ევროპაში „თურქული ნაკადით“ რუსული გაზის მიწოდება რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა. ინფორმაციას რუსული მედია გაზის სატრანსპორტო სისტემების ოპერატორთა ევროპული ქსელის (ENTSOG) მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში ევროპისთვის გაზის მიწოდება გასული წლის იანვართან შედარებით 26.7 პროცენტით მეტი იყო, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ლურჯი საწვავის ექსპორტი პუნქტით, რომელიც მდებარეობს ბულგარეთ-თურქეთის საზღვართან, პირველი იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით შეადგენდა 1.56 მილიარდ კუბურ მეტრს, ან საშუალოდ 50.3 მილიონ კუბურ მეტრს დღეში.
რუსული მედიის ცნობით, წინა მაქსიმუმი მიღწეულ იქნა ერთი თვით ადრე. მაშინ, რუსული ლურჯი საწვავის ექსპორტმა ევროპაში თურქული დერეფნის მეშვეობით შეადგინა თითქმის 1.53 მილიარდი კუბური მეტრი, ან საშუალოდ 49.35 მილიონი კუბური მეტრი დღეში.
შეთანხმება უკრაინის მეშვეობით ევროპაში რუსული გაზის მიწოდების შესახებ 31 დეკემბერს ამოიწურა. უკრაინის ხელისუფლებამ უარყო ამ შეთანხმების გახანგრძლივების შესაძლებლობა. შედეგად, „გაზპრომმა” პირველ იანვარს შეწყვიტა მიწოდება. ახლა ევროპელებისთვის რუსული მილსადენის გაზის ერთადერთი წყაროა „ბალკანეთის ნაკადი”, რომელიც საწვავს იღებს „თურქული ნაკადიდან“. ამ მარშრუტით ყოველწლიურად ევროპას დაახლოებით 14-15 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება რუსეთიდან.