“უკრაინა დეზერტირობას ებრძვის: რატომ ბრუნდება ფრონტის წინა ხაზზე ჯარისკაცების მხოლოდ მცირე რაოდენობა?”-Berliner Zeitung

87
spot_img

გერმანულ გაზეთ „ბერლინერ ცაითუნგში“ (Berliner Zeitung) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინა დეზერტირობას ებრძვის: რატომ ბრუნდება ფრონტის წინა ხაზზე ჯარისკაცების მხოლოდ მცირე რაოდენობა?“ (ავტორი – ნიკოლას ბუტილინი). „კანონის თანახმად, თუ დეზერტირები სამხედრო ნაწილებში დაბრუნდებიან, მათ ჩადენილი დანაშაული ეპატიებათ, მაგრამ ფრონტზე დაბრუნებულთა რაოდენობა ძალიან მცირეა“, –  აღნიშნულია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციის შემცირებულ ვერსიას:

უკრაინის არმია სულ უფრო მეტად აწყდება მასშტაბურ პრობლემას: რაც უფრო ხშირად ლაპარაკობენ ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაზე, 1200 კილომეტრიან ფრონტის ხაზიდან ჯარისკაცები მით უფრო მზარდი ტემპით გარბიან – ანუ დეზერტირების რაოდენობა სწრაფად მატულობს. კრიზისის გასამკლავებლად უკრაინის პარლამენტი განიხილავს ჯარისკაცების მიერ ჩადენილი დანაშაულის (დეზერტირობის) პატიების ვადის გაგრძელებას, რათა მათ დაუსჯელად შეეძლოთ სამხედრო ნაწილში დაბრუნება. მაგრამ სამხედრო ხელმძღვანელობისათვის საკვანძო საკითხად რჩება ის, თუ რატომ ბრუნდება უკან ჯარისკაცთა მხოლოდ მცირე ნაწილი.

უკრაინის პარლამენტმა ჯერ კიდევ 2024 წლის სექტემბერში მიიღო კანონი, რომლის თანახმად, გაქცეულ დეზერტირებს უკან ნებაყოფლობით დაბრუნებისას დანაშაული არ ეთვლებოდათ, მაგრამ კანონი კანონად დარჩა, დეზერტირები კი უკან არ ბრუნდებოდნენ.  როგორც რომან კოსტენკო, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების საქმეთა კომიტეტის მდივანი ამბობს, „ამნისტიის შედეგები უფრო უარესია, ვიდრე მოსალოდნელი იყო“.

რატომ გარბიან ჯარისკაცები ფრონტიდან?

უკრაინის ხელისუფლება დეზერტირების ზუსტ სტატისტიკას არ აქვეყნებს, მაგრამ გენერალური პროკურატურის მონაცემებით, საგანგაშო სურათი იხატება: თუ 2024 წლის ოქტომბერში დეზერტირობის 1196 საქმე იქნა შეწყვეტილი (ამნისტიის საფუძველზე), დეკემბერში მხოლოდ 638, ანუ სამხედრო ნაწილებში უკან დაბრუნების ფაქტები შემცირდა, თანაც ამნისტიის ვადების გაგრძელების მიუხედავად. პარალელურად მკვეთრად გაიზარდა გამოძიების რაოდენობა დეზერტირობის ახალ ფაქტებზე: 7621-დან ოქტომბერში 15 500-მდე დეკემბერში. უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, ომის დაწყებიდან თავიანთი ნაწილები თვითნებურად დატოვა 100 ათასზე მეტმა ჯარისკაცმა. მართალია, მათგან გარკვეული რაოდენობა უკან დაბრუნდა, მაგრამ სიტუაცია მაინც მძიმეა. ოფიციალური მონაცემებით, უკრაინის სასამართლო ორგანოები ამჟამად იხილავენ „სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვების“ 80 ათასზე მეტ ფაქტს.

მიზეზები სხვადასხვანაირია: დეზერტირებს, რომლებსაც „ბერლინერ ცაიტუნგის“ ჟურნალისტები ესაუბრნენ, ძირითად მიზეზად უკრაინის არმიაში როტაციის არარსებობას ასახელებენ. მათი თქმით, ბევრი ჯარისკაცი თვეობით განუწყვეტლად იბრძვის ფრონტის წინა ხაზზე და ამ დროს მცირევადიანი შვებულების მიღების არანაირი პერსპექტივა არ აქვთ.

გარდა ამისა, უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესის ატმოსფეროა გაბატონებული. როგორც 68-ე ბრიგადის ერთ-ერთმა ოფიცერმა გაზეთის ჟურნალისტებს კონფიდენციალურად  განუცხადა, „მიჯობს ექვსი წელი ციხეში გავატარო, ვიდრე წინა ხაზზე მოვკვდე“. ჯარისკაცებს შორის იმედგაცრუებას იწვევს არმიაში გამეფებული უყაირათობა და კორუფცია. კიდევ ერთი მაგალითი: „ბერლინერ ცაიტუნგისათვის“ მიცემულ ინტერვიუში უკრაინის არმიის სამხედრო მოსამსახურე, მწერალი სტანისლავ ასეევი ღრმად აანალიზებს სოციალურ კონტრაქტს და მისი პირობების უსამართლობას აკრიტიკებს.

დეზერტირები: ზელენსკის მთავრობა გამოსავალს ეძებს

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ ჯარიდან გაქცეული სამხედრო მოსამსახურეები ისევ თავის ნაწილებს დაუბრუნდებიან, მაგრამ ექსპერტები სიფრთხილისაკენ მოუწოდებენ: გადაჭარბებულმა თავდაჯერებამ ვაითუ მანკიერი წრის შექმნა გამოიწვიოს. ვერხოვნა რადის (პარლამენტის) აპარატის მთავარმა სამეცნიერო-საექსპერტო სამმართველომ დეპუტატები უკვე გააფრთხილა, რომ იმ არათანმიმდევრულმა ზომებმა, რომლებსაც სამართალდამცველი ორგანოები იღებენ, შეიძლება სამხედრო დისციპლინა კიდევ უფრო მეტად დააქვეითონ. კიდევ ერთი მომენტი: უკან დაბრუნებული დეზერტირები უკვე ნაკლები ნდობით სარგებლობენ როგორც თანამებრძოლებს, ასევე მეთაურ ოფიცრებს შორის, ამიტომ მათ ფრონტის ხაზზე კი არ გზავნიან, არამედ სარეზერვო ნაწილებში გადაჰყავთ.

პირველად უკრაინის ისტორიაში დეზერტირობა ყველაზე გავრცელებულ დანაშაულად იქცა, რომელმაც რაოდენობით ქურდობა და თაღლითობა უკან ჩამოიტოვა. არაოფიციალური მონაცემებით, 2024 წელს დარეგისტრირებული იქნა თითქმის 89,5 ათასი შემთხვევა, რაც სამჯერ მეტია წინა წელთან შედარებით. რა თქმა უნდა, არარეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა ბევრად მეტი იქნება.

ამასობაში უკრაინის პარლამენტი შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს ეძებს. უსაფრთხოების ექსპერტი ვადიმ კოსტენკოს თქმით, იმ ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელზედაც თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი მუშაობენ, ივნისამდე დეზერტირებულ ჯარისკაცებს შეუძლიათ სამხედრო ნაწილებში დაუსჯელად დაბრუნდნენ, თუმცა კანონპროექტზე მუშაობა ჭიანურდება და სანამ ის პარლამენტში მოხვდება, საკმაო დრო გაივლის.

უკრაინის არმია ძალიან ზარალდება პირადი შემადგენლობის არასაკმარისი რაოდენობით, მობილიზაცია კი ნელი ტემპით მიმდინარეობს. ვადიმ კოსტენკო მწარე სინამდვილეს აღიარებს: „წინა ამნისტიას დეზერტირების რაოდენობა არ შეუმცირებია, ყველაფერი პირიქით მოხდა – ჯარიდან გაქცევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო