
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელი ღაზის სექტორის ნაწილის ანექსირებას მოახდენს, თუ „ჰამასი“ დარჩენილ მძევლებს არ გაათავისუფლებს.
ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, მან ისრაელის თავდაცვის ძალებს დაავალა ღაზას სექტორის დამატებითი ტერიტორიების დაკავება, ამავდროულად ამ ტერიტორიებზე პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა.
„თუ „ჰამასის“ ტერორისტული ორგანიზაცია განაგრძობს მძევლების გათავისუფლებაზე უარის თქმას, ისრაელის თავდაცვის ძალებს დავავალე დამატებითი ტერიტორიების დაკავება, მოსახლეობის ევაკუაცია და ღაზის გარშემო უსაფრთხოების ზონის გაფართოება ისრაელის თემებისა და ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცების დასაცავად, ისრაელის მიერ ამ ტერიტორიის მუდმივი კონტროლის გზით. ვიდრე „ჰამასი“ უარზეა, ის დაკარგავს უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას, რომელიც ისრაელს დაემატება“, – აღნიშნა ისრაელ კაცმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი გააძლიერებს „ჰამასის“ წინააღმდეგ თავის სამხედრო კამპანიას, მათ შორის სახმელეთო მანევრის გაფართოების გზით, ვიდრე მძევლები არ გათავისუფლდებიან და „ჰამასი“ არ დამარცხდება.