![პრესა1](https://geotimes.ge/wp-content/uploads/2025/02/presa1.jpg)
ბრიტანულ ჟურნალ „ნიუ სთეითსმენში“ (The New Statesman) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპი ღაზას სექტორში ეთნიკური წმენდის განხორციელებას გეგმავს: იმპერიალისტური პროექტი „რივიერა“, როგორც ჩანს, ისრაელელმა ულტრამემარჯვენეებმა მოიფიქრეს“ (ავტორი – რაჯან მენონი, პროფესორი, ომის კვლევის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
დონალდ ტრამპის მეორედ მოსვლამ თეთრ სახლში უკვე წარმოაჩინა მისი დესტრუქციული გეოპოლიტიკური კრეატივობა და მისი ჭკუა-გონების იმპერიალისტური წყობა, რომლის გამო მისი მხარდამჭერებიც კი გაკვირვებას ვერ მალავენ. შეიძლება გრენლანდიის, პანამის არხისა და კანადის შესახებ მისი ნათქვამი ხუმრობაში გაატარო, მაგრამ ღაზას სექტორის შესახებ პრეზიდენტის ნათქვამი იმდენად უჩვეულო და მოულოდნელია, რომ უნებლიედ ადამიანი ეჭვს შეიტანს დონალდ ტრამპის სულიერ მდგომარეობაში.
ამერიკის მეთაურმა, ისარგებლა რა თავისი გამოცდილებით უძრავი ქონების ბიზნესში, წინადადება წამოაყენა ღაზას სექტორის მოსახლეობის – ორი მილიონი პალესტინელი არაბის გაძევება, რათა იქ საფრანგეთ-იტალიის „ლაჟვარდოვანი ნაპირის“ (რივიერის) მსგავსი საკურორტო ზონა შეიქმნას, ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე.
„ახლოაღმოსავლური რივიერა ჩვენი იქნება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დამაჯერებლური ტონით, ანუ დონალდ ტრამპი მსოფლიოს კოლოსალური მასშტაბის მქონე ეთნიკურ წმენდას სთავაზობს: ღაზას მოსახლეობა, უბრალოდ, აყრილ-გაძევებული იქნება მშობლიური მიწა-წყლიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ ღაზა აღარ იქნება პალესტინელთა სამშობლო და გახდება აშშ-ის დანამატი.
ვის შეეძლო ამგვარი გეგმის მოფიქრება და მხარდაჭერა? პირველ რიგში, ალბათ, ებრაელ ულტრამემარჯვენეებს – როგორც რელიგიურს, ასევე საეროს. ისინი ოცნებობენ თავს მოახვიონ ღაზელებს ისეთივე სიტუაცია, რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ხდება: ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა დაჩქარებული ტემპით ახორციელებს ებრაული სოფლების – კიბუცების – მშენებლობას და არაბული მიწების მითვისებას. დონალდ ტრამპმა კი თავისი ამბიციებით მოახერხა ებრაელი ულტრამემარჯვენეებიც უკან ჩამოეტოვებინა.
იბადება კითხვა: ჭირდება ღაზას სექტორს მასშტაბური მრავალწლიანი რეკონსტრუქცია? რა თქმა უნდა, ჭირდება. შენობათა ორი მესამედი, მათ შორის საცხოვრებელი სახლები, სკოლები, მეჩეთები, საავადმყოფოები და მაღაზიები დანგრეულია და 42 მილიონ ტონა ცემენტისა და ხრეშის ნამსხვრევებად არის გადაქცეული. გრანდიოზული მშენებლობის გარეშე ღაზას მოსახლეობა ვერასოდეს ვერ შეძლებს მეტ-ნაკლებად კომფორტული ცხოვრების მიღწევას, მაგრამ დანგრეულის აღდგენა მათი იქიდან გაძევებას არ უნდა ნიშნავდეს. პირიქით, მშვიდობიანი ცხოვრების დამყარება და სოციალურ-ეკონომიკური სფეროს აღდგენა ღაზელებს სამუშაოს მისცემს, შემოსავალი ექნებათ.
მაგრამ დონალდ ტრამპის მიერ გაცხადებული გეგმა უფრო მე-19 საუკუნის იმპერიალისტურ გეგმას ჰგავს, ვიდრე თანამედროვე ადამიანის განზრახვას. ტრამპის გეგმა უგულებელყოფს დემოკრატიულ ფასეულობებს, ადამიანის უფლებებს და მოსახლეობას ტანჯვას უმზადებს. როგორ განახორციელებს დონალდ ტრამპი ორი მილიონი ადამიანის დეპორტაციას, თუ გავითვალისწინებთ მათ სიყვარულს მშობლიური მიწისადმი? ღაზელები მხოლოდ ახლახან დაუბრუნდნენ თავიანთ მიწა-წყალს – დანგრეულს, მაგრამ მაინც მშობლიურს. განა ისინი მშვიდად დათანხმდებიან დონალდ ტრამპის გეგმის რეალიზებას? ამერიკას მათი იქიდან გაძევება ძალადობრივი გზით გაძევება მოუწევს. ამასთან, ძნელი წარმოსადგენია, რომ ღაზაში ამერიკა თავის ჯარს გაგზავნის – დონალდ ტრამპმა კარგად იცის, როგორ გმირულად ებრძვიან „ჰამასელები“ ისრაელის ცახალს.
უკვე აშკარად ჩანს, რომ ისრაელის ულტრამემარჯვენე ძალების გარდა, დონალდ ტრამპის განზრახვას მსოფლიო მხარს არ უჭერს. თვითონ დიდმა ბრიტანეთმაც, რომელიც თითქმის ყოველთვის ეთანხმება ამერიკას, ღაზას მოსახლეობის დეპორტაციის გეგმა უარყო. იგივე შეიძლება ითქვას აშშ-ის სხვა მოკავშირეების – გერმანიისა და საფრანგეთის მიმართაც. გეგმის წინააღმდეგ გამოდიან არაბული ქვეყნების მთავრობებიც, მათ შორის ეგვიპტის, საუდის არაბეთისა და იორდანიის ლიდერები. თურქეთი არაბული სახელმწიფო არ არის, მაგრამ ისიც მკვეთრი კრიტიკით გამოვიდა ვაშინგტონის გეგმების მიმართ.
ღაზას სექტორში გავლენის მქონე „ჰამასი“ ბევრ არაბულ ქვეყნებში არ მოსწონთ, მაგრამ მათ კარგად იციან, რომ თუ ტრამპის გეგმას მხარს დაუჭერენ, „ჰამასი“ ისე გააკეთებს, რომ ღაზელები მათ შეიძულებენ. გარდა ამისა, ისინი აცნობიერებენ იმასაც, რომ ტრამპის გეგმების მხარდაჭერა მასობრივ მიგრაციას გამოიწვევს იმავე არაბული ქვეყნების ტერიტორიას ასი ათასობით პალესტინელი მიაწყდება.
დონალდ ტრამპის ოცნება ღაზაში „ახლოაღმოსავლური ხმელთაშუა ზღვის რივიერის“ შექმნის თაობაზე შეიძლება უტოპიურია, მაგრამ ის მაინც არ გაქრება. ეს აჩვენებს იმას, თუ როგორ განსხვავდება აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ვადა მეორისაგან: იგი არამარტო არ მიდის ახლო აღმოსავლეთიდან, არამედ გეგმავს ამერიკულ საკურორტო ქალაქ-სახელმწიფოს მშენებლობას ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. იგი ერთგულებას ამჟღავნებს ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და ქვეყნის ყველაზე რადიკალური წრეების მიმართ. მოკლედ, დონალდ ტრამპი არამარტო „ტრანზაქციული“ ლიდერია, არამედ იგი კვლავ რჩება როგორც არაპროგნოზირებად და ცვალებად პოლიტიკოსად.
მოამზადა სიმონ კილაძემ