
„დონალდ ტრამპს არ სურს ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნის შესრულება იარაღის მიწოდების თაობაზე, ევროპის საწყობები კი უკვე ცარიელია. უკრაინას განსაკუთრებით უნდა საზენიტო რაკეტები“, – ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „თაიმსში“ (The Times) დაბეჭდილ სტატიაში სათაურით „გადასცემს თუ არა აშშ ან ევროპა უკრაინას დამატებით Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს?“ (ავტორი – ჯორჯ გრილზი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
დონალდ ტრამპთან 60-წუთიანი სატელეფონო საუბრის დროს ვოლოდიმირ ზელენსკი დაბეჯითებით ხაზს უსვამდა აშშ-სადმი კეთილგანწყობას და ემადლიერებოდა დახმარების გაწევის გამო. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი ლიდერი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში არასასიამოვნო სკანდალის სუბიექტი გახდა, იგი რისკზე წავიდა და აშშ-ის პრეზიდენტს დამატებით სთხოვა – Patriot-ები მჭირდება და თუ რეზერვში გაქვთ, იქნებ მომცეთო.
Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი 800 მილიონი გირვანქა სტერლინგი ღირს და აშშ-ის არმიის შეიარაღებაში 1980-იანი წლებიდან შედის. დღეისათვის „პეტრიოტი“ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურ და საიმედო საშუალებას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ „პეტრიოტი“ ალაბამას შტატში დააპროექტეს ნახევარ საუკუნეზე მეტის ხნის წინათ, ამ კომპლექსმა დაამტკიცა თავისი შეუცვლელობა შეიარაღების ყველაზე თანამედროვე სისტემებთან შედარებით.
როგორც კი 2023 წელს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტრაბახი დაიწყო თავისი „ჩამოუგდებელი“ რაკეტებით – „კინჟალებით“ („ხანჯლებით“), „პეტრიოტის“ ბატარეებმა მათი ჩამოგდება დაიწყეს.
კრემლის მტკიცებით, რუსეთის ჯარებმა ამერიკული „პეტრიოტების“ რამდენიმე დანადგარი გაანადგურეს, მაგრამ რადგანაც უკრაინა სატყუარებს იყენებს – რეზინის გაბერილ მაკეტებს, რუსების მტკიცება, დიდი ალბათობით, სინამდვილეს არ შეესაბამება.
არსებული შეფასებებით, ვოლოდიმირ ზელენსკის ამჟამად „პეტრიოტის“ 6 გასაშვები მოძრავი დანადგარი კიდევ აქვს, რომლებიც მუდმივად ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიან, რათა რუსების სამიზნეში არ მოხვდნენ. „პეტრიოტის“ ერთი რაკეტა სამი მილიონი გირვანქა სტერლინგი ღირს, ამიტომ მათი გამოყენება ძალიან ეკონომიურად ხდება და მხოლოდ ბალისტიკური რაკეტების გასანადგურებლად სარგებლობენ. უკრაინის სხვა ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები კი ფრთოსან რაკეტებს და დრონებს ებრძვიან.
როგორც ცნობილი გახდა, ვოლოდიმირ ზელენსკი დამატებით „პეტრიოტის“ კიდევ 10-12 გამშვებ დანადგარს ითხოვს. მართალია, ოვალურ კაბინეტში მომხდარი შეხლა-შემოხლის შემდეგ ზელენსკიმ პატიება ითხოვა და თითქოსდა პრეზიდენტები შერიგდნენ, დონალდ ტრამპმა მაინც უარი უთხრა თხოვნის შესრულებაზე, თუმცა აღნიშნა, რომ დაეხმარება „პეტრიოტის“ მოძიებაში, თუ ის ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანას აქვს და არ იყენებს.
მაგრამ ევროპის ქვეყნებსაც შეუძლიათ უარი თქვან – მათ უკვე მიაწოდეს უკრაინას რამდენიმე „პეტრიოტი“ საკუთარი არმიების შეიარაღებიდან, ანუ თვითონ მოიკლეს და კიევს მისცეს. თუ კიდევ ასე მოიქცევიან, მაშინ თავიანთ სამხედრო ძლიერებას შეასუსტებენ.
აშშ-მა უკვე მიაწოდა უკრაინას „პეტრიოტის“ ორი კომპლექსი. ასევე გააკეთა გერმანიამ, რუმინეთმა და ნიდერლანდებმა. „პეტრიოტები“ აქვთ საბერძნეთს, ესპანეთს, პოლონეთს და შვეიცარიას. დიდ ბრიტანეთს სახმელეთო ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებები საკუთარი ტერიტორიისთვისაც კი არ აქვს და უკრაინას ვერაფერს მისცემს.
იმის გათვალისწინებით, რომ ევროპა რუსული ბალისტიკური რაკეტებისაგან სუსტად არის დაცული, გერმანიამ წამოაყენა ინიციატივა „ევროპული ციური ფარის“ შესახებ, რომელიც სახმელეთო ბაზირების ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებების შექმნას ითვალისწინებს, მაგრამ ამას წლები დაჭირდება – კომპლექსების აწყობა ძალიან რთულია.
მასაჩუსესტის შტატში არის კომპანია Raytheon-ის ქარხანა, რომელიც „პეტრიოტების“ გამშვები კომპლექსების დამზადებით არის დაკავებული და რომელიც, სამწუხაროდ, შეკვეთების შესრულებას ვერ ასწრებს. აშშ-ზე რომ არ იყოს მუდმივად დამოკიდებული, გერმანიამ გააფორმა სამმილიარდიანი კონტრაქტი ისრაელთან „პეტრიოტის“ მსგავსი კომპლექსის – Arrow 3-ის („ისარი“) შეძენის თაობაზე.
თუ აშშ საბოლოოდ უარს იტყვის უკრაინისათვის „პეტრიოტის“ გამშვები დანადგარების დამატებით მიწოდებაზე, ევროპა კი ამერიკას მიბაძავს და კიევს უარით გაისტუმრებს, მაშინ ვოლოდიმირ ზელენსკის პრიორტეტეული ამოცანა იქნება მის ჯარში უკვე არსებული „პეტრიოტებისათვის“ საჭირო რაკეტების შეძენა. ასევე იგი უნდა გაფრთხილდეს, რომ გამშვები დანადგარები რუსებმა არ გაუნადგურონ (ან დააზიანონ).
გერმანიას ასევე სურს „პეტრიოტის“ რაკეტები თვითონვე დაამზადოს ბავარიის ქარხნებში, მაგრამ ჯერ-ჯერობით უშედეგოდ. დღეისათვის „პეტრიოტის“ რაკეტებს მხოლოდ აშშ-ის არკანზასში არსებული კომპანია Lockheed Martin-ის ქარხანა უშვებს, წელიწადში დაახლოებით 550 ცალს.
დონალდ ტრამპს შეუძლია თქვას, რომ ამერიკული რაკეტები მხოლოდ უკრაინას კი არ ჭირდება, არამედ სხვებსაც (მაგალითად, ისრაელს და ტაივანს), რომლებსაც თავიანთ შეიარაღებაში ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები აქვთ.
თუ ვოლოდიმირ ზელენსკის იმედი ჰქონდა, რომ დონალდ ტრამპიც იმასვე გაიმეორებდა, რაც ადრე ჯო ბაიდენმა თქვა – უფასოდ „დავეხმარებით იმდენს, რამდენიც საჭირო იქნებაო“ – იგი, ალბათ, უკმაყოფილო დარჩება. აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ თქვა: „თუ უკრაინას ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის კომპლექსები სურს, დაე, მან იყიდოს, ან მის ნაცვლად ფული სხვამ გადაიხადოს“.
მოამზადა სიმონ კილაძემ