სამაგალითო ურთიერთობა გვაქვს აზერბაიჯანთან, ალიევიც ფიქრობს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ სამაგალითო და გვაქვს რესურსი, ვაჩვენოთ ყველას, როგორი განვითარება შეუძლია ჩვენს რეგიონს -მიხეილ ყაველაშვილი

16
spot_img

სამაგალითო ურთიერთობა გვაქვს აზერბაიჯანთან. ილჰამ ალიევიც ფიქრობს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ სამაგალითო და გვაქვს რესურსი, ვაჩვენოთ ყველას, როგორი განვითარება შეუძლია ჩვენს რეგიონს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა და აზერბაიჯანში ვიზიტი შეაჯამა.

ყაველაშვილმა აზერბაიჯანულ მხარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„წინასწარვე დავაანონსეთ, რომ პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტი უნდა ყოფილიყო ჩვენს რეგიონში. მოხარული ვარ, რომ ეს ვიზიტი შედგა აზერბაიჯანში. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გვქონდა მაღალი დონის შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და მინისტრებთან, დღეს პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და დავასრულეთ მილი-მეჯლისში, ქალბატონ გაფაროვასთან შეხვედრით. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ალბათ თვალშისაცემია, ძალიან მაღალ დონეზეა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, ეკონომიკის, სავაჭრო, ენერგეტიკული, კულტურული საკითხების კუთხით და იმ პოლიტიკური ვითარების ფონზე, რაც დღეს მსოფლიოშია, არსებობს იმისი თქმის საფუძველი, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა სამაგალითოა.

„ყველას შეეძლება, იცოდეს, რას ნიშნავს სტრატეგიულ-პარტნიორული ურთიერთობა, მეგობრობა ორ თანასწორ ქვეყანას შორის, რას ნიშნავს ურთიერთპატივისცემა. ეს ყველაფერი გამოხატული იყო ჩემს ვიზიტთან დაკავშირებით ყველა დონეზე. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და უღრმესი მადლობა გადავუხადო მათ ასეთი თბილი, ნაყოფიერი დახვედრისა და მასპინძლობისთვის. ნამდვილად სამაგალითო ურთიერთობა გვაქვს აზერბაიჯანთან. ვისაუბრეთ რეგიონზე და სომხეთთან დაკავშირებითაც. ვიმედოვნებთ, გრძელვადიან პროცესშიც ყველა დავრწმუნდებით, რომ ჩვენი რეგიონისთვის აუცილებელია გრძელვადიანი სტაბილური, მშვიდობიანი გარემო. ამაში გულწრფელი ვარ. ილჰამ ალიევთან როცა საუბარი მქონდა, ზუსტად იგივენაირად ფიქრობს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ წარმოსაჩენი, სამაგალითო და გვაქვს რესურსი, ვაჩვენოთ ყველას, როგორი ურთიერთობა, განვითარება შეუძლია ჩვენს რეგიონს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.