კომისიის წინაშე დასმული საკითხების შეფასება უნდა მოხდეს – სოზარ სუბარი წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის შესახებ

10
spot_img
  • „ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა დიდი ხანია ითხოვს და ელოდება ამ კომისიის შექმნას და დიდი იმედითაც შეჰყურებს, იმიტომ, რომ შეუძლებელია ააშენო სამართლებრივი სახელმწიფო, თუ წარსულს სწორად არ შეაფასებ,” – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა დღეს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველ სხდომაზე, სადაც განიხილებოდა საორგანიზაციო საკითხები. ამავე სხდომაზე დეპუტატებმა კომისიის თავმჯდომარედ თეა წულუკიანი, ხოლო მდივნად სოზარ სუბარი აირჩიეს.
  • სოზარ სუბარმა ხაზი გაუსვა იმ საკითხებს, რაზეც კომისიას მოუწევს მუშაობა და იმ მიზნებს, რასაც ემსახურებოდა მისი შექმნა.
  • „დიდი მადლობა, პირველ რიგში ნდობისთვის და გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა დიდი ხანია ითხოვს და ელოდება ამ კომისიის შექმნას და დიდი იმედითაც შეჰყურებს, იმიტომ, რომ შეუძლებელია ააშენო სამართლებრივი სახელმწიფო, თუ წარსულს სწორად არ შეაფასებ. შეფასება კი, თუნდაც არაერთი, უკვე გაკეთებული აქვს სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს. ხშირად ვიმეორებ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, საქმეში „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, სასამართლომ, როცა თქვა, რომ ადგილი ჰქონდა სისტემურ და სისტემატურ დანაშაულს, ამით სახელმწიფოს პირდაპირ დაავალა გავხსნათ საქმეები და შესაბამისი შეფასება ჩვენც მივცეთ არა მხოლოდ ცალკეულ საქმეს, არამედ მთლიანად რეჟიმს – რა იყო და რა ხდებოდა ქვეყანაში იმ პერიოდში.
  • საკითხი ეხება ძალიან ბევრ მიმართულებას: ადამიანის უფლებების მიმართულებას, სადაც კატასტროფა იყო და ამის ძალიან ბევრი წყარო გვაქვს; საკუთრების უფლებების მიმართულებას, რასთან დაკავშირებით შესაბამისი დეპარტამენტი შეიქმნა პროკურატურაში, რომელმაც ძალიან ბევრი საქმე გამოიძია და ჯერ კიდევ ბევრი საქმე ელოდება თავის რიგს. აქაც, ბუნებრივია, შეფასება იქნება აუცილებელი; ეს არის საქმეები, რაც დაკავშირებულია 2008 წლის მოვლენებთან – ომთან და ამ ომში სახელმწიფოს წინაშე ჩადენილ ღალატთან. ამ ღალატის მკაფიო მაგალითია თუნდაც სტრასბურგის რეზოლუცია 16/33, რომელიც ყველამ კარგად ვიცით და აღარ გავიმეორებ. ასევე, რატომ მოხდა ომის წინ ახალგორის მუნიციპალიტეტის (ახალგორის რაიონი, როგორც მაშინ ერქვა), რომელიც შედიოდა მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, გამოყოფა იქიდან და 20 წლის წინ გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დე-ფაქტო აღდგენა და იქ რაღაც აბსოლუტურად არალეგიტიმური არჩევნების ჩატარება. რა იყო ამის მიზანი? რა იყო მიზანი იმ დარღვევებისა, რაც მოხდა კოდორის ხეობაში, როცა ბატალიონ „მონადირეს“ გადაარქვეს სახელი. მისი წევრები დაიჭირეს, ზოგი ციხეში გარდაიცვალა, ზოგი იძულებული გახდა გაქცეულიყო და რატომ ჩააბარეს კოდორის ხეობა რუსეთს.
  • კომისიის წინაშე ისეთი საკითხებია, რომლებიც არ შეიძლება შეფასების გარეშე დარჩეს და ამ შემთხვევაში პარლამენტის როლი იქნება გადამწყვეტი. შემდეგ, სადაც გამოიკვეთება კონკრეტული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ შეფასება უნდა გაკეთდეს და ამას ელოდება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.
  • მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დარღვევებისა და დანაშაულების უამრავი ფაქტი არსებობს და ყველა მათგანის გადამოწმება მოხდება. საფუძვლად კი დაედება სახალხო დამცველის ანგარიშები, სადაც თავმოყრილია ეს დარღვევები. „არსებობს სახალხო დამცველის ანგარიშები, არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშებიც. არსებობდა კომისია, რომელიც ასევე სწავლობდა ციხეებში ჩადენილ დანაშაულებს და ეს მასალებიც გვაქვს ამოსაწევი”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.