ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 9 პირი, მათ შორის ნინო ქათამაძე, ლადო აფხაზავა, მაია ცირამუა და ჟურნალისტები სამართალდამრღვევად ცნო და 5000-5000 – ლარიანი ჯარიმა დააკისრა

219
spot_img

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცხრა პირი სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 -5 000 – ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ჯარიმა დაეკისრათ: გელა მთივლიშვილი – ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი; ნინო ქათამაძე – მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი; ვლადიმერ აფხაზავა – მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ხვიჩა ვაშაყმაძე – ჟურნალისტი; ქეთევან ფილაური – ფსიქოლოგი; მაია ცირამუა – ფსიქოლოგი; ირინა ზარანდია – სამოქალაქო აქტივისტი; გივი ცინცაძე – ლანჩხუთის საკრებულოს წევრი; ეკა კუხალაშვილი – „ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე შსს ცხრავე პირის, სამართალდამრღვევად ცნობას და მათ მიმართ ჯარიმის დაკისრებას ითხოვდა. ამ მოთხოვნას არ ეთანხმებოდნენ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირები და მათი ადვოკატები.

სასამართლოში სოლიდარობის ნიშნად შეკრებილი იყვნენ, მათი კოლეგები და ახლობლები. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება 26 იანვარს, ქუთაისში მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან გამართული აქციის გამო დაიწყო. შეკრებილები “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელ მზია ამაღლობელის პატიმრობას აპროტესტებდნენ და სოლიდარობას უცხადებდნენ.

საქმეზე წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობდა.