
დონალდ ტრამპმა მსოფლიოს ტოტალური სავაჭრო ომი გამოუცხადა. მსოფლიო გაოცებულია სანქციების მასშტაბით. საფონდო ინდექსები მთელ მსოფლიოში ვარდება. ტრამპის სიაში მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა მოხვდა. თუმცა, აშშ-ს ვაჭრობის მდივანმა ჰოვარდ ლუტნიკმა განმარტა, რომ მარტო ცალკეულ ქვეყნებზე ტარიფების დაწესებას აზრი არ ექნებოდა. ეს შესაძლებელს გახდიდა სატარიფო შეზღუდვების გვერდის ავლას იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ექნებოდათ დაბალი ტარიფები შეერთებულ შტატებთან ვაჭრობაზე.
ტრამპმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს თავისი გეგმიდან გადახრის მიზეზს: ნავთობის ფასები ეცემა, საპროცენტო განაკვეთები კლებულობს, არ არის ინფლაცია და ტარიფების წყალობით მილიარდობით დოლარი შემოდის აშშ-ს ბიუჯეტში.
მოვლენების განვითარების სამი შესაძლო სცენარი არსებობს:
პირველი სცენარი. ტარიფების გაუქმება. ტრამპი არბილებს პოლიტიკას და დებს გარიგებებს სხვა ქვეყნების ლიდერებთან, ამცირებს ტარიფებს გლობალური ეკონომიკური რეცესიის თავიდან ასაცილებლად.
ამ სცენარს მხარს უჭერს საინვესტიციო ბანკის J.P.Morgan Chase-ის ხელმძღვანელის ჯეიმი დეიმონის განცხადება, რომელშიც ის ხაზს უსვამს გლობალური ეკონომიკური რეცესიის რისკებს, ამერიკული ბიზნესის ზარალს და შიდა ბაზარზე ფასების ზრდას. სხვა მსხვილი საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs-ი აფასებს რეცესიის რისკს 45%-ით. ტრამპი ასევე იმყოფება ზეწოლის ქვეშ აშშ-ს რიგითი მოქალაქეების მხრიდან. ქვეყნის მრავალ ქალაქში ათასობით ადამიანი დონალდ ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ დემონსტრაციებს მართავენ. თუ ტრამპი დათმობს ზეწოლას, ეს ნიშნავს დაბრუნებას საერთაშორისო ვაჭრობის ძველ სისტემაში, გარკვეული კორექტირებით.
მეორე სცენარი. გლობალური ეკონომიკური რეცესია. ტრამპი ინარჩუნებს მტკიცე პოზიციას ტოტალურ სავაჭრო ომში. გლობალური ეკონომიკა რეცესიაში შედის. ნავთობის ფასები ეცემა. მთავარი დარტყმა დიდი სამხრეთის ქვეყნებზე მოდის. აზიის საფონდო ბირჟები უკვე აჩვენებენ ინდექსის კლების ისეთ დონეებს, რაც არ ყოფილა 1997 წლის შემდეგ.
ჩინეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ეკონომიკა ორიენტირებულია ექსპორტზე აშშ-სა და ევროპაში. ეს ქვეყნები ვერ ანაზღაურებენ ამერიკული ბაზრის დანაკარგს. აზიის ქვეყნებში მოსალოდნელია წარმოების მკვეთრი ვარდნა, უმუშევრობის ზრდა და სოციალური არასტაბილურობა.
რუსეთი, რომელიც ეკონომიკურად არის დამოკიდებული ჩინეთზე და ნავთობის ფასებზე, ასევე დაზარალდება. რუსული ნავთობი Urals უკვე დაეცა 52 დოლარამდე ბარელზე და აგრძელებს ვარდნას.
აშშ-სთვის ტოტალური სავაჭრო ომი გამოიწვევს სამომხმარებლო საქონელზე ფასების ზრდას. ამერიკულ საფონდო ბირჟებზე აქციების დაცემამ უკვე გამოიწვია დაახლოებით 11 ტრილიონი დოლარის ზარალი.
ამავდროულად, ამერიკული წარმოება იმპორტის ჩანაცვლებით მოგებაში იქნება. მცირე ბიზნესი მიიღებს იმპულსს განვითარებისთვის იაფი იმპორტისაგან გამონთავისუფლებულ ბაზარზე.
ტოტალურმა სავაჭრო ომმა შეიძლება გამოიწვიოს მსოფლიოში დაძაბულობის ზრდა, ახალი გეოპოლიტიკური კონფლიქტები და ომები. ტაივანის გამო აშშ-სა და ჩინეთს შორის სამხედრო კონფლიქტი შესაძლოა. ჩინეთმა მიიღო დონალდ ტრამპის გამოწვევა, დააწესა 34%-იანი საპასუხო ტარიფები ამერიკულ საქონელზე და მზად არის აწარმოოს სავაჭრო ომი, სანამ არ მოიგებს მას.
მესამე სცენარი. “ცივი ომი 2”. თუ ეს სცენარი განხორციელდება, დონალდ ტრამპი აშშ-ს მოკავშირეებთან დათმობებზე წავა. ტოტალური სავაჭრო ომი მსოფლიოს გაყოფს ქვეყნების ორ კონფლიქტურ ბლოკად – აშშ-ს და ჩინეთის მოკავშირეებად. ჩამოყალიბდება მსოფლიოში გავლენის სფეროების დაყოფის ბიპოლარული მოდელი.
ილონ მასკის წინადადება „ნულოვანი ტარიფების“ შესახებ ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის მხარს უჭერს ამ სცენარს. ეს სცენარი ნიშნავს “ცივი ომის 2-ის” დაწყებას აშშ-სა და ჩინეთს შორის გლობალური ლიდერებისთვის. სავაჭრო ომებს მოჰყვება ომები, კონფლიქტები და სახელმწიფო გადატრიალებები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, როგორც ეს პირველი ცივი ომის დროს იყო.
ავთანდილ წულაძე, პოლიტოლოგი