25 ადამიანი მოვინახულეთ და აქედან 22 მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, რაც საგანგაშოა – დღემდე არის სიტუაცია, როცა ჩვენი მოქალაქეები არიან დაზიანებულები, მაგრამ არცერთი სამართალდამცავი არ არის მხილებული უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით , – ამის შესადებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, დიღმის იზოლატორში დაკავებული პირების მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ფაქტი სახალხო დამცველს შესწავლილი აქვს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან გადაგზავნილია შესაბამისი დოკუმენტაცია. სახალხო დამცველი უწყებას გამოძიების დაწყებისკენ და ყველა სამართალდამცავის, რომელმაც უფლებამოსილებას გადაამეტა, პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდებს.
“მე და ჩემმა წარმომადგენლებმა ყველა დაკავებული მოვინახულეთ, რომლებიც იმყოფებიან, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში და სადაც ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას. შევადგინეთ სპეციალური დოკუმენტაცია და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადავუგზავნეთ. აქაც, დიღმის იზოლატორში ვინც კი ვნახე დაკავებული, ერთის გარდა, ყველა ძალის გადამეტებაზე და არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს. რამდენიმე მათგანს აღენიშნებოდა სახეზე ფიზიკური ძალადობის კვალი. სამწუხაროდ ისე, როგორც წინა აქციების დროს ვნახეთ, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება, იქცა ჩვეულ ამბად. 25 ადამიანი მოვინახულეთ და აქედან 22 მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, რაც საგანგაშოა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვინც ჩაიდინა სავარაუდო დანაშაული, ყველანი პასუხისგებაში იყვნენ მიცემულები. დღემდე არის სიტუაცია, როცა ჩვენი მოქალაქეები არიან დაზიანებულები, მათ შორის ინგოროყვას კლინიკაში არიან მოთავსებულები, მაგრამ არცერთი სამართალდამცავი არ არის მხილებული უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით.
ჩვენთვის გარდა დაკავებულების წარმომადგენლებისა არავის მოუმართავს, თუმცა ვნახე კადრები, სადაც მოქალაქეების მიმართ შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმოდა, რაც მიუღებელია საკუთარი მოქალაქეების მიმართ და შსს-ს მოვუწოდებ, დაიწყოს მოკვლევა და გამოავლინოს ყველა ის პირი, რომლებიც მოქალაქეებს ასე მიმართავდა.
სახალხო დამცველის ფუნქციაა, რომ ყველა ფაქტზე, სადაც ადგილი აქვს ადამიანია უფლებების დარღვევას განცხადება გააკეთოს და დროული გამოძიება მოითხოვოს. ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით, სადაც დაინდიტიფიცირებულია პოლიციელის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტი, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან მიმართული გვაქვს. საგამოძიებო სამსახური და კანონმდებლობა იმიტომ გვაქვს, რომ ნებისმიერი მაღალი თანამდებობის პირის მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები იქნეს გამოძიებული. მე აღმასრულებელი მანდატი არ მაქვს, აღმასრულებელი მანდატი აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელმაც ამ ყველაფერს პასუხი უნდა გასცეს და მე მეტი კომპეტენცია არ მაქვს. ჩემი ბერკეტია, რომ ყველა ფაქტი, რომელსაც ვაფასებთ ხვდება, ომბუდსმენის წლიურ ანგარიშში, რომელიც მნიშვნელოვანი დოკუმენტია და რომელსაც ყველა საქართველოს პარტნიორი კითხულობს და ამით აფასებენ საქართველოში არსებულ ვითარებას.
ასევე, შემაშფოთებელია, როცა მედიის თანამშრომლებზე ხდება ძალადობა და მათ არ ეძლევათ საშუალება უსაფრთხო გარემოში განახორციელონ საქმიანობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ყველა ფაქტი დროულად გამოიძიოს და ყველა პირი მისცეს პასუხისგებაში”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.