ჩემთვის უცნობია რა მტკიცებულებები არსებობს საქმეში – თავად პოლიციამ მისცა გზის გადაკვეთის, გზაზე გავლის ნებართვა – დიმიტრი ბიძინაშვილის ადვოკატი

19
spot_img

დაცვის მხარეს გვაქვს მტკიცებულებები, რომ თავად პოლიციამ მისცა გზის გადაკვეთის, გზაზე გავლის ნებართვა, – ამის შესახებ „თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ საპროტესტო აქციაზე, სისხლის სამართლის წესით, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დაკავებული დიმიტრი ბიძინაშვილის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, საათ-ნახევარზე მეტია ადვოკატებს არ ეძლევათ დიმიტრი ბიძინაშვილთან შეხვედრისა და საქმის მასალებთან წვდომის საშუალება.

„დაახლოებით საათნახევარზე მეტია არ გვეძლევა შეხვედრის საშუალება, არ გვეძლევა საქმის მასალებთან წვდომის საშუალება. შესაბამისად ჩემთვის უცნობია რა მტკიცებულებები არსებობს საქმეში. თუმცა ჩვენ, დაცვის მხარეს გვაქვს მტკიცებულებები, რომ თავად პოლიციამ მისცა გზის გადაკვეთის, გზაზე გავლის ნებართვა. ეს გავიდა მათ შორის ტელეეთერებში და ჩვენ ამას დავამატებთ აუცილებლად საქმეზე“, – განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.

„თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ აქციაზე დაკავებული პირებიდან 8 მომიტინგეს ბრალდება შეეცვალა. გამოძიება ამჯერად მათ სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს, კონკრეტულად კი – სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულებს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მათივე განცხადებით, საავტომობილო გზის ბლოკირებაში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.