კვლევის მიხედვით, ამერიკელების უმრავლესობა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხში დონალდ ტრამპის მიდგომას არ ეთახნმება

3
spot_img

ორი ახალი კვლევის მიხედვით, ამერიკელების უმრავლესობა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიდგომას არ ეთახნმება.

„სიენენის“ მიერ გამოქვეყნებული ახალი გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების 59%-მა განაცხადა, რომ „ნაკლებად სავარაუდოა“ ან „საერთოდ არ არის სავარაუდო“, რომ დონალდ ტრამპის მიდგომა უკრაინას გრძელვადიან მშვიდობას მოუტანს, ხოლო 41% ამბობს, რომ ეს „გარკვეულწილად სავარაუდოა“.

კიდევ 59% არ ეთანხმება იმას, თუ როგორ წარმართავს დონალდ ტრამპი აშშ-ს ურთიერთობას რუსეთთან.

გამოკითხულ ამერიკელთა ნახევარმა განაცხადა, რომ ომის მიმართ დონალდ ტრამპის მიდგომა აშშ-სთვის ცუდია, 29% ამბობს, რომ ეს კარგია ქვეყნისთვის, ხოლო დანარჩენი ამბობს, რომ განსხვავებას ვერ ხედავს.

გამოკითხვის შედეგი პარტიული ნიშნით დაყოფის შემთხვევაში სხვაგვარია – დემოკრატების 77% ამბობს, რომ დონალდ ტრამპის მიდგომა ცუდია ქვეყნისთვის, მაშინ როდესაც რესპუბლიკელების 61% ამბობს, რომ ეს კარგია. დამოუკიდებელი ამომრჩევლების 55% ნეგატიურად აფასებს დონალდ ტრამპის მიდგომას.

მსგავს სურათს აჩვენებს Quinnipiac-ის გამოკითხვაც. ამომრჩევლებს როდესაც ჰკითხეს, ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ, გამოკითხულთა 58%-მა დონალდ ტრამპის მოქმედება არ მოიწონა, ხოლო 35%-მა მოიწონა. ამასთან, ეს დაპირისპირება დემოკრატების 95%-ს არ მოსწონს, მაშინ როდესაც რესპუბლიკელების 77% მხარს უჭერს დონალდ ტრამპს. დამოუკიდებელი ამომრჩევლების 68% ასევე უარყოფითად არის განწყობილი.

„სიენენის“ გამოკითხვა 6 მარტიდან – 9 მარტამდე პერიოდში ჩატარდა დამოუკიდებელი კვლევითი კომპანიის SSRS-ის მიერ. გამოკითხულია  1 206 მოქალაქე, ცდომილების ზღვარი 3.3%-ულ პუნქტს შეადგენს.

Quinnipiac-მა 1 198 რეგისტრირებული ამომრჩეველი გამოჰკითხა 6 მარტიდან – 10 მარტამდე პერიოდში, ცდომილების ზღვარი კი 2.8%-ულ პუნქტს შეადგენს.