ავსტრიის გაზეთ „კურიერში“ (Kurier – იბეჭდება ვენაში) გამოქვეყნებულია რეპორტაჟი საქართველოდან სათაურით „ევროკავშირი თუ რუსეთი? საქართველოში ანტისამთავრობო აქციები კრიტიკულ ფაზაში შედის“ (ავტორი – ტიმო ბუჰაუსი). პუბლიკაციაში მიმოხილულია თბილისში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები, მათი მიზეზები, მამოძრავებელი ძალები, აქციების მონაწილეთა თვალსაზრისები და ა.შ.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
თბილისში პარლამენტის წინ – იქ, სადაც რამდენიმე კვირის წინ ქუჩის შეტაკებები ხდებოდა პოლიციასა და მომიტინგეებს შორის – ახლა სიწყნარეა. ტურისტები შოთა რუსთაველის სახელობის გამზირზე მშვიდად, აუჩქარებლად დასეირნობენ, ყიდულობენ სუვენირებს და ნორმალური ვითარების სურათს ქმნიან. მაგრამ ვისაც მღელვარების ამსახველი მომენტის ნახვა სურს, საღამოს უნდა დაელოდოს – აქ თითქმის ყოველ საღამოს იკრიბებიან დემონსტრანტები, ხელში დროშები უჭირავთ და მოსასხამებს ატარებენ.
აი, პირველი მომიტინგეებიც გამოჩნდნენ. მათ ხელში მუყაოს ნაჭრებზე დახატული პლაკატები უჭირავთ, რომლებზეც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია გამოხატული. დემონსტრანტების რაოდენობა თანდათან მატულობს, მოდიან პოლიციელებიც, ისინი პარლამენტის პერიმეტრზე დგებიან. რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა წყდება. ქუჩის მოვაჭრეები დახლებს ხურავენ ან ასორტიმენტს ცვლიან – საქართველოს სახელმწიფო დროშები სუვენირების ნაცვლად.
პარლამენტის მთავარი შესასვლელი – მარმარილოს სვეტებს შორის – დაბლოკილია. ლითონისაგან დამზადებულ კარს მომიტინგეები ფეხებს ურტყამენ… მმართველი პოლიტიკური ელიტა კი კედელს მიღმაა მიმალული.
საპროტესტო აქციების გამომწვევი მიზეზები
ოფიციალური მონაცემებით, გასული წლის ოქტომბერში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პრორუსულმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების უმეტესობა მოიპოვა. ოპოზიციას ეჭვი შეაქვს „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში და თვლის, რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა.
არჩევნების შემდეგ, ნოემბრის ბოლოს, მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკებას წყვეტს ევროკავშირის წევრად მიღებისათვის და ეს იმის მიუხედავად, რომ მოსახლეობის 85%-ს ევროკავშირის წევრობა სურს.
თავდაპირველი საპროტესტო აქციები პოლიციამ მასობრივი ძალადობის გამოყენებით მეტ-ნაკლებად ჩაახშო. Amnesty International-ის შეფასებით, დაპატიმრებული იქნა საპროტესტო აქციების 460-მდე მონაწილე, რომლებსაც პოლიცია მკაცრად ექცეოდა. დეკემბრის შუა რიცხვებიდან ოპოზიციურმა აქციებმა შედარებით მშვიდი ხასიათი შეიძინა, ამიტომაც რუსთაველის გამზირზე აღარ დგანან პოლიციის სპეც ავტომობილები წყლის ჭავლისა და ცრემლმდენი გაზის გასაშვებად.
მთავრობის ახალი სტრატეგია
ადრინდელი სისტემატური ძალადობის ნაცვლად, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია საერთაშორისო მასმედიაში, საქართველოს მთავრობა ახალი ტაქტიკით სარგებლობს: დეკემბრის ბოლოს ხელისუფლებამ მკვეთრად გაადიდა ადმინისტრაციული ჯარიმები უნებართვო მიტინგებისა და კანონდარღვევებისათვის. ანუ ისინი, ვინც არასანქცირებულ საპროტესტო აქციას მიტინგისათვის აკრძალულ ადგილზე გამართავს, მათ 5200 ევროს გადახდა მოუწევთ – ეს თანხა ძალიან დიდია იმ ქვეყნის მოქალაქეებისათვის, სადაც ბევრი თვეში 400 ევროზე ნაკლებ ხელფასს ირებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ალექსანდრე ქავთარაძის თქმით, რა თქმა უნდა, არსებობენ ფონდები, რომლებიც აქციის მონაწილეებს ფინანსურად ეხმარებიან, მაგრამ ზოგჯერ მათთვისაც კი შეუძლებელია ასეთი თანხის გადახდა. მთავრობასაც სწორედ ეს უნდა, რომ მათ დაჯარიმებულების დახმარება ვერ შეძლონ.
იმედგაცრუება ექს-პრეზიდენტის მიმართ
ჯარიმებისა და სასამართლოში საქმის განხილვებისადმი შიში ბევრ მოქალაქეს აიძულებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობას თავი აარიდოს. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ საპროტესტო მოძრაობას გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს. იყო იმის იმედი, რომ [ყოფილი პრეზიდენტი] სალომე ზურაბიშვილი, ქვეყნის ახალ მეთაურად მიხეილ ყაველაშვილის არჩევამდე, ცენტრალურ როლს შეასრულებდა, „მაგრამ მისი დაპირების მიუხედავად, რომ იგი აქციის მონაწილეებს დაიცავდა, სალომე ზურაბიშვილმა ამ მხრივ ძალიან ცოტა რამ თუ გააკეთა“, – ამბობს აქტივისტი დავითი, თბილისის ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი. იგი მზად არის აქციაში მონაწილეობა გააგრძელოს, მაგრამ თვეების განმავლობაში მიმდინარე პროტესტებს თავის ნეგატიური მხარეც აქვს: „ჩვენ ყოველდღე დავდივართ აქციაზე, მაგრამ ვხედავთ, რომ ადამიანები უკვე დაიღალნენ, შედეგები არაფერია“.
მართლაც, მთავრობა თავის პოლიტიკას აგრძელებს: 30 იანვარს საქართველომ შეწყვიტა თანამშრომლობა ევროპის პარლამენტთან, რითაც ევროკავშირს კიდევ ერთი ნაბიჯით დაშორდა.
საპროტესტო აქციების გამოსაცოცხლებლად და ათეულ ათასობით ადამიანის მისაზიდად, დაღლილობის მიუხედავად, აქტივისტები ახალი მეთოდებს იყენებენ. მაგალითად, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის დღეს მათ პარლამენტის წინ სიმბოლურად ფეხბურთი ითამაშეს. პროფესორ ალექსანდრე ქავთარაძის თქმით, მოსახლეობის უმეტესობას ახალ პრეზიდენტზე დადებითი აზრი არ აქვს – „იმიტომ, რომ მას ოლიგარქის მარიონეტად თვლიან“.
დასავლეთის როლი
როგორც პროფესორი ამბობს, საქართველოს ხელისუფლება ძალიან ელოდებოდა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას. რადგანაც „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაცია არ აქვს, ქვეყნის ეკონომიკა კი დასავლეთზეა დამოკიდებული, ამიტომაც მმართველი პარტიის მიმართ გამოცხადებული სანქციები მნიშვნელოვანია. „მთავრობა თვლის, რომ აშშ, დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, საქართველოს იდეოლოგიური მოკავშირეა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან სცდება“, – აღნიშნავს ალექსანდრე ქავთარაძე.
ოდესღაც პროდასავლური, მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კრემლისადმი სულ უფრო მეგობრულად განწყობილი „ქართული ოცნება“, იმედოვნებს, რომ საერთაშორისო სიტუაცია მის სასარგებლოდ შეიცვლება
ამასთან, საპროტესტო აქციების მონაწილეები და ოპოზიციის წარმომადგენლები თვლიან, რომ აშშ უფრო მეტად მათი მოკავშირეა, ვიდრე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. ისინი საქართველოს დროშებთან ერთად, უკრაინის, ევროკავშირის და აშშ-ის დროშებსაც აფრიალებენ.
უკვე ახლავე ნათელია, რომ 2025 წელი საქართველოსთვის ძლიერი პოლიტიკური რყევების წელი იქნება: კავკასიის პატარა ქვეყნისათვის საბედისწერო ხდება დილემა: რუსეთი თუ ევროკავშირი?
ალექსანდრე ქავთარაძე თვლის, რომ საპროტესტო აქციები გადამწყვეტ სტადიაში შედის: „შესაძლოა წარმატების მიღწევას იმაზე მეტი დრო დაჭირდეს, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობთ, მაგრამ ამ საკითხში დათმობა ნიშნავს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ ჩვენს სამომავლო იმედებზე თავისუფალ და დემოკრატიული საქართველოს მიმართ… ეს ვარიანტი არავისთვის მისაღები არ უნდა იყოს“.