ბალტიის ქვეყნების სანქციები ჩვენთვის არაფერს ნიშნავს, საქმე, რასაც მე და ჩემი გუნდი ვაკეთებთ, გაცილებით მეტია, ვიდრე პატარა კაცის პატარა სანქცია -ლაშა ტალახაძე

10
spot_img

ბალტიის ქვეყნების სანქციები ჩვენთვის არაფერს ნიშნავს, ვერაფერს დაგვაკლებენ, ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლას და ქვეყნის წინსვლას გავაგრძელებთ, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ლაშა ტალახაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გაბოროტდნენ და სხვა გზა არ დარჩენიათ.

„ვხედავთ, თუ როგორი უსუსურები არიან. ჩვენთვის ეს არაფერს არ ნიშნავს. ის საქმე, რასაც მე და ჩემი გუნდი ვაკეთებთ, გაცილებით მეტია, ვიდრე პატარა კაცის პატარა სანქცია. ხმამაღლა ვიტყვი, რომ ამით ნამდვილად ვერაფერს დაგვაკლებენ. ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლას და ჩვენი ქვეყნის წინსვლას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ლაშა ტალახაძე.

მისი თქმით, პირადად მისი დასანქცირება უკავშირდება ყველა იმ ღირსეულ ნაბიჯს, რომელიც გუნდთან ერთად გადაუდგამს.

„ყველა იმ გადადგმულ ღირსეულ ნაბიჯს, რასაც ჩემს გუნდთან ერთად ვაკეთებ, ალბათ ეს არის მთავარი მიზეზი. გაბოროტდნენ და სხვა გზა არ დარჩენიათ. დარწმუნებული ვარ, კიდევ გააქტიურდებიან, კიდევ უფრო მეტ უღირს საქციელს ჩაიდენენ, მაგრამ ამით ვერ დაგვაზიანებენ, პირიქით, გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი ღირსეული ნაბიჯის გადადგმას“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართველ თანამდებობის პირებს, მათ შორის დეპუტატებს, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს და ასევე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.