
კანადას შეუძლია, აშშ-თან სავაჭრო ომის მოგება, – ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი, მელანი ჯოლი აცხადებს.
კანადის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა „ბიბისისთან“ საუბრისას განაცხადა, რომ კანადას შეუძლია იმ სავაჭრო ომის მოგება, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების შედეგად დაიწყო.
„ჩვენ ვართ აშშ-ის უდიდესი მომხმარებელი. ჩვენ ამერიკელებისგან უფრო მეტს ვყიდულობთ, ვიდრე ჩინეთი, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი ერთად“, – განაცხადა ჯოლიმ.
მისივე თქმით, ტარიფებისგან ტკივილს არა მხოლოდ კანადელები იგრძნობენ, არამედ „მშრომელი ამერიკელებიც“.
ამასთან, ჯოლიმ განაცხადა, რომ შესაძლოა, სწორედ ამერიკელებმა მოითხოვონ სავაჭრო ომის დასრულება.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ საბოლოოდ ერთადერთი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, დაგვეხმარონ ამ ომის მოგებაში, არიან თავად ამერიკელები, რადგან ისინი არიან ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ შეტყობინება გაუგზავნონ თავიანთ კანონმდებლებს. ჩვენ შეგვიძლია, მოვიგოთ ამერიკელების გულები და გონება, რადგან საბოლოოდ ისინი არიან ის ადამიანები, რომლებიც იხდიან ამისთვის“, – აღნიშნა ჯოლიმ.
ჯოლის თქმით, როგორც ამერიკული, ასევე კანადური სამუშაო ადგილები ტარიფების გამო საფრთხის ქვეშაა.