,,პუტინის „ზავი“ შიმშილობის გამოცხადებასა და კანფეტის ფარულად ჭამას ჰგავს”- ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

1
spot_img

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ განაცხადა, რომ არ უნდა ენდონ რუსეთის განცხადებას უკრაინაში სავარაუდო „ცეცხლის შეწყვეტის“ შესახებ. ამის შესახებ მან CNN Prima NEWS-ის ეთერში განაცხადა. 

ლიპავსკიმ გააკრიტიკა რუსეთის მიერ კრემლის მმართველის ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული „სააღდგომო ზავის“ შეუსრულებლობა.

„ეს იგივეა, რაც შიმშილობის გამოცხადება საუზმესა და ლანჩს შორის და ფარულად კანფეტის ჭამა“, – აღნიშნა ჩეხეთის დიპლომატიის ხელმძღვანელმა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ დაბომბვა გრძელდება. უკრაინა იტყობინება, რომ იყო არაერთი დაბომბვა, ამიტომ ამ გზით გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა უფრო მედია ტრიუკია, ვიდრე რეალობა“, – დასძინა მან.

ლიპავსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი უარს ამბობს 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე, რასაც უკრაინა უკვე დათანხმდა.

„პუტინი ამას არასოდეს დათანხმებია და დაიწყო სხვა პირობების წამოყენება. ჩვენ უნდა შევხედოთ რეალობას და არა სიტყვებს“, – განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ თუ რუსეთს „არ სურდა“ ომი, „მას არც დაიწყებდა“.

„ამიტომ, ახლა ერთადერთი შანსია, რომ უკრაინამ შეძლოს საკუთარი თავის წარმატებით დაცვა, რათა რუსეთმა სამხედრო გზით ვერ მიაღწიოს თავის მიზნებს“, – განაცხადა ჩეხმა დიპლომატმა.