
“მედიაგარემო 2024, ბრძოლა ნდობისა და თავისუფლებისთვის”, – ასე ჰქვია კვლევას, რომლის პრეზენტაციაც ორგანიზაცია “მედიახმამ” გამართა. ღონისძიებას გერმანიის ელჩი დაესწრო.
“ქართულ ოცნებაში” დღეს ითქვა, რომ გერმანიის საელჩომ მედიის კვლევა “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ წევს დაუკვეთა. “მედიახმის” ერთ-ერთი დამფუძნებელი “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი მარიკა გერსამიაა.
პასუხად ელჩი ადასტურებს, რომ კვლევა გერმანული ფონდებიდან დაფინანსდა, თუმცა პეტერ ფიშერის განცხადებით, ორგანიზაციის დამფუძნებლის წარსულს მისთვის მნიშვნელობა არ აქვს.
“კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მივიღეთ მოწვევა, ეს არ არის ჩვენი ფონდი, ეს გერმანული პოლიტიკური ფონდია. ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს ამ კვლევას. რაც შეეხება კვლევის ავტორების პოლიტიკურ კუთვნილებას – ეს მე არ ვიცი და ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ეს კვლევითი ნაშრომია და ეს თავად უნდა განსაჯოთ”, – განაცხადა ერნსტ პეტერ ფიშერმა.
კვლევის პრეზენტაციაზე გერმანიის ელჩის დასწრების ფაქტს, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი გამოეხმაურა.
“როდესაც ხარ ან იყავი აფილირებული პოლიტიკურ პარტიებთან და შენი შემდგომი საქმიანობა დაკავშირებული იყო ამავე პროცესებთან, მინიმუმ, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი შეიძლება არსებობდეს ამ კვლევის ობიექტურობასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება გერმანიის ელჩის აქტიურობას, რა თქმა უნდა, მისი გადასაწყვეტია სად წავა, რას დაესწრება, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს და რა შეფასებებს გააკეთებს, მაგრამ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ჩვენთვის, სამწუხარო იქნება, თუ წლების წინ, გერმანიის ელჩის სტატუსით ჩამოსული ადამიანი, გარკვეული პერიოდის შემდეგ, საქართველოს დატოვებს როგორც გერმანიის სახელმწიფოს ელჩი, არამედ “ნაციონალური მოძრაობის” ელჩი”, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.