
გუმისთის ბრძოლებიდან 32 წლისთავთან დაკავშირებით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, – ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
„გუმისთის ბრძოლებიდან 32 წლისთავთან დაკავშირებით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ალექსანდრე ტაბატაძესთან, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, გრიგოლ გიორგაძესთან, გენერალური შტაბის უფროსთან, ბრიგადის გენერალ ჯონი ტატუნაშვილთან, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან, ლევან მგალობლიშვილთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის ველზე დაცემული თანამებრძოლებისა და მეომრების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.
გმირთა მემორიალზე აფხაზეთის ომის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბრძოლა გაიხსენეს და სამშობლოსათვის ბრძოლის ველზე დაცემულ მეომრებს პატივი მიაგეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარემ, გენერალ-მაიორმა ანზორ მარგიანმა და კავშირის წევრებმა, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ, საქართველოს გენერალთა კლუბის წევრებმა, მოხალისეთა ორგანიზაციის ა(ა) იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ დირექტორმა, ედუარდ ჯიშკარიანმა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა.
1993 წლის 15-16 მარტს, აფხაზეთში, სეპარატისტებმა, დაქირავებულმა ჩრდილო-კავკასიელმა ბოევიკებმა და რუსულმა სადესანტო შენაერთებმა, მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე, ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და არტილერიამ სოხუმისკენ წამოსულ მოწინააღმდეგეს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს და იძულებული გახადეს, უკან დაეხია. უთანასწორო ბრძოლაში, ქართველმა მეომრებმა, საკუთარი თავდადების ფასად, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინეს; ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ქართული საბრძოლო შენაერთების გამარჯვებაში, ქართველმა არტილერისტებმა შეასრულეს. ქართველთა ამ ერთიანი ძალისხმევისა და თავგანწირული ბრძოლის შედეგად, მტერმა, მაშინ, სოხუმი ვერ აიღო“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.