დონალდ ტრამპი – დღევანდელი თეოდორ რუზველტი?-Deutsche Welle

5
spot_img

გერმანული რადიოსადგურის „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle – „გერმანული ტალღა“) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ანალიტიკური სტატია სათაურით: “რუზველტის მსგავსად, ტრამპსაც ნობელის პრემია სურს, უკრაინაში მშვიდობის დამყარებით”(ავტორი – კონსტანტინ ეგერტი), რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტის დონლდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივის პერსპექტივაა განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ბოლო დროს ვაშინგტონიდან და მოსკოვიდან ბევრი სიგნალი მოდის – დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მტკიცედ აქვს განზრახული უკრაინაში მშვიდობა დაამყაროს. ამბობენ, რომ თეთრ სახლს გეგმა უკვე შემუშავებული აქვს, თუმცა ჯერ კიდევ არის დასაზუსტებელი ზოგიერთი დებულება, ამიტომ მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე, 14 თებერვალს, მისი საჯაროდ გამოცხადება ნაადრევი იქნებაო. არ არის გამორიცხული, რომ დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა კიტ კელოგმა ომის დასრულების გეგმის გარკვეული დებულებები მაინც წარმოადგინოს. მიუნჰენის შემდეგ იგი კიევს უნდა ეწვიოს.

სამომავლო გეგმამ რომ იმუშაოს, ამისათვის მთავარია, რომ მოსკოვი და კიევი მზად უნდა იყვნენ დიალოგის დასაწყებად და გარკვეულ დათმობებზე დასათანხმებლად.

დონალდ ტრამპი – დღევანდელი თეოდორ რუზველტი?

გადამდგარი გენერალი ტიმ კელოგი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს აშშ-ის უშიშროების საბჭოში მუშაობდა. იგი ცნობილია იმით, რომ საზოგადოებამდე პრეზიდენტის განზრახვები მიაქვს – თუმც არასრული და შენიღბული სახით, მაგრამ მაინც. გაზეთ „ნიუ-იორკ პოსტისათვის“ მიცემულ ინტერვიუში გენერალმა შუამავლობის მნიშვნელობაზე რომ ლაპარაკობდა, თითქოსდა გაკვრით მოიხსენია აშშ-ის 26-ე პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა რუსეთ იაპონიის 1904-105 წლების დასრულებასა და სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაში. ამისათვის 1906 წელს თეოდორ რუზველტს ალფრედ ნობელის მშვიდობის პრემია მიანიჭეს. როგორც ჩანს, ეს მკაფიო მინიშნებაა: დონალდ ტრამპსაც იგივე მიზანი აქვს – მიიღოს ნობელის პრემია, ყველა კრიტიკოსის „გულის გასახეთქად“. მით უმეტეს, რომ თეოდორ რუზველტი, ისევე როგორც დონალდ ტრამპი, საგარეო პოლიტიკას აშშ-ის ინტერესების თვალსაზრისით ახორციელებდა.

კიტ კელოგი (და, ალბათ, ტრამპიც) თვლიან, რომ სანქციები, რომლებიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ იყო შემოღებული, არასაკმარისად ეფექტურია. მან არ გამორიცხა, რომ ახალი ადმინისტრაცია სანქციებს გააფართოვებს და გააძლიერებს იმ შემთხვევაში, თუ კრემლი მოქნილ პოლიტიკას არ გამოავლენს კიევთან მოლაპარაკების დროს. ეს მთლიანობაში შეესაბამება დონალდ ტრამპის მიერ დეკლარირებულ მტკიცე ნათქვამს, რომ იგი დასჯის ყველას, ვინ მის შეთავაზებას არ დაეთანხმება.

ვლადიმერ პუტინი – დღევანდელი იოსებ სტალინი?

კრემლი აცნობიერებს, რომ შეიძლება მართლაც დაისაჯოს. ალბათ, ამიტომაც პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა მოულოდნელად გამაცხადა, რომ მისი შეფი თავის უკრაინელ კოლეგასთან მოსალაპარაკებლად მზად არის. და ეს ხდება მაშინ, როცა რამდენიმე დღის წინ კრემლი კატეგორიულად აცხადებდა – ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის მანდატი ამოეწურა, ვადა გაუვიდა და მას ლეგიტიმურობა არ აქვსო.

მართალია, კრემლს ჯერ არ მოუხდენია თავისი ადრინდელი განცხადებების დეზავუირება, რომლის თანახმად, მოლაპარაკების დასაწყებად აუცილებელია, რომ უკრაინამ სრულად გაიყვანოს თავისი ჯარები დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან, გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი და გაუქმდეს ანტირუსული სანქციები. როგორც ცნობილია, ვოლოდიმირ ზელენსკი ამ მოთხოვნებს არ ეთანხმება, რადგან მათი მიღება მისთვის როგორც ლიდერისათვის, პოლიტიკურ თვითმკვლელობას ნიშნავს. იმავდროულად, სერიოზულ ტერიტორიულ დათმობებზე დათანხმება მას მხოლოდ ასევე სერიოზული უსაფრთხოების გარანტიების მიცემის შემდეგ შეუძლია – ყველაზე ოპტიმალურია უკრაინის ნატოს წევრად მიღება. სხვათა შორის, ვოლოდიმირ ზელენსკისათვის შეშფოთების საფუძველი უნდა იყოს კიტ კელოგის მიერ ნახსენები ფრაზა – „ვლადიმერ პუტინი მზად არის ბოლო რუს მოქალაქემდე იბრძოლოს… 1942-43 წლებში სტალინგრადისათვის ბრძოლებში საბჭოთა კავშირმა ექვსი თვის განმავლობაში წლის განმავლობაში 700 ათასი ჯარისკაცი გაწირა ისე, რომ თვალიც კი არ დაუხამხამებიაო“. რა თქმა უნდა, ასეთი ნათქვამი რუსული დიქტატურის შესაძლებლობების აშკარა გადაჭარბებაა: ყველაფერი ასე უბრალოდ რომ იყოს, ვლადიმერ პუტინი დიდი ხნის წინ გამოაცხადებდა მობილიზაციას და კიევისაკენ მიმავალ გზას სულ რუსი მებრძოლების გვამებით მოაფენდა.

მაგრამ ვლადიმერ პუტინის რუსეთი იოსებ სტალინის დროინდელი საბჭოთა კავშირი არ არის. მეორე მსოფლიო ომისაგან განსხვავებით, უკრაინასთან ომი რუსეთის მოსახლეობის მიერ არ არის აღქმული როგორც ომი სამშობლოს ბედისა და მომავლისათვის. დღევანდელი რუსეთი უფრო მდიდარი და უფრო გულგრილია, ვიდრე 1942 წელს საბჭოთა კავშირი იყო. ვლადიმერ პუტინი უფრო უარესად აკონტროლებს სახელმწიფო აპარატს, ვიდრე იოსებ სტალინი აკონტროლებდა (გავიხსენოთ რუსული ბიუროკრატიის პარალიჩი „ვაგნერის“ ამბოხის დროს). და ბოლოს, ვლადიმერ პუტინი, ასაკის მიხედვით, ამჟამად ათი წლით უფროსია სტალინგრადის ბრძოლის დროინდელ „კრემლელ კავკასიელთან“ შედარებით.

კაცმა რომ თქვას, ვლადიმერ პუტინს მართლაც გარკვეული შიში აქვს დონალდ ტრამპის არაპროგნოზირებადობისა და იმპულსურობის მიმართ. თუ კიტ კელოგი და მისი შეფი ამას ვერ ხვდებიან, მაშინ ისინი კარგავენ შანსს კრემლი მოლაპარაკებაზე და დათმობებზე აიძულონ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: