![Screenshot_1](https://geotimes.ge/wp-content/uploads/2025/02/screenshot_1-3-1068x598.jpg)
„აშშ-სათვის მნიშვნელოვანია განამტკიცოს ურთიერთობები აზერბაიჯანთან – რუსეთისა და ირანის უშუალო მეზობელთან. ბაქოსთან ახლო კავშირით ვაშინგტონი შეძლებს გაუსწორდეს ორივეს – თეირანს და მოსკოვს და შეწყვეტს მათ მცდელობებს ერთად იმოქმედონ დასავლეთის წინააღმდეგ“, – ნათქვამია ამერიკულ ჟურნალ „ნეიშენელ ინთერესთში“ (The National Interest) გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „აზერბაიჯანი აშშ-ის დასავლეთ ევრაზიულ სტრატეგიაში“ (ავტორი – ქამრან ბოჰარი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ვაშინგტონს შეუძლია ისარგებლოს ბაქოსა და იერუსალიმს (ისრაელს) შორის არსებული ურთიერთობებით ირანის გეოპოლიტიკური ამბიციების შესაკავებლად.
სირიიდან გაძევებული ირანი რევიზიონისტულ სახელმწიფოს წარმოადგენს (ანუ ისეთ ქვეყანას, რომელიც უკმაყოფილოა თავისი მდგომარეობით საერთაშორისო სისტემაში) და აქედან გამომდინარე, ის სამომავლოდ წინა აზიაში ყოველთვის ამერიკული სტრატეგიის მოწინააღმდეგე და შესაბამისი რისკების გამომწვევი იქნება. ისრაელსა და ზომიერ სუნიტურ არაბულ ქვეყნებს (გაერთიანებული საემიროები, ბაჰრეინი, იორდანია, მაროკო და.შ.) შორის 2020-21 წლებში ხელმოწერილი ე.წ. „აბრაამის შეთანხმებები“, რომლებიც დონალდ ტრამპის ძალისხმევით ჯერ კიდევ მისი პირველი პრეზიდენტობის დროს დაიწყო, მართალია, რეგიონის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვან კომპონენტს შეადგენენ, მაგრამ მაინც არასაკმარისია. დონალდ ტრამპის მეორე ადმინისტრაციას მოუწევს თავისი მეგობრებისა და მოკავშირეების დარაზმვა, რომ რეგიონულ მშვიდობას ძალის გამოყენებით მიაღწიოს.
ამ კონტექსტში ისრაელსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს არამარტო ახლო აღმოსავლეთისათვის, არამედ აშშ-ის საერთო სტრატეგიული პრიორიტეტებისათვის, კერძოდ, ევრაზიის კონტინენტზე.
ირანი ბოლო დროს სირიაში (და მთლიანობაში, ახლო აღმოსავლეთში) განცდილი სტრატეგიული დანაკარგების (მარცხის) შემდეგ აქტიურად ცდილობს კავშირების გაფართოებას რუსეთთან და პაკისტანთან.
ყურადღება მივაქციოთ ქრონოლოგიას: 17 იანვარს ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზესკიანი მოსკოვში ჩავიდა, სადაც იგი, ექვსი თვის განმავლობაში, მესამედ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და ხელი მოაწერა 20-წლიან ხელშეკრულებას ყოვლისმომცველ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, ხოლო 20 იანვარს ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მოჰამედ ბაგერი პაკისტანს ეწვია, სადაც მან თავის კოლეგასთან და სამხედრო სფეროს სხვა წარმომადგენლებთან უშიშროებისა და სასაზღვრო კონტროლთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. მთავარი ირანელი სამხედრო ჩინოვნიკი, რომელიც მრავალრიცხოვან დელეგაციას ხელმძღვანელობდა, შეხვდა როგორც თავდაცვის მინისტრს, ასევე პაკისტანის პრეზიდენტსაც. ნიშანდობლივია, რომ პაკისტანში მოლაპარაკება იმ დღეს გაიმართა, რა დღესაც აშშ-ის პრეზიდენტი ინაუგურაციის დროს კაპიტოლიუმში ფიცს სდებდა.
ირანის მიერ გადადგმული ასეთი ნაბიჯების შუქზე, განსაკუთრებით რუსეთთან უკვე არსებული მჭიდრო კავშირების კიდევ უფრო მეტად განმტკიცების გათვალისწინებით, თეთრი სახლის ადმინისტრაციას და პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არასტანდარტული ზომების მიღება და დაფიქრება მოუწევს. ამისათვის ვაშინგტონს შორს წასვლა არ დაჭირდება იმისათვის, რომ აზერბაიჯანის მიერ სამომავლოდ შესასრულებელი სავარაუდო როლის მნიშვნელობა გაიგოს.
აზერბაიჯანი კავკასიური სახელმწიფოა, რომლის მოსახლეობის უმრავლესობას მუსლიმანები შეადგენენ და რომელსაც საკმაოდ გრძელი საზღვარი აქვს ირანთან და რუსეთთან, ანუ შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანი რუსეთს და ირანს ერთდროულად მიჯნავს ერთმანეთისაგან და იმავდროულად აერთიანებს კიდეც. აზერბაიჯანი აქტიურად ავითარებს სავაჭრო დერეფანს „ჩრდილოეთ-სამხრეთს“, ხოლო ბაქოს კასპიის ზღვისპირა ნავსადგური მნიშვნელოვან ჭიშკრად ითვლება იმ პროდუქციისათვის, რომელიც ცენტრალური აზიიდან ევროპისაკენ მიდის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიის გავლით.
გაიმარჯვა რა 2020 წელს სომხეთთან ომში მთიანი ყარაბაღის გამო, აზერბაიჯანი სულ უფრო მეტად აჩენს თავის სახეს გაძლიერებული საშუალო დონის სახელმწიფოდ. მართალია, ბაქო ჯერ-ჯერობით უმეტესად თავისი რეგიონული საკითხების მოგვარებით არის დაკავებული – სომხეთს „საქმეებს ურჩევს“, მაგრამ ის უკვე იწყებს თავისი სტრატეგიული პოზიციების განმტკიცებასაც – უფრო აღრმავებს კავშირებს კასპიელ და ცენტრალურაზიელ მეზობლებთან.
აზერბაიჯანული სამგზავრო ავიალაინერთან დაკავშირებულმა ტრაგიკულმა ფაქტმა, რომელიც შობის დღეს რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა რაკეტით დააზიანეს (და შემდეგ ყაზახეთში ჩამოვარდა), ბაქოს დამატებითი ბერკეტები მისცა თავის აგრესიულ ჩრდილოელ მეზობელზე ზემოქმედების მოსახდენად. ამას მოწმობს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის უჩვეულოდ მკვეთრი განცხადებები კრემლის მისამართით, რომელიც შეეცადა თავისი როლის უარყოფას თვითმფრინავის კატასტროფაში.
აზერბაიჯანი ახლო აღმოსავლეთის საქმეებშიც ხშირად საკვანძო როლს ასრულებს. საყურადღებოა, რომ მას რთული ორმხრივი ურთიერთობები აქვს ირანთან. ბაქო თავს არიდებს კონფლიქტს, თუმცა ცდილობს თავისი ინტერესები დაიცვას. აზერბაიჯანი შიიტურ, მაგრამ მაინც უმეტესად საერო სახელმწიფოს წარმოადგენს. ისევე როგორც სხვა ლაიცისტურ (სეკულარულ) ქვეყნებს, მასაც ემუქრება ირანული რადიკალური შიიტური ისლამიზმი, რომლის ექსპორტს თეირანი ათწლეულების განმავლობაში ცდილობს. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ირანისა და სომხეთის მრავალწლიანი ალიანსი ბაქოს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს..
და მაინც აზერბაიჯანის ახლოაღმოსავლური პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს ისრაელთან – აშშ-ის საკვანძო მოკავშირესთან – 30 წლის განმავლობაში არსებული სტრატეგიული ურთიერთობა წარმოადგენს: ბაქო ისრაელის ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტორი გახდა. ისრაელი, თავის მხრივ, აზერბაიჯანისათვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მსხვილი მიმწოდებელია. რადგანაც ორივე ქვეყანას ირანული ექსპანსიონიზმი ემუქრება, ბაქოსა და იერუსალიმს ერთმანეთთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აქვთ, განსაკუთრებით სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაში. ორივე ხელს უშლის ირანის მცდელობებს რეგიონში თავისი ძალა და ხელისუფლება განამტკიცოს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კასპიის ნავთობის მიწოდება ისრაელისათვის „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენით არ შეწყვეტილა ისრაელ-„ჰამასის“ ომის დროსაც კი, რომელიც 15 თვეს გრძელდებოდა. ამასთან ერთად, აუცილებელია ხაზი გაესვას აზერბაიჯანის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია თავისი ახლო მოკავშირის – თურქეთის ანტიისრაელურ პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად. რომ არა ბაქოს „დამამშვიდებელი“ მოქმედება, რეჯეფ ერდოღანის მთავრობა, მისი იდეოლოგიური (ისლამისტური) ორიენტაციის გათვალისწინებით, შეიძლებოდა კიდევ უფრო ანტიებრაული პოზიციების მქონე გამხდარიყო.
ამრიგად, ჩნდება გეოპოლიტიკური სქემა: ვაშინგტონს შეუძლია ისარგებლოს ბაქოსა და იერუსალიმს შორის არსებული ურთიერთობით, რომ თეირანის გეოპოლიტიკური ამბიციები შეაჩეროს. აზერბაიჯანს შეუძლია აშშ-ისათვის საკვანძო მოკავშირე გახდეს როგორც თეირანის შეკავების საქმეში, ასევე ანკარასთან დამატებით დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი არხის სახით. გასათვალისწინებელია, რომ თურქეთი, მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და აქედან გამომდინარე, აშშ-ის სამხედრო მოკავშირეა, მათი ინტერესები ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს (თუმცა ირანთან მიმართებით მეტ-ნაკლებად ერთნაირია). შესაბამისად, აშშ-ის ინტერესებში უნდა იყოს აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაღრმავება რეგიონული ბალანსის შესანარჩუნებლად – განსაკუთრებით ახლა, როცა მნიშვნელოვანია ძალოვანი წონასწორობის დაცვა თურქეთსა და სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს შორის.
დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაციისათვის აუცილებელია აგრეთვე ყურადღებით ადევნოს თვალი აზერბაიჯანისა და რუსეთის ურთიერთობის მიმდინარეობასაც. თურქეთი უკვე პოზიტიურ შედეგებს იმკის ბაქოსთან ახლო კავშირების მეშვეობით, რაც შესაძლებლობას აძლევს ანკარას თავისი გავლენა გააფართოოს როგორც შავი ზღვის, ასევე კასპიის ზღვის აუზში.
მოკლედ, აშშ-სათვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს აზერბაიჯანთან კავშირების განმტკიცებას – ანუ ისეთ ქვეყანასთან, რომელიც ვაშინგტონის მოწინააღმდეგეებს – რუსეთს და ირანს ესაზღვრება. ეს დაეხმარება ამერიკას, რომ თავის ორივე არაკეთილისმსურველს გაუსწორდეს, ასევე ხელი შეუშალოს მათ ერთობლივი ანტიდასავლური პოლიტიკის გატარების მცდელობაში.
მოამზადა სიმონ კილაძემ