ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ბოლომდე მიიყვანს იმ დაპირებას, რაც გასცა USAID-თან დაკავშირებით -კახა კალაძე

3
spot_img

ამდენი ხნის განმავლობაში რაზეც ვსაუბრობდით, დადასტურდა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დახურა ის კრიმინალური ორგანიზაცია, რომელსაც USAID-ი ერქვა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვებზე საპასუხოდ განაცხადა

კალაძის თქმით, აღნისნული ორგანიზაცია ქვეყანაში თანხებს ხარჯავდა პოლარიზაციაში, დაპირისპირებაში, საზოგადოების გახლეჩაში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში.

„საქართველოს ხელისუფლებას თავის ხალხთან დასამალი არაფერი აქვს, ყოველთვის სიმართლეს ვეუბნებით საზოგადოებას. ამდენი ხნის განმავლობაში რაზეც ვსაუბრობდით, დადასტურდა, როდესაც გამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და დახურა კრიმინალური ორგანიზაცია, რომელსაც USAID-ი ერქვა. ორგანიზაცია, რომელიც ქვეყანაში თანხებს ხარჯავდა პოლარიზაციაში, დაპირისპირებაში, საზოგადოების გახლეჩაში, სახელმწიფო გადატრიალების არაერთ მცდელობაში და მოსახლეობის უმრავლესობის მიერ კანონიერად, ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების დამხობაში. გავიხსენოთ წლები და ვნახავთ, როგორ ახორციელებდნენ ამ ყველაფერს. საზოგადოებისთვის კიდევ ბევრი რამ გახდება ცნობილი და ცხადი. კერძოდ, რასთან გვქონდა საქმე, როგორი დამოკიდებულება იყო საქართველოსთან მიმართებით, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. დიდი იმედი მაქვს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ბოლომდე მიიყვანს იმ დაპირებას, რაც გასცა USAID-ის დამარცხებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის განმარტებით, ქვეყნის ხელისუფლება ყოველთვის გაატარებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც საქართველოსა და მისი მოქალაქეების ინტერესებში შედის.