იანვარში სავაჭრო ბრუნვა ორ მილიარდ დოლარს აღემატება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში ეკონომიკური აქტივობა მაღალია-ლევან დავითაშვილი

17
spot_img

იანვარში სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით ორ მილიარდ დოლარს აღემატება და მნიშვნელოვნად, თითქმის 40%-ით არის გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით,- განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

„გაზრდილია ექსპორტიც, რაც ჩვენთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. იანვარში საქართველოდან ექსპორტმა 403 მლნ დოლარი შეადგინა. გაზრდილია ასევე იმპორტიც, რომელმაც მილიარდ 600 მლნ დოლარამდეა. ჯამში, როგორც მოგახსენეთ, სავაჭრო ბრუნვა ორ მილიარდ დოლარს აღემატება, რაც მიუთითებს იმაზე,  რომ საქართველოში მოხმარება გაზრდილია და ეკონომიკური აქტივობა იანვრის თვეში იყო საკმაოდ მაღალი“,- აღნიშნა დავითაშვილმა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2025 წლის იანვარში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა – წინა წლის იანვართან შედარებით ექსპორტი 19.3 პროცენტით გაიზარდა და 403.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში სავაჭრო ბრუნვა 2.0 მილიარდი აშშ. დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 39.2%-ით მეტია.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქონლის ექსპორტისა და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა –  ექსპორტმა 7.8 პროცენტით მოიმატა და 6.6 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 8.3 პროცენტით გაიზარდა და 23.5 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა.