
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ დღევანდელ შეხვედრაზე საერთო ოპოზიციურ ფორმატში, არის ის, რომ არავინ მიიღებს მონაწილეობას თეა წულუკიანის რუსულ კომისიაში. ეს რუსული კომისია ემსახურება საქართველოს უახლესი ისტორიის რუსულად გადაწერის მცდელობას და არის მიმართული საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ “ქართული ოცნების” მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა.
ბოკუჩავამ სურვილი გამოთქვა, რომ საერთო ოპოზიციური ფორმატი სხვა ერთობლივი გადაწყვეტილებების საფუძველი გახდეს.
“შეხვედრა, უმეტესწილად, ეხებოდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს მიუნხენში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც ივანიშვილის რუსული რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციის პირობებში, არცერთი არაღიარებული, არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელი არ იყო და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების გაჟღერება ხდება სწორედ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან იქ საუბარი იყო, ბუნებრივია, ახალი საპარლამენტო, სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, როგორც ერთადერთი გზა ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის.
ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ასევე მივიღეთ დღევანდელ შეხვედრაზე საერთო ოპოზიციურ ფორმატში, არის ის, რომ არავინ მიიღებს მონაწილეობას თეა წულუკიანის რუსულ კომისიაში არალეგიტიმური პარლამენტის, რომელსაც არ აქვს ლეგიტიმაცია, არ აქვს აღიარება და ყველას გვესმის, რომ ეს რუსული კომისია ემსახურება საქართველოს უახლესი ისტორიის რუსულად გადაწერის მცდელობას და არის მიმართული საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ.
ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით, საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილება ამ არალეგიტიმურ, რუსულ კომისიაში მონაწილეობის არმიღების, არის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი ოპოზიციის მხრიდან და ნამდვილად ვისურვებდი, რომ ეს ფორმატი, მათ შორის, გახდეს საფუძველი ბევრი სხვა ამგვარი ერთობლივი გადაწყვეტილებების იმიტომ, რომ მიმაჩნია, ამ მართლაც ცივილიზაციურ ომში, სადაც ივანიშვილმა რუსეთის სახელით გამოუცხადა ბრძოლა ქართველ ხალხს, გამოუცხადა ომი სწორედ რუსეთის ინტერესის გათვალისწინებით ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩვენი ეროვნული ინტერესების, ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ, ამ ბრძოლაში მხოლოდ მორალური სიცხადე, მკაფიო პოზიციები და ერთიანობა არის ის, რაც განსაზღვრავს ოპოზიციის წარმატებას. ეს, ბუნებრივია, არ გულისხმობს ფორმალურ გაერთიანებას, მაგრამ მორალურ და პოლიტიკურ სიცხადეს ყველა ფუნდამენტურ, მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის მთავარი მოთხოვნები, და ეს არის ახალი საპარლამენტო, სამართლიანი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რუსულ კომისიაში არმონაწილეობა და იმედი მაქვს, რომ ჩამონათვალი ამ საერთო მოთხოვნებისა და პოზიციების, მათ შორის, ამ ფორმატში მუშაობის შედეგად, კიდევ უფრო გაფართოვდება”, – განაცხადა ბოკუჩავამ.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ასევე შეეხო აეროპორტში მომხდარ ინციდენტსაც, სადაც სალომე ზურაბიშვილს თავს დაესხნენ. ბოკუჩავას თქმით, სალომე ზურაბიშვილს სახის არეში დაზიანებები აღენიშნება.
“პრეზიდენტ ზურაბიშვილს აღენიშნება დაზიანებები სახის არეში და ნამდვილად უკიდურესად სამარცხვინოა და წარმოაჩენს ივანიშვილის არაქართულ სახეს, როდესაც, სამწუხაროდ, ახალგაზრდა გოგო-ბიჭების გამოყენება ხდება, როგორც “ტიტუშკების” იმისთვის, რომ იძალადონ პრეზიდენტის ინსტიტუტზე, იძალადონ ქართველ ქალზე”, – აღნიშნა ბოკუჩავამ