
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე საზოგადოებას, მათ შორის საგამოძიებო სტრუქტურებს რა ვიდეომასალაც ნანახი აქვთ, არ არის დედანი, ის არის დადგმული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ტელეპროექტის, „ვიდეოპატრულის“ ყოფილმა ჟურნალისტმა, გოჩა მუკბანიანმა საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერი ექსპერტიზით დადგენილია, რომ ვიდეოკადრები მონტაჟი იყო.
„საზოგადოებას, ყველას, მათ შორის საგამოძიებო სტრუქტურებს რა ვიდეომასალაც ნანახი აქვთ, არ არის დედანი ვიდეომასალა. დედანი ვიდეომასალა, რაც მეც, აწ გარდაცვლილ ვაწაძეს, გურამ დონაძეს, ასევე გარდაცვლილ ზურა მიქაძეს მათ მანქანაში ნანახი გვაქვს, შემდეგ არავის არასდროს უნახავს. ცხრაჯერ გადაახვიეს ეს მასალა ვიდეოკამერაშივე. ვიდეომასალა, რომელიც ყველასთვის ცნობილია, არის პირველადი მასალიდან, შემდეგ უკვე დავალებული, ახლიდან დადგმული, გადაღების დროს ამოღებული რაღაც კომბინაცია. მათ შორის ვერც ბრალდების მხარის, პროკურატურის და ვერც დონაძის დიდი სურვილის მიუხედავად, ვერასდროს ვერცერთმა ექსპერტიზამ უწყვეტი კადრები ვერ დაამტკიცა, რადგან ის იყო მონტაჟი. ნებისმიერი ექსპერტიზით დადგენილია ეს“, – განაცხადა გოჩა მუკბანიანმა.
ამასთან, გოჩა მუკბანიანის თქმით, „ბუტა რობაქიძის საქმეში არის ორი გასროლა ბაშალეიშვილის იარაღიდან“.
„სინამდვილეში, ერთი გასროლა მოხდა, რომელიც იყო საბედისწერო, მეორე გასროლა უკვე დადგმის დროს მოხდა“, – განაცხადა გოჩა მუკბანიანმა.