საბედნიეროდ, ამ რთულ პერიოდში სახელმწიფო და ხალხი ერთად დგას ქვეყნის სადარაჯოზე – მიხეილ ყაველაშვილი

3
spot_img

საბედნიეროდ, ამ რთულ პერიოდში ჩვენი სახელმწიფო და ქართველი ხალხი ერთსულოვანია და ერთად დგას საკუთარი ქვეყნის სადარაჯოზე, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

პრეზიდენტის თქმით, ქართველი ხალხი დღეს სახელმწიფოებრიობის გამოცდის მნიშვნელოვან ეტაპს გადის.

„ჩვენი სამშობლო და ქართველი ხალხი დღეს სახელმწიფოებრიობის გამოცდის მნიშვნელოვან ეტაპს გადის. მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება, მდიდარი ისტორია, კულტურა, ქართველი ერის ღირსება და მტკიცე ხასიათი ის ფუნდამენტური ღირებულებებია, რომელიც საქართველოს წინ ანთებული ლამპარივით მიუძღვის ამ რთულ და სახიფათო გზაზე. ჩვენი წინაპრების გამოცდილებამ გვასწავლა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს შეუპოვრობასა და უსამართლობასთან ბრძოლას; უფლის, სამშობლოსა და საკუთარი თავის რწმენას. ჩვენი პატარა, თუმცა ამაყი ერი სწორედ ამ პრინციპების დაცვამ გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე, თანაც ისე, რომ შეინარჩუნა საკუთარი ენა, დამწერლობა, კულტურა, სარწმუნოება, ადათ-წესები და იდენტობა, მაშინ როდესაც, საქართველოს დამპყრობელი არაერთი უძლიერესი ერი დაინგრა და განადგურდა. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ქართველებმა, ზუსტად ვიცით, რა პრინციპებისა და ღირებულებების დაცვა გვევალება, რას უნდა მოვუფრთხილდეთ და საბოლოოდ როგორი საქართველო ავაშენოთ. საბედნიეროდ, ამ რთულ პერიოდში ჩვენი სახელმწიფო და ქართველი ხალხი ერთსულოვანია და ერთად დგას საკუთარი ქვეყნის სადარაჯოზე. განსხვავებულობის მიუხედავად, ერთმანეთის გვერდში დგომით, მტკიცედ იცავს საკუთარ სამშობლოს, როგორც ერთიან, დიდ ოჯახს რომელსაც საქართველო ჰქვია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.