შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით და 226-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველები თბილისის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს. მათ შორის, საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ხორციელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების პირადი და სახლების ჩხრეკა“, – აცხადებენ შსს-ში.
მანამდე ჯგუფ „დაიტოვეს“ წევრებმა სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელეს, რომ მათ საცხოვრებელ სახლებში სამართალდამცველები ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ. ამ დროისათვის ჩხრეკა მიმდინარეობს ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებლის, ნენსი ვოლანდის საცხოვრებელ ბინაში. პოლიცია ნენსი ვოლანდის ბინაში დაახლოებით ერთი საათის წინ მივიდა. ჩხრეკას ადვოკატი შოთა თუთბერიძე ესწრება.