
მიხეილ სააკაშვილს ედავებიან, რატომ გადმოკვეთე საზღვარი, რატომ ხარ საქართველოშიო. თუ მისი გამოშვება მოუწევთ, არ უნდათ, რომ აქ იყოს, რადგან ყველაზე მეტად მისი ეშინიათ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული და სასაცილო სისხლის სამართლის საქმე.
„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული და სასაცილო სისხლის სამართლის საქმე, რადგან თვითმარქვია რეჟიმმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე გააქცია ამ ქვეყნიდან სიღარიბის, უიმედობისა და უპერსპექტივობის გამო. უამრავი მათგანი, მათ შორის შეერთებულ შტატებში შეიპარა, ერთ კვირაში კი ყველანი თავისუფლები იყვნენ. იმ ქვეყნებმა მიიღეს, ჩაიბარეს ეს ადამიანები, როგორც დევნილები. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რა ტიპის დანაშაულიც არის საზღვრის კვეთა, განსაკუთრებით ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც ასე შევიდნენ სხვა ქვეყნებში, რადგან გაექცნენ აქაურ რეჟიმს და საკუთარ სახელმწიფოში უპერსპექტივობას. ახლა კი მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც შექმნა ამ ქვეყნის ყველა ინსტიტუტი, ედავებიან, რატომ გადმოკვეთე საზღვარი და რატომ ხარ საქართველოშიო, ამისთვის აღუძრეს სისხლის სამართლის საქმე. ამ რეჟიმის მთავარი მიზანია, თუ პოლიტიკური იძულების გამო მოუწევთ მისი გამოშვება, არ უნდათ, რომ იყოს საქართველოში, რადგან ამ რეჟიმს ყველაზე მეტად მისი ეშინია“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.