
ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სანამ დონალდ ტრამპი რუსეთს აქებს და უკრაინას აკრიტიკებს, მისი თანაპარტიელი რესპუბლიკელები ჩუმად არიან“ (ავტორი – რობერტ ჯიმისონი). პუბლიკაციაში განხილულ-გაანალიზებულია შიდაპარტიული სიტუაცია აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტის მიერ უკრაინასთან და რუსეთთან გატარებულ კურსთან მიმართებით.
გთავაზობთ სტატიას მცირეოდენი შემოკლებით:
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მკვეთრად შებრუნდა რუსეთისაკენ და ამერიკის მრავალწლიანი პოლიტიკა კრემლის მიმართ რადიკალურად შეცვალა. უფრო მეტიც – თეთრი სახლის ამჟამინდელი მეთაური ყურადღებას არ აქცევს და იგნორირებს თანაპარტიელი კონგრესმენების თვალსაზრისს, რომელთაგან ბევრი, თავიანთი კარიერის განმავლობაში, რუსეთის მიმართ აგრესიული პოლიტიკის გატარებით იყვნენ დაკავებულნი და მტკიცედ უჭერდნენ მხარს ევროპელ მოკავშირეებს, კრემლის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმაში.
მაგრამ ახლა კაპიტოლიუმში რესპუბლიკელი კონგრესმენების რეაქცია საკმაოდ თავშეკავებულია, რიგ შემთხვევებში კი ისინი საერთოდ არაფერს არ ამბობენ და ჩუმად არიან. „დიდი ძველი პარტია“ არ უწევს რაიმე განსაკუთრებულ წინააღმდეგობას დონალდ ტრამპის ძალისხმევას რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან დასაახლოებლად, თანაც იმის მიუხედავად, რომ ამერიკელი ლიდერი ყველაფერში ბრალს უკრაინას სდებს და ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს აგრესიული რუსეთის მიერ დაწყებული ომი.
მართალია, ზოგიერთი რესპუბლიკელი უკმაყოფილებას გამოხატავს თანაპარტიელი პრეზიდენტის მოქმედებებისა და განცხადებების გამო, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ პარტიის ლიდერებისა და იმ სენატორების რაიმე შეთანხმებულ ნაბიჯებს, რომლებიც კონგრესში გადამწყვეტ როლს ასრულებენ აშშ-ის საგარეო და სამხედრო პოლიტიკის რეალიზების საქმეში.
„ამჟამად დონალდ ტრამპს განსაზღვრული სივრცე უნდა მიეცეს“, – განაცხადა სენატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა ჯონ ტიუნმა სამხრეთ დაკოტას შტატიდან, ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს ვენსთან დახურული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
ტრადიციულად, ასეთი შეხვედრების დროს წყდება ხოლმე რიგი სადაო საკითხები შიდაპარტიულ დონეზე. სანამ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდებოდნენ, რამდენიმე რესპუბლიკელმა სენატორმა განაცხადა, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან დონალდ ტრამპის ვლადიმერ პუტინთან დამოკიდებულების საკითხის გარკვევაში და იმითაც, თუ რატომ უწოდებს დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის „დიქტატორს“.
მაგრამ როგორც ჩანს, არცერთ სენატორს მსგავსი რამ არ უთქვამს და ამას შეხვედრის სხვა მონაწილეები ინკოგნიტოდ ადასტურებენ.
შეხვედრის შემდეგ ჯონ ტიუნმა რეპორტიორებს ასე უთხრა: „მე მხარს ვუჭერ სამშვიდობო პროცესს და მის შედეგებს უკრაინაში. ვფიქრობ, რომ მოცემულ მომენტში ადმინისტრაცია, პრეზიდენტი და მისი გუნდი ამ მიზნის მისაღწევად ენერგიულად მუშაობენ“. დონალდ ტრამპის გამონათქვამებთან დაკავშირებით („ზელენსკი დიქტატორია“) ჯონ ტიუნმა განაცხადა, რომ „ამ შემთხვევაში პრეზიდენტი მხოლოდ თავისი სახელით ლაპარაკობს“.
სხვათა შორის, სწორედ ჯონ ტიუნი იყო იმ მრავალრიცხოვან რესპუბლიკელებს შორის, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში აქტიურად უჭერდნენ მხარს კონგრესში პროუკრაინული საკანონმდებლო აქტების მიღებას და უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გამოყოფას, მრავალი ათეული მილიარდი დოლარის ოდენობით. ახლა კი, როცა დონალდ ტრამპი თეთრ სახლშია, ისინი პრეზიდენტს არანაირ წინააღმდეგობას არ უწევენ, როცა იგი კიევს აკრიტიკებს.
თვით კენტუკელი სენატორი და პარტიის ყოფილი ლიდერი მიტჩ მაკკონელი, რომელიც ცდილობდა რესპუბლიკურ პარტიაში უკრაინის მთავარი მხარდამჭერის სახელი მოეპოვებინა და შეექმნა საპირწონე დონალდ ტრამპის ლოზუნგისა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, ისიც კი ამჟამად დუმილს ინარჩუნებს, საზოგადოების წინაშე არაფერს არ ამბობს და არანაირად არ ეწინააღმდეგება დონალდ ტრამპის რუსეთისაკენ გადახრას.
ესოდენ საოცარი ცვლილება მართლაც მოულოდნელია რესპუბლიკელთა რიგებში, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში საკუთარ თავს ამერიკის ძლიერების ერთგვარ სიმბოლოდ თვლიდნენ და ამტკიცებდნენ, რომ აშშ მოწოდებულია საკვანძო როლი შეასრულოს, თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის ჩირაღდნის სახით, მთელ მსოფლიოში.
ზოგიერთმა რესპუბლიკელმა კანონმდებელმა ნათლად მიანიშნა, რომ ისინი არ ეთანხმებიან დონალდ ტრამპის მიდგომებს, მაგრამ თანაპარტიელთა უმრავლესობა არ თვლის საჭიროდ პრეზიდენტის კრიტიკას. დონალდ ტრამპის „პრორუსული“ პოლიტიკა არ მოსწონს, მაგალითად, მისისიპელ სენატორს, რესპუბლიკელ როჯერ უიკერს, რომელიც შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტს ხელმძღვანელობს: მან საჯაროდ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის იდეა ამ ეტაპზე.
„თუ დონალდ ტრამპი რჩევას მკითხავს, ჩემი რჩევა ასეთი იქნება: ნუ მისცემთ ვლადიმერ პუტინს იმ პრივილეგიას, რომელიც დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტთან შეხვედრით და მასთან მოლაპარაკებით გამოიხატება“, – თქვა როჯერ უიკერმა, რომელიც რუსეთის ლიდერს „საერთაშორისო სამართლის დამრღვევს“ და „სამხედრო დამნაშავეს“ უწოდებს.
როგორც სენატორმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ იგი სენატის ისეთ კომიტეტს ხელმძღვანელობს, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, დონალდ ტრამპს მასთან რაიმე კონსულტაცია არასოდეს არ ჰქონია.
ერთი წლის წინ 20-ზე მეტმა რესპუბლიკელმა სენატორმა, დონალდ ტრამპის სურვილის წინააღმდეგ, ხმა მისცა უკრაინისადმი სამხედრო დახმარების გაგრძელებას ათეულობით მილიარდი დოლარის ოდენობით, რუსეთის შეტევების მოსაგერიებლად, მაგრამ დღეს იმ კანონმდებლებიდან ძალიან ცოტა თუ გამოხატავს უკმაყოფილებას პრეზიდენტის პოზიციის მიმართ. ისინი, ვინც მეტ-ნაკლებად მაინც ცდილობენ კრიტიკული პოზიციით გამოსვლას, გულდასმით არჩევენ გამოსათქმელ სიტყვა-ტერმინებს და დონალდ ტრამპს კი არ აკრიტიკებენ, არამედ ვლადიმერ პუტინს.
„რას ვიზამთ… როგორც ჩანს, ჩვენი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ასეთი კურსი აქვს არჩეული“, – თქვა რესპუბლიკელმა სენატორმა ალასკიდან ლიზა მერკაუსკიმ დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის „გადატვირთვის“ თაობაზე. იგი „ნიუ-იორკ თაიმსთან“ საუბრის დროს ძალიან ფრთხილად, თავშეკავებულად ლაპარაკობდა და თავს არიდებდა დონალდ ტრამპის პირდაპირ კრიტიკას. სენატორმა იმედი გამოხატა, რომ აშშ „მხედველობიდან არ გაუშვებს ვლადიმერ პუტინის თავხედურ, უცერემონიო მოქმედებას, რომელმაც ჯარები უკრაინაში შეიყვანა და ამით საერთაშორისო სამართლის ყველანაირი პრინციპი დაარღვია“. „თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ“, – დაამატა სენატორმა.
დონალდ ტრამპი ბოლო დღეებში აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების დაწყებაში უკრაინა არის დამნაშავე. მარა-ლაგოში რეპორტიორების წინაშე გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინას შეეძლო გარიგების დადება და ომის თავიდან აცილება. ოთხშაბათს მან უკრაინის მიმართ კრიტიკა გააძლიერა და და ქვეყნის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი „არარჩეულ დიქტატორად“ შერაცხა.
სენატორ-რესპუბლიკელმა ჩრდილოეთ კაროლინას შტატიდან ტომ ტილისმა, რომელიც ახლახან დაბრუნდა კიევიდან ორ სხვა სენატორთან ერთად, დაადასტურა თავისი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და უკმაყოფილება გამოხატა დონალდ ტრამპის სიტყვებზე ვოლოდიმირ ზელენსკისთან მიმართებით. „მე მსგავსი გამონათქვამებით არ ვისარგებლებდი“, – უთხრა მან ოთხშაბათს რეპორტიორებს, – არ შეიძლება მორალურად გავათანასწოროთ ერთმანეთთან ზელენსკი და პუტინი“.
მაგრამ იგივე ტომ ტილისი, რომელიც საჯაროდ იქადნებოდა, რომ დონალდ ტრამპს წინააღმდეგობას გაუწევდა თავდაცვის მინისტრად პიტერ ჰეგსეთის დანიშვნაზე, შემდეგ რადიკალიზმზე უარი თქვა და ზომიერება ამჯობინა, მხოლოდ ის თქვა, რომ იმედოვნებს დონალდ ტრამპი მხედველობაში მიიღებს ზოგიერთი კაპიტოლიუმელი რესპუბლიკელის ნეგატიურ პოზიციას მინისტრთან მიმართებით. გარდა ამისა, მან ასევე რბილად თქვა: „იქნებ კულუარებში შევეცადოთ პრეზიდენტის გადარწმუნებას ვლადიმერ პუტინის მიმართ ნდობის საკითხშიო“.
როცა აიოველ სენატორ-რესპუბლიკელს ჯონ ერნსტს ჰკითხეს, მხარს უჭერს თუ არა იგი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას, მან უბრალოდ მხრები აიჩეჩა და არაფერი არ უთქვამს. არადა, გასულ წელს ჯონ ერნსტი იმ რესპუბლიკელებს შორის იყო, რომლებმაც მხარი დაიჭირეს უკრაინის დახმარებას. იმ დროს იგი აცხადებდა, რომ „ამერიკამ აუცილებლად უნდა მოახდინოს ძალის დემონსტრაცია მსოფლიო არენაზე, რასაც ჯო ბაიდენის ნაცვლად კონგრესი აკეთებსო“.
ახლა, როცა დონალდ ტრამპმა და ბევრმა რესპუბლიკელმა კანონმდებელმა უარი განაცხადეს თავიანთ მეომრულ რიტორიკაზე პუტინისა და რუსეთის მიმართ, სამხრეთ კაროლინელმა სენატორ-რესპუბლიკელმა ლინდსი გრემმაც შეცვალა თავისი პოზიცია. გავიხსენოთ, რომ იგი ცოტა ხნის წინათ ვლადიმერ პუტინს „თავზეხელაღებულს“ და „სამხედრო დამნაშავეს“ უწოდებდა და აცხადებდა, რომ მას „საქმე უნდა გავურჩიოთო“, დღეს კი, დონალდ ტრამპის ნათქვამის შემდეგ – „პუტინმა მოსკოვში მიმიწვიაო“ – გრემი სულ სხვანაირად ალაპარაკდა: „ჩემთვის სულ ერთია, თუნდაც ისინი ერთმანეთს კლივლენდში შეხვდნენ. ჩემთვის სულ ერთია, თუნდაც მათ ერთად დაისვენონ. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რით იქნებიან ისინი დაკავებულები. მთავარია, მათ ყველაფერი სწორად გააკეთონ“, – თქვა ლინდსი გრემმა ტრამპ-პუტინის სავარაუდო შეხვედრის კომენტირებისას.
ოთხშაბათს სენატორმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დონალდ ტრამპი „უკრაინის ყველაზე უკეთეს იმედს წარმოადგენს ომის სამართლიანი და ღირსეული დასრულებისათვის“. მან იმედი გამოხატა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი წარმატებას მიაღწევს მიზნების შესრულებისას და როგორც ყოველთვის, „ტრამპულად იმოქმედებს“.
მოამზადა სიმონ კილაძემ