“2024 წელს უკრაინაში სიკვდილიანობის დონემ შობადობის დონეს სამჯერ გადააჭარბა”-Newsweek

10
spot_img

„გასულ წელს უკრაინაში სამჯერ მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა“, – ნათქვამია აშშ-ის ჟურნალის „ნიუსვიქის“ (Newsweek) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: “2024 წელს უკრაინაში სიკვდილიანობის დონემ შობადობის დონეს სამჯერ გადააჭარბა” (ავტორი – ჯონ ჯექსონი), რომელშიც განხილულია უკრაინის დემოგრაფიული პრობლემები.

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვარიანტს: 

უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, 2024 წელს უკრაინაში სიკვდილის 495 090 ფაქტი დარეგისტრირდა, რაც თითქმის სამჯერ მეტია ახალდაბადებულთა რაოდენობასთან შედარებით.

უწყების მონაცემებით, 2024 წელს უკრაინაში დაიბადა 176 679 ბავშვი. ეს ნიშნავს, რომ შობადობა, 2023 წელთან შედარებით, 5,7%-ით დაეცა.

რას მალავს ხელისუფლება: ცოცხლები და მკვდრები

მიმდინარე წელს ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო, სამწლიან ზღვარს გადალახავს. ზოგადად, ორივე დაპირისპირებულმა მხარემ მძიმე დანაკარგები განიცადა, თუმცა ზუსტი ციფრები დაჭრილებისა და დაღუპულების თაობაზე უცნობია – რუსეთის და უკრაინაც დანაკარგების ნამდვილ რაოდენობას მალავენ და სახელმწიფო საიდუმლოდ მიიჩნევენ.

უნდა ვიცოდეთ, რომ უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მონაცემები სიკვდილიანობისა და შობადობის თაობაზე ასახავენ სიტუაციას მხოლოდ ქვეყნის მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. ანგარიშში ის სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც რუსების მიერ დაკავებულ ტერიტორიებს ეხება, არასრულია (მაგალითად, დონეცკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებს), ხოლო ლუგანსკის ოლქისა და ყირიმის მონაცემები ანგარიშში საერთოდ არ არის.

იუსტიციის სამინისტროს გაცხადებული ციფრების თანახმად, 2024 წელს უკრაინაში 176 679 ბავშვი დაიბადა. შედარებისათვის: 2021 წელს, ომის დაწყების წინ, ქვეყანაში 273 772 ბავშვის დაბადება იქნა რეგისტრირებული.

ყველაზე მეტი ბავშვი 2024 წელს კიევში დაიბადა – 19 706, მეორე ადგილზეა ლვოვის ოლქი – 15 642, მესამეზე – დნეპროპეტროვსკის ოლქი, 14 029 ბავშვით.

ყველაზე ნაკლები ახალდაბადებული (434) დაფიქსირდა ხერსონის ოლქში. როგორც კიევის გაზეთ Kyiv Independent-შია განმარტებული, ხერსონის ოლქი ნაწილობრივ რუსეთის ჯარებს აქვთ დაკავებული, ხოლო ოლქის ის ტერიტორია, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს, მუდმივად დაბომბის ქვეშ არის. შესაბამისად, მოსახლეობა ცოტაა და ბავშვების გაჩენაზე ნაკლებად ფიქრობენ.

სიკვდილიანობა და ქორწინება უკრაინაში

გასულ წელს სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დონე დნეპროპეტროვსკის ოლქში აღინიშნა – 53 268. მეორე ადგილზეა კიევი (35 528), მესამეზე – ხარკოვის ოლქი (34 883).

იუსტიციის სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა ქორწინებების რაოდენობაც: 2024 წელს უკრაინაში 150 201 ქორწინება დაფიქსირდა, ხოლო განქორწინება – 141 800. ყველაზე მეტი წყვილი დაქორწინებულა კიევში (20 862), ამასთან დედაქალაქში ასევე დაფიქსირდა ყველაზე მეტი განქორწინებც – 4 407.

იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცხადებული ქორწინებისა და განქორწინებათა რაოდენობა მაინცდამაინც დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საზღვარგარეთ მყოფი უკრაინელების ოჯახური მდგომარეობა ხშირად ცნობილი არ არის, მონაცემები არაზუსტია.

ომის მიმდინარეობისას ყველაზე ნაკლები განქორწინება იყო 2022 წელს. სხვათა შორის იმავე წელს დაფიქსირდა ქორწინებათა ყველაზე მეტი რაოდენობა (222 900) და განქორწინებათა ყველაზე მცირე რიცხვი – 91 000.

ფსიქოლოგები ამას იმით ხსნიან, რომ ომის დაწყების გამო ადამიანები ქორწინებაში ხსნას ეძებდნენ, მაღალი იყო ნდობისა და ურთიერთდახმარების ფაქტორი – მოსალოდნელი გაურკვეველი სიტუაციის გამო. მაგრამ ომის მეორე და მესამე წელს სიტუაციამ შეცვლა დაიწყო: განქორწინებების რაოდენობამ მოიმატა. რა თქმა უნდა, ამის მიზეზებიც არსებობს: ომით გამოწვეული საყოფაცხოვრებო პრობლემების გამწვავება, ფიზიკური ძალადობა ოჯახებში, მშობლების გავლენა („რა დროს ქორწინებაა, არავინ იცის, როდის დაიღუპება!“), ღალატი, მავნე ჩვევები და ა.შ. თუმცა, ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ომით გამოწვეულ სტრესსაც, როცა ადამიანები წყობიდან იოლად გამოდიან და ემოციებს ვერ იკავებენ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: