკიცებენ, რომ ამერიკას შეუძლია მილიარდობით დოლარი მოიგოს სამომავლო ინვესტიციების ჩადებით რუსეთის ეკონომიკაში. ამევე თვალსაზრისს იზიარებს ვლადიმერ პუტინის სპეცწარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კირილ დმიტრიევიც, რომელიც იმავდროულად  პირდაპირი ინვესტიციების რუსული ფონდის ხელმძღვანელიც არის. სწორედ იგი მონაწილეობს თავისი ამერიკელი კოლეგის სტივ უიტკოფთან მოლაპარაკებებში. მაგრამ დამოუკიდებელი ანალიტიკოსები ამგვარ ხედვას მომავალი „რუსული ბუმის“ თაობაზე არ ეთანახმებიან.

დონალდ ტრამპის ინტერესის დაკარგვა უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხში აშშ-ის ევროპელ მოკავშირეებსა და აზიის ქვეყნებში ეჭვებს ბადებს. ისინი აღარ არიან დარწმუნებულნი, რომ ამერიკული უსაფრთხოების სისტემა მათაც დაიცავთ. ევროკავშირისათვის ასეთი სიტუაცია მუდმივი ეგზისტენციალური მუქარა ხდება. ევროპა საფრთხეს ხედავს იმაში, თუ კრემლი ამერიკას თავს მოახვევს თავის პირობებს და  უკარნახებს, ომი როგორ უნდა დასრულდეს. სამწუხაროდ, დონალდ ტრამპის მზერა ახლა უფრო მეტად მოსკოვისაკენ არის მიმართული, რომელიც მას თავისი საგანძურის გაყოფას აღუთქვამს.

წყარო