
თეთრმა სახლმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ „50 გამარჯვების სია“ გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთ მიღწევად წერია, რომ მან უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვა.
„პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან საუდის არაბეთში ისტორიული სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით მშვიდობის მიღწევის მიზნით დასვა“, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უკრაინისა და ამერიკის დელეგაციების შეხვედრა იმართება. ამერიკულ დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხელმძღვანელობს. მასთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობენ უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი მაიკ უოლცი.
უკრაინულ მხარეს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პაველ პალისა წარმოადგენენ.