ბრიტანულ ცნობილ გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent) რუბრიკით „მოგზაურობა“ გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ევროპისათვის ჯერ კიდევ უცნობი გასტრონომიული სამოთხე, სადაც ღვინო და საჭმელი ძალზე იაფია“ (ავტორი – მარიანა ჰანტი). ბრიტანელებს ძალიან მოეწონებათ საქართველო, სადაც ბევრი ბევრი რამ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია სეტანილი“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
ჩვენ იმ საღამოს ათამდე სადღეგრძელო დავლიეთ. წითელი ღვინო ძალიან იოლად და მსუბუქად ისმებოდა და მიუხედავად იმისა, რომ არ მშიოდა, ხაჭაპურის ბოლო ნაჭერი იმდენად მაცდუნებლად მოჩანდა, რომ ვერ მოვითმინე… ვუყურებდი სუფრას და ვფიქრობდი: რას მიქვია საფრანგეთი… აი, სწორედ აქ, საქართველოში იციან მეღვინეობა და ღვინის კულტურა.
ღვინო, რომელსაც ვსვამდით, „ქართული საფერავი“ იყო, რომელიც ფრანგული „ბორდოს“ ჰგავს. ვაზის ჯიში „საფერავი“ საქართველოში ვენახის მეფეა – ქვეყანაში, რომელსაც პრეტენზია აქვს იყოს მსოფლიოში მეღვინეობის ყველაზე უძველესი კულტურის ცენტრი.
მე ვიყავი სახალხო მომღერლის, ფერმერ სიმონ რუაძის ოჯახში, რომელიც განთქმულია მთელ კახეთში – საქართველოს იმ რეგიონში, სადაც ქართული ღვინის 80% მზადდება.
აქაური ღვინის ხარისხი მაღალია, ფასი კი ძალიან დაბალი – ბევრ ადგილობრივ რესტორანში ერთი ბოთლი უმაღლესი ხარსისხის ღვინო სულ რაღაც 2 გირვანქა სტერლინგი ღირს. ღვინო საქართველოში ეროვნული სიამაყის სიმბოლოს წარმოადგენს, რომელიც იუნესკოს მიერ არის აღიარებული.
ქართული ღვინის მოხმარების წესებს მეტ-ნაკლებად რომ დაეუფლო, ამისათვის აუცილებელია მონაწილეობდე ტრადიციულ სუფრაში, რომლისთვისაც დამახასიათებელია გემრიელი ეროვნული საჭმელები, სასმელები და სიმღერები. ქართული ტრადიციული სუფრა („ქეიფი“) შეიძლება მთელი დღე გაგრძელდეს (ზოგჯერ მთელი ღამის განმავლობაშიც!) და მას თან ახლავს მრავალრიცხოვანი სადღეგრძელოები. სუფრას უძღვება სპეციალურად დანიშნული თამადა ანუ „სადღეგრძელოთმცოდნე“.
სიმონი გულუხვად გვიმასპინძლდება ტრადიციული ქართული სუფრით, რომლის ორგანიზება ტურისტული ოპერატორის Regent Holidays-ის ხელშეწყობით განხორციელდა (მეც სწორედ მისი დახმარებით ვმოგზაურობ). სიმონის შვილი და შვილიშვილი სუფრას რომ შლიდნენ, გაკვირვებული დავრჩი ეროვნული კერძების სიუხვით – ისინი უწყვეტად, საჭმელების ერთგვარი აღლუმის სახით, ეზიდებოდნენ ათასნაირ ქართულ ნუგბარს: ხაჭაპურებს, ბადრიჯნისგან მომზადებულ კერძებს (ნიგვზით), შემწვარ გოჭს და, რა თქმა უნდა, ბევრ ღვინოს. საჭმელთა ნაკადი დროებით მხოლოდ სიმონის მიერ წარმოთქმული სადღეგრძელოების დროს ჩერდებოდა.
თამადის მიერ თქმული სადღეგრძელოები მრავალი ელემენტისაგან შედგება – დაწყებული „შევსვათ უფლისა და სამშობლოს დიდებისათვის“ და დამთავრებული გრძელი ისტორიებით ბავშვობაზე, ხუმრობებით ვლადიმერ პუტინზე და სიმღერა-ცეკვებით – თვითონ თამადისა და მისი შვილიშვილის შესრულებით. ეს არის სრულიად უნიკალური გამოცდილება, რომელიც არ ჰგავს არცერთ მათგანს, რომლებიც მე მსოფლიოს მეღვინეობის რეგიონებში მინახავს.
და რაც ყველაზე სასიამოვნოა, თქვენ შეგიძლიათ ეს ყველაფერი მალე თვითონვე ნახოთ და გაიზიაროთ – რამდენიმე ავიაკომპანია გეგმავს დიდი ბრიტანეთიდან საქართველოსკენ რეგულარული რეისების გახსნას. 2025 წელს British Airways (30 მარტიდან) და EasyJet (პირველი აპრილიდან), ლონდონიდან თბილისში.
საქართველოში სამოგზაუროდ ყველაზე კარგი დრო შემოდგომაა. მე კავკასიის ამ ლამაზ ქვეყანაში სექტემბრის ბოლოს ვიყავი, როცა ხეები დახუნძლული იყო ნაყოფით, ტემპერატურა კი 22 გრადუსს აღემატებოდა. და რაც მთავარია, ეს ის დროა, როცა საქართველოში ეროვნული მეღვინეობის კულტურის უნიკალური ასპექტი ვლინდება – რთველი, ყურძნის მოსავლის აღების დღესასწაული. რთველი კახეთში სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში იწყება, როცა ოჯახის წევრები, ნათესაობა ერთად იკრიბება ვენახში ყურძნის საკრეფად, რომლისგანაც ღვინოს ამზადებენ. რთველს თან ახლავს სიმღერები, ცეკვები და სუფრა-ქეიფი.
საკურორტო სპა-სასტუმრო და მარანი „ლოპოტას ტბა“, რომელიც კახეთის რეგიონში მდებარეობს, ყოველწლიურად ატარებს რთვლის ფესტივალებს, რომელშიც მონაწილეობა ყველა სტუმარს შეუძლია. სასტუმრო-რესტორნის კომპლექსი შედგება ტბის გარშემო მდგარი 16 ვილისაგან, რომელთაგან თითოეულში რამდენიმე ნომერია. დაკლაკნილ ბილიკებს, ბაღ-ბოსტნებთან ახლოს (სადაც ერთი კაცი უშველებელ კვახებს აგროვებდა), ღვინის მარნის ქვით აგებულ დარბაზთან მივყავართ…
რთველში მონაწილეობის მისაღებად წავედით ვენახში, სადაც წინასწარ იყო მომზადებული სეკატორები და დაწნული კალათები. მწიფე ქარვისფერი და ლალისფერი ყურძნით სავსე კალათები მივიტანეთ საწნახელთან, სადაც ვაზის ნაყოფის დაწურვა ხდებოდა, შემდგომი ფერმენტაციისა და დაღვინებისათვის.. შემდეგ ჩვენ დავსხედით მწვანე მინდორზე, სასტუმრო-რესტორან „ლოპოტას“ პერსონალი კი ღორის მიმზიდველად დაცვარული გემრიელი მწვადით, შემწვარი კვახით და ხილით გვიმასპინძლდებოდა. „ლოპოტა“ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა 9 საცურაო აუზით, სპა-სალონით, და 5 რესტორნით (ჯაზ-კლუბის ჩათვლით) და რეგიონში ერთ-ერთ ძვირად ღირებულს წარმოადგენს. თუმცა ამ ძვირფასი სასტუმროს ნომრის ღირებულება მხოლოდ 220 გირვანქა სტერლინგს შეადგენს ერთ ღამეში.
თქვენ რომ ანალოგიურ სასტუმროში სადღაც ბურგუნდიაში ან ტოსკანაში (იტალია) იცხოვროთ, ერთ ღამეში 350 და მეტ გირვანქა სტერლინგს დახარჯავთ. საქართველოში კი რთვლის დღესასწაულში მონაწილეობის დროს სასმელ-საჭმელი და გართობა-დასვენება უფასოა.
ასეთ სამოთხისებურ ადგილზე ყოფნისას ძნელი დასაჯერებელია, რომ კავკასიის მთების ძირში მდებარე კურორტ ლოპოტას მიღმა რუსეთი მდებარეობს. თუმცა ადგილობრივი მცხოვრებლები, მაგალითად, ნინო მამისაშვილი, ექსკურსიების გიდი, ოპტიმისტურად არის განწყობილი: „ჩვენ აქ რაიმე საფრთხეს არ ვგრძნობთ… საქართველოში ოდითგანვე ხდებოდა კონფლიქტები, ახლა კი სიმშვიდეა“.
საღამოს თბილისისაკენ რომ ვბრუნდებოდით, გზაში საკმაო დრო დავხარჯეთ, თუმცა სასიამოვნო მიზნისათვის – ჩვენმა ტუროპერატორმა Regent Holidays-მა დაგვათვალიერებინა საუკეთესო ადგილობრივი ვენახები და სადეგუსტაციო ღვინის მარნები, მაგალითად, კომპანია „შუმის“ მარანი, რომელიც პოპულარულია თავისი „მომღერალი შადრევნებით“ და მანათობელი გირლანდებით, რომლებიც ჯადოსნურ ატმოსფეროს ქმნიან.
დეგუსტაცია საფრანგეთში უფასოა, მაგრამ ძალიან ცოტას თუ გთავაზობენ იმ ანგარიშით, რომ რაღაცას მაინც შეიძენ. საქართველოში კი სულ რაღაც 10 გირვანქა სტერლინგად შეგიძლიათ რამდენიც გსურთ იმდენი დალიოთ, ყველა ჭურჭელი ღვინით შეავსოთ, რომელიც თან გაქვთ და წაიღოთ. პარალელურად მეღვინე უფასოდ გაგიმასპინძლდება ადგილობრივი გემრიელი საჭმელებით. პირადად მე ღვინოც დავაგემოვნე და საჭმელებიც მივირთვი.
„ჩვენ, ქართველებს, ასეთი ბრძნული გამოთქმა გვაქვს: „სტუმარი ღვთისაა“, – ამბობს ლალი ბალამწარაშვილი, Regent Holidays-ის გიდი, – სტუმართმოყვარეობა ყველა ქართველისათვის ბუნებრივი გრძნობაა“.
მე თამადა არ ვარ, მაგრამ ყველას გთავაზობთ შესვათ ქართული სტუმართმოყვარეობის სადღეგრძელო.
მოამზადა – სიმონ კილაძემ