კაია კალასი და მარტა კოსი საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ განცხადებას ავრცელებენ

7
spot_img

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიულ სტანდარტებს უფრო მეტად შორდება.

კაია კალასი და მარტა კოსი ერთობლივ განცხადებაში ხაზს უსვამენ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების დაჩქარებული მიღება საქართველოს საზოგადოებაზე სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს. ამასთან, მათი მოსაზრებით, ცვლილებები არსებითად „გამოუთხრის ძირს გამოხატვის თავისუფლების და შეკრების თავისუფლების უფლებებს, ისევე როგორც მედიის თავისუფლებას“.

მათი განცხადებით, მოვლენები საქართველოს დემოკრატიული განვითარების სერიოზულ რეგრესს ასახავს და არ ამართლებს არანაირ მოლოდინს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიმართ. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეაჩეროს ეს ზომები, თავი შეიკავოს დაძაბულობის შემდგომი გაზრდისგან და დაელოდოს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს.

ამასთან, ევროპელი ლიდერები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული; უზრუნველყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

ამასთან, აღინიშნება, რომ ნდობისა და დიალოგის აღსადგენად არცერთი ვარიანტი არ უნდა გამოირიცხოს.

„გავხდით მოწმენი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიულ სტანდარტებს უფრო მეტად შორდება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების დაჩქარებული მიღება საქართველოს საზოგადოებაზე სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს. ეს ცვლილებები არსებითად გამოუთხრის ძირს გამოხატვის თავისუფლების და შეკრების თავისუფლების უფლებებს, ისევე როგორც მედიის თავისუფლებას.

ეს მოვლენები საქართველოს დემოკრატიული განვითარების სერიოზულ რეგრესს ასახავს და არ ამართლებს არანაირ მოლოდინს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიმართ.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეაჩეროს ეს ზომები, თავი შეიკავოს დაძაბულობის შემდგომი გაზრდისგან და დაელოდოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE / ODIHR) დასკვნას, სახალხო დამცველის მოთხოვნის შესაბამისად.

საქართველოს ხელისუფლებამ განსხვავებული აზრის ჩასახშობად დაშინების ტაქტიკასა და ძალადობას მიმართა. მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეები, ჟურნალისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თავიანთი ფუნდამენტური უფლებების განხორციელების გამო დევნის სამიზნე გახდნენ. დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმე კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება ჟურნალისტებს და ყველას, ვინც აზრს თავისუფლად გამოხატავს. ამჟამად მოშიმშილე მზია ყველა უსამართლოდ დაკავებულის გამბედაობის სიმბოლოა. ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული. მოვუწოდებთ ხელისუფლებას უზრუნველყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ნდობისა და დიალოგის აღსადგენად არც ერთი ვარიანტი არ უნდა გამოირიცხოს. ბოლო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის ანგარიშის რეკომენდაციები სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს. ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ მიმართულ ყველა ძალისხმევას”, – აღნიშნულია განცხადებაში.