![იორდანიის მეფე](https://geotimes.ge/wp-content/uploads/2025/02/iordaniis-mephe.jpeg)
იორდანია ღაზის სექტორიდან სხვადასხვა მძიმე დაავადების მქონე 2 000 ბავშვს მიიღებს, – ამის შესახებ იორდანიის მეფემ, აბდულა მეორემ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განაცხადა.
„ერთ-ერთი რამ, რისი გაკეთებაც დაუყოვნებლივ შეგვიძლია, არის 2 000 ბავშვის, რომლებსაც კიბო ან სხვა ძალიან მძიმე დაავადება აქვთ, იორდანიაში რაც შეიძლება სწრაფად წაყვანა“, – განაცხადა მეფე აბდულა მეორემ.
აშშ-ის პრეზიდენტმა იორდანიის მეფის გადაწყვეტილებას „შესანიშნავი“ უწოდა.
„2 000 ბავშვი, რომლებსაც კიბო ან სხვა მძიმე დაავადება აქვთ, ეს მართლაც მშვენიერი ჟესტია, ეს ნამდვილად კარგია და ჩვენ ვაფასებთ ამას“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, როგორც ტრამპმა აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ ეგვიპტესთან შეთანხმებას მიაღწევს.
„პალესტინელები ან ის ხალხი, რომელიც ახლა ღაზაში ცხოვრობს, შესანიშნავად იცხოვრებენ სხვა ადგილას. ისინი უსაფრთხოდ იცხოვრებენ. არავინ დააპირებს მათ მოკვლას და არ მოუწევთ 10 წელიწადში ერთხელ სხვაგან წასვლა. ჩვენ შევძლებთ რაღაცის გაკეთებას. არა 100%-ით, მაგრამ 99%-ით მჯერა, რომ ეგვიპტესთან ერთად რაღაცას მოვახერხებთ“, – განაცხადა ტრამპმა.