
ნება დამპყრობლის პირდაპირ აღსრულდა და ეს არის მათი პასუხი იმაზე, რომ არ ჩავაბარე საქართველო, რომ პირველად საუკუნეების განმავლობაში გავბედეთ და ჩამოვაყალიბეთ წარმატებული ქართული სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც მედიას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გააცნო.
როგორც მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს, „ასე ისჯება ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ ქვეყნისთვის თავდადება და სამშობლოს სიყვარული“.
„რამხელა სიურპრიზია ოლიგარქის განაჩენი. ნება დამპყრობლის პირდაპირ აღსრულდა და ეს არის მათი პასუხი იმაზე, რომ არ ჩავაბარე საქართველო, იმისთვის, რომ პირველად საუკუნეების განმავლობაში გავბედეთ და ჩამოვაყალიბეთ წარმატებული ქართული სახელმწიფო. მას შემდეგ, რაც ვერაფერი ვერ მიპოვეს, პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს, საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალური ხარჯებისთვის. ასე ისჯება ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ ქვეყნისთვის თავდადება და სამშობლოს სიყვარული. ვერ დაგვაშინებენ, ძალა ერთობაშია“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.