გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაოც პატიმრობით შეეცვალა

3
spot_img

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ მიიღო.

დღეს, გიორგი ბაჩიაშვილს პატიმრობა მეორედ შეეფარდა და ახლა უკვე მას მის წინააღმდეგ წარმოებულ სამივე საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

აღკვეთის ღონისძიების გირაოს შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. როგორც სასამართლო პროცესზე პროკურორმა მიხეილ სადრაძემ აღნიშნა, ბაჩიაშვილმა არამხოლოდ გირაოს პირობები დაარღვია, არამედ კანონიც დაარღვია და მან სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.

დაცვის მხარე არ დაეთანხმა შუამდგომლობას. ადვოკატის განმარტებით, პატიმრობაშეფარდებული ადამიანის მიმართ კვლავ პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა.

გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის 3 საქმეზე აქვს წარდგენილი და სამივე მათგანზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.

კერძოდ, გიორგი ბაჩიაშვილის თავდაპირველად ბრალი “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისების გამო წარუდგინეს. ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, ასევე დაწესებული ჰქონდა დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები. თუმცა, ამ საქმეზე, ბაჩიაშვილს გირაო პატიმრობით შეეცვალა.

აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი

“მტკვარი ჰესის” საქმეზე საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმეზეც მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.

ბაჩიაშვილს ბრალი ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეც აქვს წაყენებული. მას ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.