პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარის სახელზე როდესაც წერდნენ მიმართვებს, რა მოლოდინი ჰქონდათ, არ ელოდნენ, რომ მანდატებს შეუწყვეტდნენ, თუ ეს ისტერიკა საიდან წამოვიდა?-ბექა ლილუაშვილი

2
spot_img

ჩვენს პოზიციაში არაფერი შეცვლილა, ჩვენი მხრიდან პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება, თუნდაც ე.წ. თავმჯდომარის მისამართით ჩვენი მიმართვის გაფორმებით. აჟიოტაჟს, რომელიც ხელოვნურადაა შექმნილი, ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგზე არანაირ გავლენა არ აქვს, – ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

„მანდატების საკითხზე ახალი და შეცვლილი არაფერია. თავის დროზეც, როცა ამაზე იყო საუბარი, ვთქვით, რომ ჩვენ ივანიშვილის ხელში არანაირ ბერკეტს არ მოვაქცევთ, გავლენა იქონიოს ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგზე. აჟიოტაჟს, რომელიც ხელოვნურადაა შექმნილი, ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგზე არანაირ გავლენა არ აქვს. ჩვენ ვთქვით, რომ თანმიმდევრულად მივყვებით. პარლამენტს ჩვენი მხრიდან არანაირი ლეგიტიმაცია არ ექნება, მათ შორის, არც იმ ნაწილში, რომელშიც შეიძლება ამ ლეგიტიმაციის გარკვეულწილად აღიარება გამოხატული იყოს თუნდაც პარლამენტში ან პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარის მისამართით ჩვენი მიმართვის გაფორმებით. ჩვენთვის არაფერი შეცვლილა, ჩვენს პოზიციაზე ვრჩებით“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, ვიღაცის ისტერიკით ან კომპლექსებით არის გამოწვეული ფორმულირებები, განცხადებები თუ შეფასებები.

„ამ ხალხს ჰკითხეთ – როდესაც მანდატების შეწყვეტაზე პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარის სახელზე წერდნენ მიმართვებს, რა მოლოდინი ჰქონდათ? იმედი გაუცრუვდათ, არ ელოდნენ, რომ მანდატებს შეუწყვეტდნენ თუ ეს ისტერიკა საიდან წამოვიდა? განცხადების დაწერიდან დღეს რა შეიცვალა? არც მაშინ დაგვიწერია განცხადება, როცა ემოციების შეჯიბრება იყო და დღეს რა შეიცვალა?! ერთადერთი, რაც შეიცვალა, განცხადებები დააკმაყოფილა „ქართულმა ოცნებამ“ და ამ ხალხს ეს მოლოდინი არ ჰქონდა?“ – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, „გახარია – საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ არ მისცემს საშუალებას, გავლენა მოახდინოს მათ პოლიტიკურ დღის წესრიგზე.

„რას ნიშნავს, ან მიმართავთ, ან არ მიმართავთ? ჩვენს პოზიციაში არაფერი შეცვლილა. ამ საკითხთან მიმართებით ჩვენი პოლიტიკური პოზიცია უცვლელია. შესვლაზე საუბარიც ზედმეტია, ან კომიტეტში გაწევრიანებაზე, ან რაიმე ფორმით ლეგიტიმაციის მიცემაზე. ახლა ვიღაცას რაღაც ეჭვები თუ უჩნდება, ეგ ეჭვები მჩხიბავებთან გადაამოწმონ. ჩვენი დღის წესრიგით მანიპულირების საშუალებას არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც „ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

რაც შეეხება „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ სალომე ზურაბიშვილმა სასწრაფოდ უნდა შეკრიბოს ყველა პოლიტიკური ძალა, რომ ერთიანი პლატფორმა შეიქმნას, ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ „ბოლო პერიოდში ვაშაძე ამ მოსაზრებას ძალიან აქტიურად ლობირებს“.

„დაველოდოთ, რამდენად გაითვალისწინებს სალომე ზურაბიშვილი ვაშაძის მოწოდებას ან რჩევას. არასდროს ვსაუბრობ თეორიულ შესაძლებლობებზე. რაც შეეხება თანამშრომლობის კონტექსტს სხვა ოპოზიციურ ძალებთან, იმ საკითხებში, რომლებიც ეხება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და საგარეო პოლიტიკურ კურსს, უკანონო პატიმრების გამოშვებას, ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას, ამ მიმართულებით ვთანამშრომლობთ. სხვა მხრივ, იდეოლოგიური ერთობა და იდენტობა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან და წინა რეჟიმის სახესხვაობებთან, რა თქმა უნდა, ვერ და არ გვექნება“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.