ერთადერთი ქვეყანა, ვისაც შეუძლია ომი დაასრულოს, არის აშშ – სად არიან ევროპელი ლიდერები, რომლებიც უკრაინას ჰპირდებოდნენ, რომ გაიმარჯვებდა?! სად არიან?! – პაპუაშვილი

1
spot_img

ერთადერთი ქვეყანა, ვისაც შეუძლია ეს ომი დაასრულოს, ისე რომ უკრაინას ჰქონდეს მდგრადი მშვიდობა და უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები, არის ამერიკის შეერთებული შტატები – არც ერთი სხვა! – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ევროპელმა ლიდერებმა უკრაინა წააქეზეს და ომში გამარჯვებას ჰპირდებოდნენ, თუმცა პაპუაშვილის განცხადებითვე, ახლა მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი სახვეწარი გაუხდათ.

„მიზეზი, თუ რატომ ვუჭერთ მხარს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკას არის ის, რომ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით 3 წლის წინ, დღეს ამაზე უკვე სულ უფრო მეტი ქვეყანა თუ პოლიტიკური ჯგუფი საუბრობს და უპირველეს ყოვლისა საუბრობს თავად აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. ერთადერთი ქვეყანა, ვისაც შეუძლია ეს ომი დაასრულოს, არის ამერიკის შეერთებული შტატები. ვნახეთ ბევრი ევროპელი ხელისუფალი, რომელიც გულზე მჯიღს იცემდა, უკრაინას აქეზებდა, უკრაინას ჰპირდებოდა, რომ ისინი გამარჯვებდნენ ამ ომში. სად არიან ახლა ესენი?! სად არიან ეს ევროპელი ლიდერები, რომლებიც უკრაინას ჰპირდებოდნენ, რომ ის ამ ომში გაიმარჯვებდა?! სად არიან?! ადგილს ითხოვენ მოლაპარაკების მაგიდასთან. ესეც სახვეწარი გაუხდათ. ამიტომ ერთადერთი ქვეყანა, ვისაც შეუძლია ეს ომი დაასრულოს, ისე რომ უკრაინას ჰქონდეს მდგრადი მშვიდობა და უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები, არის ამერიკის შეერთებული შტატები. არც ერთი სხვა,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა.

მისი თქმით, საქართველომ კარგად იცის, როგორ იწყება და სრულდება ასეთი ომები და სწორედ ამიტომ, ქართველმა ხალხმა არ დაუშვა, რომ 2022 წელს ახალი ომი გვქონოდა.

„როდესაც აქლემები ჩხუბობენ კოზაკი იჭყლიტება“ – საქართველო არაერთხელ ყოფილა ასეთ როლში, მათ შორის, 1921 წელს ზუსტად ასეთი გეოპოლიტიკური ძვრების მსხვერპლი გახდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს გაკვეთილი ჩვენ მივიღეთ, მათ შორის, 2008 წელსაც. ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ, როგორ იწყება ასეთი ომები, ვნახეთ, რა შინაარსია, როგორ გრძელდება და ისიც ვნახეთ, როგორ სრულდება. 2008 წლის ომიდან 8 თვე იყო გასული, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა გადატვირთვის წითელი ღილაკი გადასცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. წელიწად-ნახევარი იყო გასული ჩვენი ომიდან, როდესაც 2010 წლის 9 მაისს, წითელ მოედანზე, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, პოლონეთის და თქვენ წარმოიდგინეთ, უკრაინის შეიარაღებული ძალები, აღლუმს აბარებდნენ რუსეთის პრეზიდენტს. ამიტომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ იწყება ასეთი ომები და ისიც ვიცით, რით სრულდება. ეს გაკვეთილი ჩვენ მივიღეთ 2008 წელს. ამიტომაც არის, რომ ამ გაკვეთილით დაბრძენებულმა ქართველმა ხალხმა 2022 წელს არ დაუშვა, რომ იგივე განმეორებულიყო საქართველოში და ახალი ომი გვქონოდა,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.