,,უკრაინასთან თანამშრომლობით შევიმუშავებთ გეგმას საომარი მოქმედებების შესაჩერებლად”- კირ სტარმერი

5
spot_img

თავდაცვის სამიტზე დასასწრებად, ლონდონში, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები იკრიბებიან. შეხვედრაზე, სადაც უკრაინის საკითხი უნდა განიხილონ, მონაწილეობას მიიღებენ ევროპელი ლიდერები, უკრაინის პრეზიდენტი, ასევე კანადის პრემიერ-მინისტრი, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები. ადგილზე უკვე მივიდა იტალიის პრემიერი. სამიტის დაწყებამდე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს.

“ჩვენ შევთანხმდით, რომ გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთთან და, შესაძლოა, კიდევ ერთ-ორ სხვა ქვეყანასთან ერთად, უკრაინასთან თანამშრომლობით შეიმუშავებს გეგმას საომარი მოქმედებების შესაჩერებლად. ამის შემდეგ, გეგმას განვიხილავთ შეერთებულ შტატებთან. პარასკევს ღამის სატელეფონო საუბრებმა, გუშინდელმა შეხვედრამ და გასული ღამის ზარებმა, ჩემი აზრით, სწორი მიმართულებით წაგვიყვანა. არავის სურს პარასკევის მოვლენების განმეორება, მაგრამ გადამწყვეტია, რომ შევინარჩუნოთ მთავარი მიზანი — უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება.

დონალდ ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ ჩვენ გვერდით დადგება. ხუთშაბათს გამართული შეხვედრის შედეგად კი, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენი გუნდები — აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები — ამ საკითხზე ერთობლივად იმუშავებენ. ეს ნამდვილი წინსვლაა, და მე ხელშესახებ შედეგებზე ვარ ორიენტირებული. ჩემი ხედვით, ევროპის ქვეყნებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზონ. სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობ პრეზიდენტ მაკრონთან და სხვა ლიდერებთან, და დღესაც გავაგრძელებ ამ განხილვას.

თუმცა, ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ გარანტიებს აშშ-ის მხარდაჭერა სჭირდება. მის გარეშე არც გარანტია იქნება სრულფასოვანი, არც შემაკავებელი ძალა ექნება. ეს ორი კომპონენტი ერთმანეთს უნდა ავსებდეს. მე არ ვენდობი ვლადიმირ პუტინს, და სწორედ ამიტომ მჭირდება უსაფრთხოების გარანტიები. ის უკვე არაერთხელ დაბრუნდა, რითაც თავისი განზრახვები დაამტკიცა, და ჩვენ კარგად ვიცით, რა ამბიცია აქვს. სამაგიეროდ, ვენდობი ზელენსკისა და დონალდ ტრამპს, მე მჯერა, რომ ამერიკის პრეზიდენტს მხოლოდ ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების მოტივი ამოძრავებს. შეთანხმებას მყარი გარანტიები სჭირდება — ისეთი შეთანხმებაა საჭირო, რომელიც თვეების ან წლების შემდეგ არ ჩამოიშლება”, – აცხადებს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი.