![kkkkkkkkkkkk](https://geotimes.ge/wp-content/uploads/2025/02/kkkkkkkkkkkk.png)
მთავრობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს“ შექმნას გეგმავს, რომელიც გრანტებს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის გასცემს.
კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ. პროექტი მთავრობამ მოამზადა.
მთავრობის ინფორმაციით, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო საბიუჯეტო სახსრებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შერჩეულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე გასცემს.
პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში სამოქალაქო ინიციატივების მხარდასაჭერად გათვალისწინებულია 20 მილიონი ლარი, რაც მოხმარდება როგორც სააგენტოს შექმნას და ფუნქციონირებას, ასევე, გრანტის სახით გასაცემი თანხების დაფინანსებას.
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოში დაახლოებით ათი პირი დასაქმდება.
“საზოგადოებრივი ორგანიზაციები დემოკრატიული საზოგადოებისა და სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია. ამგვარი ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის განვითარებაში თავიანთი საზედამხედველო (ე.წ. watchdog), ანალიტიკური (ე.წ. think tank) თუ სერვისების მიმწოდებელი (ე.წ. service provider) პროფილიდან გამომდინარე. ისინი აკვირდებიან ხელისუფლების საქმიანობას სხვადასხვა სფეროებში, სთავაზობენ მას საკითხის ალტერნატიული გადაწყვეტის გზებს, ხელს უწყობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფისთვის სპეციალიზებული მომსახურებების შეთავაზებით, ხელისუფლების დამხმარე ფუნქციებს ითავსებენ.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობა სახელმწიფოსგან დამოუკიდებელია, ევროპის არაერთ ქვეყანაში სახელმწიფო ფინანსებით მათი განვითარების ხელშეწყობისა და წახალისების წარმატებული პრაქტიკა არსებობს.
რიგ ქვეყნებში ამგვარ ორგანიზაციათა სახელმწიფო მხარდაჭერის ერთიანი პოლიტიკის განხორციელება, მათ შორის მათი ფინანსური მხარდაჭერისთვის საჯარო კონკურსების გამოცხადების გზით, უზრუნველყოფილია კონკრეტულად ამ მიზნისთვის შექმნილი დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულების მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსების წყაროდ მეტწილად უცხოური აქტორები გვევლინება, რომლებიც ძალაუნებურად განსაზღვრავენ აღნიშნული ორგანიზაციების საქმიანობის დღის წესრიგს, საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, შეიქმნას საქართველოს მთავრობის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, რომლის მიზანი იქნება საქართველოს ბიუჯეტით საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომელთა საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან“, – ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.