ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროპული ბიუროკრატია საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. ეს ეხება, როგორც ბრიუსელს, ასევე სტრასბურგს. ამის მორიგი გამოხატულებაა ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს ვიხილეთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც შეაფასა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიერ მიღებული რეზოლუცია.
კობახიძის თქმით, რეზოლუცია ქვეყნისთვის საერთო ვითარებას ვერ შეცვლის.
„უსამართლობაზე უფრო მეტად იყო აბსურდული გადაწყვეტილება. ასეთი რამ გააკეთეს: დაამტკიცეს ჩვენი დელეგაცია, რითაც არჩევნების შედეგები აღიარეს და იქვე განაცხადეს, რომ თუ აპრილამდე არ ჩატარდება არჩევნები, გააუქმებენ დელეგაციას ჩვენი ქვეყნიდან. ანუ გამოდის, რომ არჩევნებს აღიარებენ, მაგრამ მაინც უნდათ არჩევნების ჩატარება. რატომ? – იმიტომ, რომ წააგო ვიღაცის ფავორიტმა პოლიტიკურმა ძალამ, რასაც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. ასეთი აბსურდული გადაწყვეტილება აჩვენებს იმას, რომ ევროპულ ბიუროკრატიაში მძიმე ვითარებაა. თუმცა, საბოლოო ჯამში ეს ვერ ცვლის საერთო ვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა კობახიძემ “იმედი ლაივში”.