
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “მზად არის ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შესაწყვეტად თუ იგი დროს აჭიანურებს?” (ავტორები – ლაურა გოცი, პოლ კირბი). კრემლის მიერ ჩამოთვლილი „ნიუანსები“ იმას მიანიშნებს, რომ რუსეთი, საბოლოო ჯამში, ცეცხლის შეწყვეტის ამერიკულ-უკრაინულ ვერსიას საეჭვოა დათანხმდეს: „მშვიდობა, რასაკვირველია, გვინდა, მაგრამ მხოლოდ ჩვენი პირობების გათვალისწინებით“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
გთავაზობთ სტატიის ტექსტს მცირე შემოკლებით:
რუსეთი მზადაა საომარი მოქმედებების შესაწყვეტად, ამბობს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, მაგრამ იქვე ამატებს – „მაგრამ არის ნიუანსები“. ის ნიუანსები, რომლებიც მან აშშ-ის წარმომადგენლებთან კრემლში შეხვედრისას ჩამოთვალა, იმდენად მნიშვნელოვანია მისთვის, რომ შეიძლება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის იმედი გაცამტვერდეს და ნებისმიერი სამშვიდობო მცდელობა ჩანასახშივე წარუმატებელი გახდეს.
რუსი ლიდერის მოთხოვნები, პრინციპში, ახალი არ არის, ისინი ცნობილნი იყვნენ სამი წლის წინადაც, უკრაინაში შეჭრამდე… თუმცა დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, უკრაინისა და მისი დასავლელი მოკავშირეებისათვის ბევრი მათგანი კვლავ მიუღებელი და შეუსრულებელი რჩება.
„ჩვენ თანახმა ვართ წინადადებებზე, რომ საომარი მოქმედებები შეწყდეს, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, – მაგრამ წინადადებები ისეთი უნდა იყონ, რომლებიც გრძელვადიან მშვიდობამდე მიგვიყვანს და აღმოფხვრის კრიზისი თავდაპირველ მიზეზებს“.
არავინ არ დაობს გრძელვადიანი მშვიდობის აუცილებლობაზე, მაგრამ ვლადიმერ პუტინის იდეა ომის საწყისი მიზეზების შესახებ მუდმივად ერთსა და იმავე გარემოებას ეხება – უკრაინის როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო, რუსეთის ორბიტის მიღმა არ უნდა არსებობდეს.
უკრაინას სურს იყოს ნატოსა და ევროკავშირის ნაწილი – იმდენად სურს, რომ ეს სურვილი უკრაინის კონსტიტუციაშია ჩაწერილი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე დააყენა ეჭვის ქვეშ უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს კი ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ განუცხადებია, რომ მისთვის, პრინციპში, უკრაინის სახელმწიფოს არსებობის იდეა მიუღებელია.
ეს ყველაფერი იმ ბევრი „ნიუანსის“ საფუძველშია ჩადებული, რომლებზედაც რუსეთის პრეზიდენტი ლაპარაკობს. მას სურს ხელი შეუშალოს უკრაინის არმიის გაძლიერებას მისი იარღის მარაგების შევსებას – დასავლეთმა კიევს იარაღი აღარ უნდა მიაწოდოს. კრემლს სურს იცოდეს – ვინ იქნება იმის გარანტორი, რომ უკრაინამ იარაღი აღარ მიიღოს.
ომის დაწყებისთანავე ვლადიმერ პუტინი ითხოვდა უკრაინის „დემილიტარიზაციას“, რაც კიევისა და მისი მოკავშირეებისთვის მიუღებელია.
იქმნება იმის შთაბეჭდილება, რომ ვლადიმერ პუტინი თვითონ ეძებს უსაფრთხოების გარანტიებს, მაგრამ პირიქით – მას უნდა, რომ უკრაინა სუსტი და უღონო იყოს და რომ რუსეთს უკრაინიდან არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდეს.
დათანხმდება თუ არა რუსეთი იმას, რომ შეწყვიტოს თავისი არმიის გადაიარაღება და თავისი ძალების მობილიზება? ეს ნაკლებად სავარაუდოა და არც იყო რაიმე მსგავსზე დათმობის მინიშნება პუტინის მხრიდან, როცა იგი ჟურნალისტებს ესაუბრებოდა კრემლში.
მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე ვლადიმერ პუტინი კარგ ხასიათზე დაბრუნდა კურსკის ოლქიდან, რომლის ნაწილი უკრაინის ჯარებს ჰქონდათ ოკუპირებული გასული წლის აგვისტოდან.
რუსეთს კურსკის ოლქში უპირატესობა აქვს. შესაბამისად, ვლადიმერ პუტინი აშკარად გრძნობს, რომ მოლაპარაკება ძალის პოზიციით უნდა წარმართოს. მას არ სურს ამ პოზიციების დაკარგვა.
„თუ ჩვენ საომარ მოქმედებებს შევწყვეტთ 30 დღით, ეს რას ნიშნავს? ყველა უკრაინელი, ვინც კი იქ არის, უკან თავისუფლად უნდა გავუშვათ? ანუ ჩვენ ისინი დაუსჯელად უნდა გავუშვათ იმ დანაშაულის შემდეგ, რაც მათ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩაიდინეს? თუ უკრაინის ხელმძღვანელობა მათ უბრძანებს – უბრალოდ, იარაღი დაყარეთ და ტყვედ ჩაბარდითო? – იკითხა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პრეზიდენტის პრეს-კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა, რომ რუსეთის არმია მთლიანად აკონტროლებს ქალაქ სუჯას, რომელიც მანამდე უკრაინელებს ჰქონდათ ოკუპირებული.
„თუ ჩვენ უახლოეს ხანში [უკრაინის არმიის ქვედანაყოფებს] ფიზიკურად დავბლოკავთ, ისეთ ალყაში მოვაქცევთ, საიდანაც გასვლას ვერავინ შეძლებს. დარჩება მხოლოდ ორი გზა – ან დაღუპვა, ან ტყვედ ჩავარდნა“, – ხაზი გაუსვა ვლადიმერ პუტინმა და დაამატა, რომ იგივე ეხება ფრონტის მთელ ხაზს, სადაც რუსეთი ჯარები პრაქტიკულად ყველა მიმართულებით წინ მიდიან (თუმცა იგი ტყუის: ფრონტის დიდ ნაწილზე ამჟამად პატური სიტუაციაა შექმნილი, რუსეთის ზოგიერთი წარმატების მიუხედავად).
ვლადიმერ პუტინი თვლის, რომ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა რუსეთს უპირატესობას დაუკარგავს, უკრაინელებს კი გადაიარაღებისა და გადაჯგუფების საშუალებას მისცემს.
სამწუხაროდ, არ არის შემუშავებული ის მექანიზმი, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულებას უზრუნველყოფს. დასავლელი ქვეყნები ფიქრობენ სამშვიდობო ძალების შექმნაზე, მაგრამ ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებიან ფორმირებულები, როცა სამშვიდობო მოლაპარაკების შემდეგ ხელი მოეწერება შესაბამის შეთანხმებას, მაგრამ ცეცხლის დროებითი შეწყვეტის რეჟიმის დროს მათი შექმნა დაგეგმილი არ არის. არც იმის მტკიცე რწმენა არ არსებობს, რომ რუსეთი ასეთ ვარიანტს საერთოდ დაუშვებს.
ამ „ნიუანსების“ გათვალისწინებით, ვლადიმერ პუტინი, როგორც ჩანს, ძალზე სკეპტიკურად უყურებს იმას, რომ ცეცხლის დროებით შეწყვეტას რაიმე სიკეთის მოტანა შეუძლია რუსეთისათვის იმ მომენტში, როცა ფრონტზე მისი არმია დომინირებს.
რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის ოფიციალურ პირებთან, მათ შორის დონალდ ტრამპის სპეციალურ დესპანთან სტივ უიტკოფთან, 13 მარტს, გვიან საღამოს, დახურული შეხვედრა გამართა. როგორიც არ უნდა იყოს ამ მოლაპარაკებების შედეგი, ვლადიმერ პუტინმა კარგად იცის, საბოლოოდ ყველაზე მნიშვნელოვანი მოლაპარაკება თავის ამერიკელ კოლეგასთან ექნება. „ვფიქრობთ, საჭიროა ამ ყველაფერზე ჩვენს ამერიკელ კოლეგებს და პარტნიორებს უფრო დეტალურად უნდა მოველაპარაკოთ. შეიძლება პრეზიდენტს ტრამპსაც დავურეკო“, – თქვა მან.
ანუ ეს ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინმა წინასწარ უკვე გააჟღერა თავისი პოზიცია და მიანიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტისაკენ მიმავალი გზა „ისეთი ეკლიანი პირობებითა და ნიუანსებით არის მოფენილი“, რომელთა შესრულება თითქმის შეუძლებელია.
მოამზადა სიმონ კილაძემ