“მიეცით პატივმოყვარე დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია ახლავე, რომ მისი ჭეშმარიტი განზრახვა გავიგოთ”-The Daily Telegraph-ი

6
spot_img

ბრიტანული გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია სტატია სათაურით: “მიეცით პატივმოყვარე დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია ახლავე, რომ მისი ჭეშმარიტი განზრახვა გავიგოთ”(ავტორი – ჩალზ მური).

პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის ქცევა-მოქმედების მიზეზები, რომლებიც განსაკუთრებით რუსეთთან ლოიალური დამოკიდებულებაში გამოიხატება.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ფართოდ არის ცნობილი, რომ დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიის მიღება სურს. ამერიკის პრეზიდენტების ბიოგრაფიის მიხედვით, მათგან მხოლოდ ორნი გახდნენ ნობელის პრემიის ლაურეატები – ჯიმი კარტერი და ბარაკ ობამა.  პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აღიზიანებს, რომ დღემდე მან ნობელის პრემიის მიღება ვერ მოახერხა.

თუ ჩვენ ბარაკ ობამას ჯილდოებისა და საპატიო წოდებების სიას დონალდ ტრამპისას შევადარებთ, აშკარად შევამჩნევთ, თუ რამდენად სერიოზულია პრობლემა: ნობელის პრემიის გარდა, ბარაკ ობამას მიღებული აქვს „გრემისა“ და „ემის“ პრემიები, ჯონ კენედის და რობერტ კენედის სახელობის პრემიები, აგრეთვე სულ მცირე 15 პრემია და 16 საპატიო წოდება.

ჰოდა, რატომ უნდა ჩამოუვარდებოდეს პრემიებისა და წოდებების მინიჭების საკითხში  რესპუბლიკელი პრეზიდენტი დემოკრატ პრეზიდენტს? არადა, ფაქტი ჯიუტია: დონალდ ტრამპის გვარ სახელი 1995 წლიდან მხოლოდ აზარტული თამაშების დიდების დარბაზს ამშვენებს, გასულ წელს კი იგი McDonalds French Fry-ს სერტიფიკატით დაჯილდოვდა. სულ ესაა მისი მიღწევების აღიარება.

რასაკვირველია, ბარაკ ობამას ნობელის პრემიის მინიჭებაშიც არის გარკვეული არასასიამოვნო და საეჭვო მომენტები: კონკრეტულად რისთვის მიიღო მან – პრეზიდენტობის პირველ წელს, 2009-ში, ინაუგურაციიდან სულ რამდენიმე დღეში – ესოდენ პრესტიჟული პრემია, დღემდე მითქმა-მოთქმას იწვევს. თუ ამ პრინციპით, ალბათ, მისტერ დონალდ ტრამპს, პრემია 2017 წელს უნდა მიეღო, მაგრამ ახლა 2025 წელია, პრეზიდენტობის მეორე ვადა, ნორვეგიელები და შვედები კი მას ძველებურად არ აღიარებენ.

დონალდ ტრამპის სწრაფვას ჯილდოს მისაღებად არა მხოლოდ პატივმოყვარეობაა. იგი გულწრფელად თვლის თავის თავს მშვიდობისმყოფელად. მართლაც, მისი პრეზიდენტობის წლებში ამერიკას არცერთი ომი არ დაუწყია, რაც ძალიან იშვიათობად ითვლება 21-ე საუკუნეში. მან ხელი მოაწერა ავღანეთის ომი შეწყვეტის (ჯარების გამოყვანის) შეთანხმებას 2020 წლის თებერვალში (სხვა საკითხია, როგორ ქაოსურად გამოიყვანა ჯო ბაიდენმა). სწორი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ დონალდ ტრამპის აგრესიული ენერგია უფრო მეტად მიმართულია მოკავშირეების შეურაცხყოფისაკენ, ვიდრე მტრების დასაბომბად.

დიახ, დონალდ ტრამპს გულწრფელად სურს სამშვიდობო ხელშეკრულების დადება, მაგრამ მოდით გავარკვიოთ, როგორ განსაზღვრავს იგი ტერმინ „მშვიდობას“.

ყველამ იცის, რომ პრეზიდენტი შეპყრობილია იდეით უკრაინაში მშვიდობის დამყარების თაობაზე. იგი ჯერ კიდევ არჩევამდე აცხადებდა, რომ ამ პრობლემის მოგვარებას თავისი პრეზიდენტობის პირველსავე დღეს მოაგვარებდა. მართალია, მას ზუსტად არ შეუსრულებია დაპირება, მაგრამ აშკარაა, რომ სწრაფად მოქმედებს.

ჩვეულებრივი მშვიდობისმყოფელები არაფორმალურ მოლაპარაკებებს ორივე მხარესთან აწარმოებენ და ცდილობენ მათგან გარკვეულ დათმობებს მიაღწიონ, შემდეგ კი მათთან ერთად მაგიდას უსხდებიან. დონალდ ტრამპი პროცესს ისე აჩქარებს, რომ მას არავითარი ბალანსი არ აინტერესებს, იგი თავის ყურადღების კონცენტრირებას და ზეწოლას იმ მხარისაკენ მიმართავს, რომელსაც სუსტად თვლის. იგი მეგობრულად ლაპარაკობს ვლადიმერ პუტინთან, რომელსაც აშშ რუსეთის მტრად ჰყავს გამოცხადებული, მაგრამ საჯაროდ ამცირებს ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც აშშ-ის ერთგული მეგობარია.

რამდენადაც ვოლოდიმირ ზელენსკი უარს ამბობს დათმობებზე აგრესორი რუსეთის მიმართ, უნდებად დონალდ ტრამპისათვის იგი დაბრკოლებას წარმოადგენს მშვიდობის მიღწევის გზაზე. სანამ ეს დაბრკოლება არ იქნება განეიტრალებული, ვლადიმერ პუტინი თავს უფლებას აძლევს როგორც სურს ისე მოიქცეს.

რა მიზანი აქვს დონალდ ტრამპს? ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვათ, ნობელის კომიტეტმა, ალბათ, ისევე უნდა იმოქმედოს, როგორც ბარაკ ობამას მიმართ – სასწრაფოდ მიანიჭოს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს  მშვიდობის პრემია. მსოფლიო გაიგებს, მართლაც სურს თუ არა უკრაინის პრობლემის მოგვარება, თუ მისი ინტერესი მხოლოდ დროებითია.

ამჟამად დონალდ ტრამპი წინააღმდეგობრივ მდგომარეობაში იმყოფება: იგი ცდილობს მიზანს დაუბალანსებელი მოქმედებით მიაღწიოს და იმავდროულად უარს ამბობს მიღწეული შედეგის კონტროლზე პერსპექტივაში. ეჭვი მაქვს, რომ ჯერ-ჯერობით არავინ იცის – არც სახელმწიფო დეპარტამენტმა და არც პენტაგონმა, მით უმეტეს, არც აშშ-ის ნატოელმა მოკავშირეებმა, თუ როგორი მტკიცე გეგმის ან როგორი სცენარის სახით შეიძლება სამშვიდობო პროცესი განვითარდეს. შესაძლოა, როცა დონალდი მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდება, რაღაც სინათლეს შეიტანს საკითხში.

გასულ კვირას ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთზეც ზეწოლას მოახდენს. „უკრაინას სურს გარიგებაზე დათანხმდეს, რადგან მას არჩევანი არ აქვს. ვფიქრობ, რუსეთსაც სურს გარიგება, იმიტომ, რომ… იმ განსხვავებული გარემოების გამო, რომელიც მხოლოდ მე ვიცი – არც [რუსებს] არ აქვთ არჩევანი“. საინტერესოა, რა განსხვავებული გარემოება არსებობს რუსეთისათვის?

სამწუხაროდ, ტრამპის მალულ იდეებზე ჩვენ არაფერი არ ვიცით. რა პრინციპით მოქმედებს პრეზიდენტი? არსებობს ერთ-ერთი საკმაოდ გონივრული თეორია, რომელიც ამერიკელმა სტრატეგიის თეორეტიკოსმა ედვარდ ლიუტვაკმა წამოაყენა: ტრამპი „ანტინიქსონისებურად“ მოქმედებს (ნიქსონივით, მაგრამ საწინააღმდეგო მიზნით).

რიჩარდ ნიქსონი 1970-იან წლებში ცდილობდა გაეუმჯობესებინა ურთიერთობა ჩინეთთან, რომ რუსეთი (საბჭოთა კავშირი) დაესუსტებინა. 2020-იან წლებში ტრამპი ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, რომ ჩინეთი დაასუსტოს. ამ თეორიას აქვს რეალური საფუძველი, იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთს რუსეთის მიმართ (არაოფიციალური) ტერიტორიული პრეტენზიები აქვს აღმოსავლეთში, ხოლო რუსეთი ბევრად ჩამოუვარდება ჩინეთს ეკონომიკური განვითარებით.

ერთადერთი, რითაც რუსეთი მნიშვნელოვნად ძლიერია ჩინეთზე, ეს არის ბირთვული იარაღის მეტი რაოდენობა. ამ მხრივ რუსეთი და აშშ თანაბარ დონეზე არიან, თითოეულს 10-ჯერ მეტი ბირთვული ქობინა აქვს, ვიდრე ჩინეთს. იბადება კითხვები: აქვთ თუ არა ვლადიმერ პუტინს და დონალდ ტრამპს რაიმე ერთობლივი ხედვა მსოფლიოში ერთად ბატონობის თაობაზე, რომელიც ბირთვული უპირატესობით არის განმტკიცებული? რამდენად შეიძლება მათი ერთობლივი შეთანხმებული ბატონობით მილიარდების დაზოგვა, იარაღის არსენალის შემცირება? ანუ მიაღწევენ თუ არა ისინი იმ წარმატებას, რომლის მიღწევა რონალდ რეიგანმა და მიხეილ გორბაჩოვმა 1986 წელს რეიკიავიკში ვერ შეძლეს?

რა თქმა უნდა, ჩემი ნათქვამი შეიძლება ვინმემ სპეკულაციად ჩათვალოს – ისევე როგორც  მოსაზრება მინერალების შესახებ შეთანხმებაზე უკრაინასთან, რომელსაც, ვფიქრობ, რუსული განზომილება აქვს. თვითონ განსაჯეთ: იმ რესურსების თითქმის 40%, რომელსაც უკრაინა ამერიკას სთავაზობს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. ისევ ჩნდება კითხვები: აქვს თუ არა დონალდ ტრამპს იმის იმედი, რომ ორივე მხარეს – კიევს და მოსკოვს -იძულებულს გახდის მონაწილეობა მიიღონ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაში, რომლის მთავარი ექსპლუატატორი თვითონ (აშშ) იქნება? იქიდან გამომდინარე, რომ „მახვილებისაგან შეიძლება არამარტო სახნისები გამოიჭედოს“, არამედ აქციებიც.

ეს ტრამპის გარდა არავინ იცის – მან ბოლო დროს რამდენჯერმე თქვა ფრაზა – „მხოლოდ მე ვიცი“. ალბათ, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მან რაღაც საკითხი პირადად ვლადიმერ პუტინთან „ჩააწყო“, ერთი-ერთზე. აი, ამ დროს ჩვენ უკვე მივდივართ ტრამპის დიდი ხნის პოზიციასთან, რომ ის და ვლადიმერ პუტინი დაზარალებულნი არიან – ორივე ცილისწამების მსხვერპლია კლინტონების, ბაიდენების, ამერიკული მასმედიის და „ღრმა სახელმწიფოს” (deep state) მხრიდან და მათ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება შეუძლიათ.

დონალდ ტრამპი რუსეთს პირველად 1987 წელს ეწვია და შემდგომ პერიოდში ვლადიმერ პუტინიც ახლოს გაიცნო. ამასთან დაკავშირებით, მის წინააღმდეგ გავრცელებულია უამრავი  [მაკომპრომეტირებელი] ხმები, რომლებიც არ დასტურდება, მაგრამ ფაქტია ის, რომ ტრამპი შინაგანად დარწმუნებულია – ის და პუტინი ერთმანეთს უგებენ და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

უკრაინასთან დაკავშირებული პოლიტიკა – ეს აშშ-ის პოლიტიკა კი არის, არამედ უშუალოდ მისი, დონალდ ტრამპის პოლიტიკა. სახელმწიფო მდივანი მარკო რუვიო დიდი ხნის განმავლობაში იყო ატლანტიზმის ერთგული, მაგრამ ახლა იგი, როგორც ჩანს, ტრამპის გავლენით, პუტინის პროპაგანდას იმეორებს, როცა ამბობს, რომ უკრაინაში ამერიკა და ნატო ომს რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებენ, „სხვისი [უკრაინელების] ხელით“.

ტრამპის მოქმედების სისტემას ხშირად ადარებენ მაფიის სისტემას და მისი ფორმირება უფრო მეტად ფლორიდაზე არსებულ რეზიდენციაში – მარა-ლაგოში ხდება, ვიდრე თეთრ სახლში. მაფიოზური სისტემის დროს ორ დაჯგუფებას შორის ურთიერთობა ხშირად ხასიათდება ერთმანეთის პოზიციისადმი „პატივისცემით“ – კონცეფციით, რომლითაც ისარგებლეს დონალდ ტრამპმა და ჯეიმს ვენსმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ. როგორც ჩანს, ტრამპი და პუტინი ერთმანეთს უფრო მეტად სცემენ პატივს, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერი სხვა ლიდერი.

ამიტომაც ჩვენ ყველა – დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, კანადა და ნატოელი მოკავშირეები – იმ რეალობიდან უნდა გამოვიდეთ (თუმცა შეიძლება ვცდები), რომ როცა უკრაინას დაცვა ჭირდება, ის მხოლოდ ჩვენ უნდა დავიცვათ.

სამხედრო და ფინანსური თვალსაზრისით რუსეთი უფრო სუსტია, ვიდრე ეს დონალდ ტრამპს ჰგონია, ამიტომაც უკრაინის დაცვა ჩვენი ძალებით ნამდვილად შეგვიძლია. გვაქვს თუ არა ამის პოლიტიკური ნება – ეს უკვე სხვა საკითხია.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: