“კურსკის შვერილის ოპერაცია – უკრაინის ყველაზე ძვირადღირებული შეცდომა”-The Daily Telegraph

32
spot_img

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „კურსკის შვერილის ოპერაცია – უკრაინის ყველაზე ძვირადღირებული შეცდომა“ (ავტორი – რიჩარდ კემპი, სამხედრო მიმომხილველი, გადამდგარი პოლკოვნიკი). „2023 წლის კონტრშეტევის კრახის შემდეგ დასავლეთის იმედები, რომ უკრაინა რუსეთზე გამარჯვებას შეძლებდა, მკვეთრად შემცირდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რევანშის მიზნით, კურსკის ოლქის ოკუპაცია განიზრახა და ამით კიდევ ერთხელ შეცდა“, – ასეთია პუბლიკაციის დედააზრი.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

რა თქმა უნდა, ის რაც კურსკის ოლქში მოხდა – როცა უკრაინის ჯარები საშინელ დღეში ჩავარდნენ და კიევი იძულებული გახდა ისინი უკან გაეყვანა – ფრიად არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ მას აქვს მეორე მხარეც – მატულობს ალბათობა იმისა, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკება მალე დაიწყება. ვლადიმერ პუტინს რომ უკრაინის არმია კურსკის ოლქიდან არ გაეძევებინა, კრემლი საეჭვოა მოლაპარაკებაზე დათანხმებულიყო. იგი, ალბათ, მოითხოვდა, რომ კიევის ჯარი მისი ტერიტორიიდან გასულიყო. რუსეთის ტერიტორიიდან ნებაყოფლობითი გასვლა, რომელიც შარშან აგვისტოში ბრძოლით იქნა დაკავებული, ვოლოდიმირ ზელენსკისათვის დიდი პოლიტიკური პრობლემა იქნებოდა, მით უმეტეს, იმ სიტუაციაში, როცა იძულებულია მტერს საკუთარი ქვეყნის ტერიტორია (ახლა უკვე დონბასიც) დაუთმოს.

ვლადიმერ პუტინი ამჟამად მდგომარეობის ბატონ-პატრონია. თავიდანვე ბევრისთვის გასაგები იყო, რომ კურსკის ოლქში შეჭრის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი – რუსეთზე ზეწოლა – განუხორციელებელი იყო და მას უკრაინა ვერასოდეს ვერ მიაღწევდა.

უკრაინის არმიის მთავარსარდალი ალექსანდრე სირსკი ამას მიხვდა და ამიტომ ბოლო დროს სულ ჯარისკაცთა სიცოცხლის შენარჩუნებაზე ლაპარაკობდა და არა კურსკის ოლქის სუჯას რაიონში პოზიციების დაცვაზე.

კიევში ასევე იმედოვნებდნენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ჯარის შეყვანით ისინი ვლადიმერ პუტინს აიძულებდნენ დონბასიდან კურსკში მნიშვნელოვანი სამხედრო ძალები გადაესროლათ მოწინააღმდეგის წინსვლის შესაჩერებლად, რითაც დონბასში რუსების შეტევა შენელდებოდა. მაგრამ ამ იდეამ არ იმუშავა. ამის ნაცვლად რუსეთმა უკრაინის არმიის „კურსკის შვერილს“ (1943 წლის ტერმინოლოგიით) საკმაოდ შეზღუდული ძალებით შეუტია, თან ჩრდილოკორეელები დაიხმარა (თუმცა ნაკლები წარმატებით). ამასობაში უკრაინელებსაც გაუჭირდათ – მათ სარეზერვო ძალები თითქმის აღარ დარჩათ, თანაც ისედაც არ ჰყოფნიდათ პირადი შემადგენლობა. კიევი იძულებული გახდა დონბასის ფრონტზე თვითონ მოეხსნა ქვედანაყოფები და კურსკში გადაესროლა, რათა პლაცდარმი შეენარჩუნებინა. რა თქმა უნდა, ამით დაუყოვნებლივ ისარგებლა რუსეთმა და დონბასში წინსვლა დაიწყო – ნელა, მაგრამ შეუჩერებლად.

ომებისა და ბრძოლების მოსაგებად ზოგჯერ საჭიროა მნიშვნელოვან რისკზე წასვლა, მაგრამ კურსკის ოპერაციის სტრატეგიული აზრი ყოველთვის ეჭვს იწვევდა. შესაძლოა, უკრაინის არმიის სარდლობა ხელმძღვანელობდა პოლიტიკური და არა სამხედრო მოსაზრებებით. როცა ოპერაცია დაიწყო, ახლოვდებოდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები  და გაჩნდა აუცილებლობა იმისა, რომ გაძლიერებულიყო მხარდაჭერა როგორც აშშ-ის ორივე პარტიის, ასევე ევროკავშირის მხრიდან.

2023 წლის კონტრშეტევის ჩაშლის შემდეგ დასავლეთის იმედი, რომ უკრაინა რუსეთზე გაიმარჯვებდა, ჩაქრა. მოგვიანებით პოლიტიკოსების ყურადღება უმთავრესად ახლო აღმოსავლეთზე იქნა გადატანილი. კურსკზე შეტევით ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობდა, რომ შესუსტებულ საერთაშორისო მხარდაჭერას გააძლიერებდა და გამოაცოცხლებდა იმედს – ახლაც ისე მოხდება, როგორც 2022 წელს ხერსონთან და ხარკოვთან მოხდა, როცა რუსეთს უკან დაახევინეს. უკრაინის პრეზიდენტს სურდა, რომ კიდევ ერთხელ ეჩვენებინა მსოფლიოსათვის – კიევს ბრძოლა და გამარჯვება შეუძლია, თუ მას საჭირო იარაღს მისცემენ.

მაგრამ უკვე გვიან იყო: ამერიკას და ევროპას აღარ სჯეროდათ, რომ უკრაინას რუსეთის დამარცხება შეუძლია და მათ ფიქრი ომის დიპლომატიურად მოგვარებაზე დაიწყეს. რა თქმა უნდა, ასეთი სატირელი მდგომარეობის გამო ბრალი ვაშინგტონს და ბრიუსელს მიუძღვის, რომ მათ გაუბედაობა გამოიჩინეს და ვლადიმერ პუტინის მრისხანებისა შეეშინდათ. ჯო ბაიდენი და მისი ევროპელი კოლეგები უკრაინას მხოლოდ იმდენ იარაღს აძლევდნენ, რომელიც საკმარისი იყო მხოლოდ თავდაცვისათვის არა მოწინააღმდეგეზე გამარჯვებისათვის. დასავლეთზე ამ მხრივ – იარაღის მიწოდების გაზრდაში – პოზიტიური გავლენა ვერც კურსკის ოლქში შეჭრამ ვერ მოახდინა, რომელიც პირველად განხორციელდა რუსეთის მიმართ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

თავისთავად იგულისხმება, რომ ძალის დემონსტრაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოლაპარაკების წინ, მაგრამ ფაქტია, რომ დასავლეთმა ვერ მოახერხა ჯეროვნად უზრუნველყო უკრაინის თავდაცვისუნარიანობა – პირიქით კი გამოვიდა. კურსკის ოლქში მომხდარი კრახი ტრაგიკული ალეგორიაა იმ შემზარავი სიტუაციისა, რომელშიც უკრაინა აღმოჩნდა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: