
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი სოზარ სუბარი დაინტერესდა, განიხილეს თუ არა, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი კომისიის ფარგლებში, ომის მიმდინარეობისას, პირდაპირ ეთერში თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც სუბარის თქმით, „მოწინააღმდეგის ცეცხლის პირდაპირი კორექტირება“ იყო.
როგორ სუბარმა კომისიის სხდომაზე აღნიშნა, ომის დროს მოწინააღმდეგეს ინფორმაცია პირდაპირ ეთერში მიეწოდებოდა.
„კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა მაშინ ტელევიზიებში. პრაქტიკულად, პირდაპირ ეთერში მიდიოდა გადაცემა, რა წარმატებას აღწევს ქართული ჯარი, დავიბრუნეთ ეს სოფელი, ის სოფელი, ის დასახლებული პუნქტი, ეს სიმაღლე ავიღეთ. მოსახლეობა იმედიანად იყო. სატელევიზიო გადაცემები, უშიშროების საბჭოს პირდაპირი ეთერები ხომ არ ყოფილა განხილული კომისიაზე, ხომ არ იყო იმის ნიშანი, რომ პირდაპირ ვეუბნებოდით მტერს, რას ვაკეთებდით, სად იყო ჯარი განლაგებული, რას ვბომბავდით, საით მივდიოდით – ინფორმაციის გადაცემა მოწინააღმდეგეზე ხდებოდა პირდაპირ ეთერში. ერთ ფაქტს გავიხსენებ – 31-ე ქარხანასთან ვცხოვრობდი. რუსული თვითმფრინავი შემოფრინდა, რომელმაც ერთი ბომბი ისროლა და ეს ბომბი ესროლა საავიაციო ქარხნის ასაფრენ ზოლს. გამოვიდა კახა-ალექსანდრე ლომაია, უშიშროების საბჭოს მდივანი იყო მაშინ და პირდაპირ ეთერში დასცინა რუსებს, რომ სამიზნეები არ უვარგათო, 20 მეტრი მარჯვნივ თუ მარცხნივ ააცილესო. ნახევარ საათში შემოფრინდა თვითმფრინავი და ის ზოლი ააფეთქა. ეს პირდაპირი კორექტირება მოწინააღმდეგის ცეცხლის განიხილეთ თუ არა კომისიის სხდომაზე? თქვენი აზრით, როგორც კომისიის ხელმძღვანელის, არის თუ არა დასჯადი ასეთი ღალატი პირდაპირ ეთერში?“- მიმართა სოზარ სუბარმა პაატა დავითაიას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით კომისიას ხელმძღვანელობდა.
ამასთან, როგორც სუბარმა აღნიშნა, აგვისტოს ომის დროს მოსახლეობას არა ხელისუფლება, არამედ მოქალაქეები აფრთხილებდნენ.
„ამ დღეებში, ჩვენ მოწვეული გვყავს არაერთი ადამიანი, ექსპერტები, თანამდებობის პირები, ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებსაც არაერთხელ უთქვამთ და ეჭვი მაქვს, აქაც იმავეს იტყვიან, რომ როდესაც ოკუპაცია უკვე დაწყებული იყო, როგორც ცხინვალის რეგიონში რუსეთის ჯარი უკვე შემოსული იყო გვირაბიდან, ისევე კოდორის ხეობაზე უკვე შეტევა დაწყებული იყო და ჩვენი ჯარი ტოვებდა კოდორის ხეობას, მოსახლეობის გაფრთხილება არ მომხდარა. მსხვერპლის რაოდენობა 80-მდე სახელდება, 80-მდე კაცი იმის შემდგომ არის გარდაცვლილი, უფრო სწორად, მოკლული მხოლოდ იმიტომ, რომ მათი სათანადო და დროული გაფრთხილება არ მოხდა. მსხვერპლი ნაკლები იყო, იმიტომ, რომ ადამიანებმა თავის თავზე აიღეს ხელისუფლების ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, რომ თვითონ აფრთხილებდნენ ადამიანებს, მათ შორის, ერთ-ერთი მე ვიყავი, რომელიც აქტიურად ვრეკავდი განსაკუთრებით კოდორის ხეობაში და ლიახვის ხეობაშიც. ვეუბნებოდი ადამიანებს, რომ საფრთხე არის ძალიან რეალური და შეიძლება ითქვას, რომ ბევრი ადამიანი ამის გამო გადარჩა. თუ გიცდიათ კომისიის სხდომაზე ამ საკითხის წამოწევა და პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა, რატომ არ მოხდა ამ ადამიანების გაფრთხილება, რატომ არ არსებობდა ევაკუაციის გეგმა, მით უმეტეს, ვიცით, რომ თითქმის ერთი თვით ადრე იყო დაწყებული ცხინვალიდან ქალებისა და ბავშვების გაყვანა, ანუ რაღაც გეგმა სავარაუდოდ არსებობდა. თუ ეს გეგმა არსებობდა, რატომ არ იცოდა ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლებამ და თუ იცოდა, რატომ არ იღებდა შესაბამის ზომებს, თუ იმსჯელეთ?“, – მიმართა სუბარმა დავითაიას.
ცნობისთვის, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მეხუთე სხდომაზე 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი იხილება. სხდომაზე უკვე მოუსმინეს პაატა დავითაიასა და მიხეილ ქარელს. ამ წუთებში კომისია გრიგოლ ვაშაძეს უსმენს. სხდომაზე დაბარებული არიან ასევე, ირაკლი ოქრუაშვილი, თამაზ ბესტაევი და ზურაბ ნოღაიდელი.