გოგა ხაინდრავა ლიეტუვის ხელისუფლებას ღია წერილით მიმართავს

93
spot_img

ქართველი კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა, რომელიც ლიეტუვის მიერ დასანქცირებულთა შორისაა, ლიეტუვის ხელისუფლებას ღია წერილით მიმართავს.

კერძოდ, გოგა ხაინდრავა მიმართავს ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას, პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმინიტეს, საგარეო საქმეთა მინისტრ კიასტუსის ბუდრის და საქართველოში ლიეტუვის ელჩს, დარიუს ვიტკაუსკასს.

როგორც ხაინდრავა აღნიშნავს, მსგავს სამარცხვინო გადაწყვეტილებებს XX-ე საუკუნეში ბოლშევიკური და ნაცისტური რეჟიმები იღებდნენ.

„თანამედროვე ევროპული პორნოლიბერალიზმის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ლიეტუვის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ სანქციები დაუწესა ადამიანს იმ საბაბით, რომ ის არის მშობელი. თქვენ დაასანქცირეთ საქართველოს მოქალაქე გიორგი კობახიძე მხოლოდ იმის გამო, რომ ის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მამა. მსგავს სამარცხვინო გადაწყვეტილებებს XX-ე საუკუნეში ბოლშევიკური და ნაცისტური რეჟიმები იღებდნენ. თუმცა თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე ლიეტუვის იდეოლოგების, ევროკავშირის დეპუტატების, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, მიხეილ გორბაჩოვის თანამებრძოლების − ამხ. იუნკევიჩიანეს და ამხ. კუბილიუსის როლს ЗА ПЕРЕСТРОЙКУ-ს მოძრაობის პროცესში, საბჭოთა კავშირის შენარჩუნების მიზნით, უნდა ვივარაუდოთ, რომ სანქცირებულთა სიაში მოხვედრილი ადამიანების ხვედრი გასაკვირად ლმობიერია. შემდეგი ნაბიჯი, სავარაუდოდ, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შეტანა იქნება, რათა პორნოლიბერალური, ფაშისტური იდეოლოგიისთვის მიუღებელ საქართველოს მოქალაქე მამაკაცებს, აეკრძალოთ შვილების გაჩენის პროცესში მონაწილეობა. რაც შეეხება თქვენი მონა-მორჩილის სანქცირების ფაქტს, თქვენი მხრიდან ეს არის სახელმწიფო თაღლითობის კლასიკური ნიმუში. თქვენ ისე მიგაღებინეს ეს გადაწყვეტილება, რომ არც კი ჩაგახედეს იმ ადამიანის დოსიეში, ვისი დასანქცირებაც გიბრძანეს. რას წარმოადგენს დღეს თქვენი „ევროპული“ მორალი და „სამართალი“, ამას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენში გაეცნობით, რომელიც აუცილებლად დადგება. ამას გპირდებით თქვენც და ევროპულ საზოგადოებასაც.

P.S.: ყურადღება! თუ თქვენ დააპირებთ ჩემი მშობელი მამის დასანქცირებასაც, ჩემი გაჩენისათვის, აუცილებლად შესაბამის ბრძანებაში მიუთითეთ: სანქცირებულია − ПОСМЕРТНО! ვინაიდან ჩემი მამა აწ გარდაცვლილია. P.P.S.: თუ აღმოაჩენთ, რომ პუტინის რუსეთთან ღვინით ვაჭრობის პროცესში, თქვენი მარაგები იწურება და მოსალოდნელია შეფერხება, მზად ვართ, ჩვენი ოჯახის „ხაინდრავას მარანი“-ს კოლექციიდან მოგაწოდოთ ქართული ღვინის საუკეთესო ნიმუშები. ლიეტუველი ხალხისადმი ტრადიციული პატივისცემით. პორნოლიბერალური სანქციების ქვეშ მყოფი ქართველი კინორეჟისორი გიორგი ხაინდრავა“, – ნათქვამია გოგა ხაინდრავას ღია წერილში.

ლიეტუვამ საქართველოს სანქცირებული მოქალაქეების სრული სია 15 აპრილს გამოაქვეყნა. აღნიშნული პირები ლიეტუვამ სხვადასხვა დროს დაასანქცირა.

სანქცირებულ პირებს შორის არიან: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, ვახტანგ გომელაური, ვაჟა სირაძე, კახა კალაძე, თეა წულუკიანი, მამუკა მდინარაძე, დიტო სამხარაძე, გრიგოლ ლილუაშვილი. სანქციები ასევე შეეხო შემდეგ პირებს: მილერი ლაგაზაურს, მირზა კეზევაძეს, შალვა ბედოიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, გოგა ხაინდრავას, შალვა თადუმაძეს, ირაკლი ქარსელაძეს, კახი ბექაურს, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს, ირაკლი რუხაძეს, ლევან მურუსიძეს, ვიქტორ ჯაფარიძეს, ლაშა ჯოხაძეს.