![imedi-2](https://geotimes.ge/wp-content/uploads/2025/02/imedi-2.png)
დღეს დაიწყო გლობალური მთავრობათა სამიტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მონაწილეობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისა და პოზიციონირებისთვის, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, დაგეგმილია შეხვედრები, როგორც მასპინძელი ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან, ასევე ადგილობრივი წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელობასთან.
„ჩვენ გვაქვს დაგეგმილი ძალიან მნიშვნელოვანი, მაღალი რანგის შეხვედრები, ერთის მხრივ მასპინძელი ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან, სადაც ჩვენ ვისაუბრებთ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და გამყარებაზე, ტურიზმის, ისევე როგორც ავიაციის მიმართულებით თანამშრომლობაზე.
ამასთანავე, შეხვედრები შედგება ადგილობრივი წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელობასთან და მათთან ვისაუბრებთ ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, სიტყვით მიმართოს გლობალურ ლიდერებს და მათ წარუდგინოს ჩვენი ქვეყნის შედეგები, მეორეს მხრივ კი მათ გააცნოს ჩვენს ქვეყანაში არსებული ბიზნესისა და საინვესტიციო გარემო“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.